Thumbnail

კვერკველიას წითელი ბარათი – ქართველმა მცველმა ლოკომოტივს 3 ქულა შეუნარჩუნა

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • საბა კვერკველია ახმატთან მატჩის მიწურულს გააძევეს
  • ქართველმა მცველმა გუნდი აშკარა გოლისგან იხსნა

რუსეთის პრემიერლიგის 21-ე ტურში მე-2 ქართველი ფეხბურთელი გააძევეს. ამჯერად, წითელი ბარათი საბა კვერკველიამ მიიღო, თუმცა, ხვიჩა კვარაცხელიასგან განსხვავებით, მისმა გუნდმა გამარჯვება იზეიმა.

საბოლოო ჯამში, ისე გამოვიდა, რომ ახმატთან მატჩის ერთ-ერთი გმირი სწორედ ქართველი მცველი გახდა, რომელიც სასტარტო შემადგენლობაში გამოჩნდა, მინდორი კი 84-ე წუთზე დაატოვებინეს.

მოსკოველები 1:0-ს იგებდნენ, როდესაც გროზნოელებმა სახიფათო შეტევა წამოიწყეს, ბურთი ხარიხას მოხვდა, დამატებაზე კი ბურთს კვერკველია გადაეღობა და გუნდი აშკარა გოლისგან იხსნა.

განმეორებაზე გამოჩნდა, რომ ბურთი ჩვენებურს ჯერ ფეხზე მოხვდა და მხოლოდ შემდეგ ხელზე, თუმცა, არბიტრმა მას წითელი ბარათი უჩვენა და პენალტიც დანიშნა.

ლოკომოტიველთა საბედნიეროდ, მეკარე გილიერმემ 11-მეტრიანის მოგერიება მოახერხა და 3 ქულა მასპინძლებს დარჩათ.

კვერკველიას გუნდმა 38 ქულა მოაგროვა და მე-2 ადგილზე გადაინაცვლა, მომდევნო მატჩს კი 15 მარტს, სტუმრად, როსტოვთან ჩაატარებს.

კომენტარები

ბოლო ამბები