Thumbnail

წინა სეზონში დინამო თბილისისა და დინამო ბათუმის მატჩები ყველაზე მნიშვნელოვანი იყო, ახლა კი, ფავორიტები ერთმანეთს უკვე მეორე ტურში დაუპირისპირდნენ. პირველ ტურში ორივე გუნდმა დაკარგა ქულები, ორივემ 0:0 ითამაშა. 'დინამო არენაზე' მათი დაპირისპირება 1:1 დასრულდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ორივე დინამოს 2-2 ქულა აქვს. 2 ტურის შემდეგ, საქართველოს ჩემპიონატს თბილისის ლოკომოტივი ლიდერობს, რომელმაც ორივე მატჩი მოიგო და 6 ქულა აქვს. მეორე-მესამე ადგილებს 4-4 ქულით გორის დილა და საბურთალო იყოფენ.

გამოკითხვა

ვინ გახდება საქართველოს ჩემპიონი?

  • დინამო ბათუმი
  • დინამო თბილისი
  • საბურთალო
  • ტორპედო
  • ლოკომოტივი
  • სხვა გუნდი

დინამო ბათუმს ცენტრალური მატჩის წინ ორი უმნიშვნელოვანესი ფეხბურთელი დაუშავდა, რის გამოც აჭარული კლუბის მთავარი მწვრთნელი გია გეგუჩაძე იძულებული გახდა, ძირითადი შემადგენლობა შეეცვალა. ფლამარიონ ჯოვინოს ნაცვლად, სასტარტო შემადგენლობაში გიული მანჯგალაძე ვიხილეთ, ხოლო მამუკა კობახიძე კი, დაცვის ცენტრში, ახალწვეულმა გოდფრი ობოაბონამ შეცვალა. ეს ნიგერიელი მცველისთვის კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში სადებიუტო მატჩი გამოვიდა.

ბათუმელთა ახალწვეულ გოდფრი ობოაბონას კარგი დებიუტი გამოუვიდა

თელავთან მოულოდნელი 0:0-ის შემდეგ, ძირითადი შემადგენლობა დინამო თბილისის მთავარმა მწვრთნელმა, კახა ჩხეტიანმაც შეცვალა: იაშვილის, ქარდავას, ქიმაძის და ახვლედიანის ნაცვლად, სასტარტოში ივან ტრუბოჩკინი, აკაკი შულაია, ნიკა ნინუა და ირაკლი ბუღრიძე გამოჩდნენ. ეს უკანასკნელი ფაქტობრივად ცენტრფორვარდის პოზიციაზე თამაშობდა.

გუნდებმა თამაში ფრთხილად დაიწყეს, რაც მოსალოდნელიც იყო - არცერთ ფავორიტს არ სურდა გარისკვა. ბურთის ფლობის მხრივ დინამო თბილისის უპირატესობა დაახლოებით მე-15 წუთიდან გამოიკვეთა და პირველი მომენტიც სწორედ მე-15 წუთზე შეიქმნა, როცა თბილისელთა მარჯვენა მცველის, ივან ტრუბოჩკინის პასის შემდეგ, აკაკი შულაიამ სახიფათოდ, თუმცა არაზუსტად დაარტყა.

21-ე წუთზე ბუღრიძეს შეეძლო ანგარიშის გახსნა - კობოურის კარგი ჩაწოდების შემდეგ, დინამო ბათუმის ცენტრალურ მცველებს დინამოელთა შემტევი გაეპარათ, მაგრამ მისი თავური დარტყმის შემდეგ ბურთი კარს ასცდა. ბუღრიძეს ზუსტად დარტყმა რომ მოეხერხებინა, ალავიძეს ამ ბურთის მოგერიება ძალიან გაუჭირდებოდა.

ირაკლი ბუღრიძის მომენტი

ბუღრიძის მომენტი ბათუმელთა კართან

27-ე წუთზე ლუკა ლოჩოშვილს შეექმნა მომენტი - ნინუას საჯარიმო ჩაწოდების შემდეგ, დინამო თბილისის ცენტრალური მცველი ეფექტური გოლის გატანას ცდილობდა, მაგრამ ბურთი მცირე მანძილით ასცდა ალავიძის კარს.

32-ე წუთზე ბათუმელებსაც შეექმნათ მომენტი: მათე ცინცაძის ჩაწოდების შემდეგ, დვალიშვილი ცდილობდა გატანას - თავით დაარტყა, მაგრამ კვასხვაძე ბურთს ადგილზე დახვდა.

აღსანიშნავია, რომ პირველი ტაიმის მიწურულს ბურთის ფლობის უპირატესობა უკვე დინამო ბათუმს ჰქონდა, თუმცა გეგუჩაძის გუნდმა რეალური საგოლე მომენტის შექმნა ვერ მოახერხეს. გამოსარჩევი მხოლოდ მამუჩაშვილის შორეული დარტყმები იყო. სამაგიეროდ, დინამო თბილისმა შექმნა მომენტი: ორშულას თავურ დარტყმას ალავიძე ადვილად გაუმკლავდა.

ლადო დვალიშვილის მომენტი პირველი ტაიმის ბოლოს

მეორე ტაიმის დასაწყისში დინამო ბათუმი დაწინაურდა! შედეგიან შეტევაში დიდი წვლილი მიუძღვის მათე ცინცაძეს, რომლის შესანიშნავი პასის შემდეგ, გიორგი ნავალოვსკიმ მარცხენა ფლანგიდან ასევე კარგად ჩააწოდა, ვაგნერის დარტყმა კვასხვაძემ ეფექტური ნახტომით მოიგერია, მაგრამ დამატებაზე ჯიღაურმა ყველას დაასწრო და ანგარიში გახსნა.

0:1 ჯიღაური (50)

ასე გახსნა ანგარიში ჯიღაურმა

გოლის შემდეგ თამაში გაიხსნა და მალევე, ბათუმელთა კარში თერთმეტმეტრიანი დაინიშნა - შულაიას ჩაწოდების შემდეგ, მამუჩაშვილს ბურთი საჯარიმოში ხელზე მოხვდა და მსაჯის გადაწყვეტილება არც გაუპროტესტებია. პენალტი ნინუამ ზუსტად შეასრულა.

1:1 ნინუა (55-პენ)

ნინუას ზუსტი თერთმეტმეტრიანი

პირველი ცვლილებები გეგუჩაძემ განახორციელა: მან ჯერ ტეიდი ჩართო თამაშში (ცინცაძის ნაცვლად), მერე კი საბანაძე (დვალიშვილის ნაცვლად). დინამო თბილისის შემადგენლობაში ზარია გამოჩნდა, რომელმაც საკმაოდ ინერტული ორშულა შეცვალა.

72-ე წუთზე დინამო თბილისი გადარჩა! მანჯგალაძის თავური დარტყმა კვასხვაძემ მოიგერია, ჯიღაურმა დამატებაზე ისევ ყველას დაასწრო, თუმცა ააცილა.

დარჩენილ დროში ორივე გუნდი ცდილობდა გატანას, თუმცა ზედმეტი რისკის გარეშე. შტურმის მოწყობა არცერთს უცდია. საბოლოოდ, ფრე 1:1 და დინამო თბილისს და დინამო ბათუმს მოგება მეორე ტურის შემდეგაც არ აქვთ.

📺 ვიდეო: მატჩის მიმოხილვა

დინამო თბილისი 1:1 დინამო ბათუმი

გოლები: 0:1 ჯიღაური (50), 1:1 ნინუა (55-პენ)

დინამო თბილისი (4-3-3): კვასხვაძე - ტრუბოჩკინი, ბენიო, ლოჩოშვილი, კობოური (72. იაშვილი) - კუცია, პაპავა, ნინუა - შულაია (78. აზაროვი), ბუღრიძე, ორშულა (67. ზარია).

დინამო ბათუმი (4-2-3-1): ალავიძე - გეგეჭკორი, ობოაბონა, გაგოშიძე, ნავალოვსკი - მამუჩაშვილი, ცინცაძე (62. ტეიდი) - ვაგნერი, ჯიღაური, მანჯგალაძე (89. თევდორაძე) - დვალიშვილი (67. საბანაძე).

 

კომენტარები

ბოლო ამბები