Thumbnail
  • სანდრო მამუკელაშვილმა 7 ქულა და 12 მოხსნა მოაგროვა
  • სეტონ ჰოლს 13 მარტიდან საპლეიოფო მატჩები ელის

სანდრო მამუკელაშვილის სეტონ ჰოლმა NCAA-ს ბიგ ისტის ბოლო საკონფერენციო მატჩში კრეიტონთან სტუმრად 60:77 წააგო და რეგულარული სეზონის ლიდერობა დაკარგა.

სეტონ ჰოლი პირველობასთან ძალიან ახლოს იყო და ამისთვის, დასკვნითი 2 მატჩიდან ერთის მოგებაც ჰყოფნიდა, თუმცა, ჯერ ვილანოვასთან დამარცხდა, შემდეგ კი, კრეიტონთან.

შედეგად, ხსენებულ სამ გუნდს ერთნაირი მაჩვენებელი (13 მოგება, 5 მარცხი) აღმოაჩნდა, დამატებითი მაჩვენებლებით კი, ადგილები ასე განაწილდა: 1. კრეიტონი, 2. ვილანოვა, 3. სეტონ ჰოლი.

გასულ შეხვედრაში მამუკელაშვილმა მოედანზე 35 წუთი გაატარა და 7 ქულა, 12 მოხსნა (3 შეტევაში) და 2 პასი მიითვალა.

სანდრომ 7-დან 2 ორქულიანი და 3-დან 1 სამქულიანი ჩააგდო, ბურთი ერთხელ დაკარგა და 3 პერსონალური ფოლი მიიღო.

აღსანიშნავია, რომ უმეტესი დროის განმავლობაში, თამაში ქულა-ქულაში მიდიოდა, თუმცა, 18 ათასი ქომაგის მიერ შეგულიანებულმა კრეიტონელებმა დასკვნითი წუთები 21:6 მოიგეს და მატჩის ბედი სათავისოდ გადაწყვიტეს.

თამაშის ბოლოსკენ მოედანზე ვითარება მცირედით დაიძაბა. ქართველი კალათბურთელი დემიენ ჯეფერსონის გამომწვევმა საქციელმა წყობიდან გამოიყვანა და მას თავი თავზე მიადო.

მდგომარეობის განმუხტვა თანაგუნდელებმა მოახერხეს, რომელთაც მეტოქეები გააშველეს, მსაჯებმა კი ქართველიცა და ამერიკელიც ტექნიკური ფოლებით დასაჯეს.

უკვე ცნობილია, რომ კონფერენციაში მე-3 პოზიციაზე გასული სეტონ ჰოლი ბიგ ისთის კონფერენციის მეოთხედფინალში მეექვსეადგილოსან მარკეტს ეთამაშება, წარმატების შემთხვევაში კი, სავარაუდოდ, ხსენებული ვილანოვა ელის.

მამუკელაშვილის გუნდი მომდევნო შეხვედრას 13 მარტს შინ ჩაატარებს.

კომენტარები

ბოლო ამბები