Thumbnail
  • ბარნლისთან 1:1-ის შემდეგ ჟოზე მოურინიომ ნდომბელე გააკრიტიკა
  • მიუხედავად პრობლემების, ტოტენჰემი ლაიპციგთან ბოლომდე იბრძოლებს

ბარნლისთან ფრის (1:1) შემდეგ, ტოტენჰემის მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ ნახევარმცველი ტანგი ნდომბელე, რბილად რომ ვთქვათ, მკაცრად გააკრიტიკა. უფრო სწორი იქნება, თუ ვიტყვით, რომ ჟოზემ წარუმატებლობა მთლიანად სპურსის სარეკორდო შენაძენს დააბრალა.

“პირველ ტაიმში ნახევარდაცვა არ გვყავდა, - განაცხადა მოურინიომ, რომელმაც ნდომბელე პირველი ტაიმის შემდეგ შეცვალა - ვფიქრობ, ტაქტიკაზე უფრო მნიშვნელოვანი ის არის, რომ ნახევარდაცვაში გყავდეს ფეხბურთელები, რომლებსაც ბურთის მოპოვება და მიღება სურთ. ფეხბურთელები, რომლებიც პრესინგში შევლენ და ბურთის მოპოვება შეეძლებათ. ნახევარდაცვაში უნდა გყავდეს ფეხბურთელები, რომლებიც ორთაბრძოლებს მოიგებენ. ჩვენ ასეთი არ გვყავდა.”

შეგახსენებთ, რომ ტოტენჰემმა ნდომბელე სეზონის წინ ლიონიდან 60 მილიონ ევროდ შეიძინა და ეს ფეხბურთელი სპურსის ისტორიაში ყველა დროის ყველაზე ძვირადღირებული შენაძენია. 

ტოტენჰემის ნახევარდაცვის ცენტრში, 23 წლის ნდომბელესთან ერთად 19 წლის ოლივერ სკიპიც თამაშობდა. მოურინიომ დააკონკრეტა, რომ კრიტიკაში ამ უკანასკნელს არ გულისხმობს: “ცხადია, სკიპზე არ ვლაპარაკობ. ის 19 წლის ბავშვია. მე მას საერთოდ არ ვაკრიტიკებ.” მოურინიოს ეს განმარტება იმის გამო დასჭირდა, რომ შესვენების შემდეგ მან ნდობელესთან ერთად სკიპიც შეცვალა.

ბარნლისთან ანგარიში დელე ალიმ პენალტით გაათანაბრა

“ჩემი კრიტიკა მხოლოდ ნდომბელეს ეხება. ვფიქრობ, მას საკმარისი დრო ჰქონდა იმისათვის, რომ სხვა დონეზე იყოს. ვიცი, რომ პრემიერლიგაში თამაში რთულია და ახალ ფეხბურთელებს შესაჩვევად ბევრი დრო სჭირდებათ, მაგრამ ნდომბელეს ისეთი პოტენციალი აქვს, რომ მისგან მეტი უნდა მოდიოდეს,” - დასძინა მოურინიომ. 

სამშაბათს ტოტენჰემს ჩემპიონთა ლიგის საპასუხი მატჩი ელის გერმანულ ლაიპციგთან, რის გამოც მოურინიოს ბარნლისთან რამდენიმე წამყვანი მოთამაშის დასვენება სურდა. შეგახსენებთ, რომ პირველი მატჩი ტოტენჰემმა ლაიპციგთან შინ 0:1 წააგო. 

“ლაიპციგთან მხოლოდ ორ ვარიანტს განვიხილავ: ან მოვიგებთ, ანაც წავაგებთ, მაგრამ გავარდებით ყველაფრით, რაც გვაქვს. დაღლილები ვართ თუ დამტვრეულები, ბოლომდე ვიბრძოლებთ.” - განაცხადა მოურინიომ და უკვე ცხადია, რომ ნდომბელეს ლაიპციგთან არანაირი როლი არ ექნება...

კომენტარები

ბოლო ამბები