Thumbnail

ჰარუ ბაშო | ტოჩინოშინის წარუმატებელი სტარტი ცარიელ დარბაზში

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • ლევან გორგაძემ სადანოუმისთან იორიკირით წააგო
  • ქართველ სუმოისტს ელიტაში დარჩენისთვის ბრძოლა უწევს

იაპონიის ქალაქ ოსაკაში დაიწყო 2020 წლის მე-2 სუპერტურნირი, რომელიც 1945 წლის შემდეგ პირველად, უმაყურებლოდ მიმდინარეობს. ცხადია, მიზეზი ამჯერადაც კორონავირუსია, რომელიც იაპონიაშიც ფართოდაა გავრცელებული.

ჰარუ ბაშოზე წარუმატებელი სტარტი აიღო ტოჩინინოშინის შიკონათი ცნობილმა ლევან გორგაძემ, რომელიც ოსაკას შეჯიბრს დასავლეთის მე-9 მაეგაშირას სტატუსით შეხვდა.

ყოფილი ოძეკი, რომლისთვისაც ეს კარიერაში 84-ე ბაშოა, აღმოსავლეთის მე-10 მაეგაშირას წოდების მქონე სადანოუმის შეხვდა და თითქოს სასურველი ჩავლებაც ჰქონდა აღებული, თუმცა, იაპონელმა კონტრიერიში განახორციელა და ქართველი მეტოქე დოჰიოდან იორიკირით გაიყვანა.

ცნობილია, რომ ჰარუ ბაშოს მე-2 დღეს ტოჩინოშინის მოწინააღმდეგე აღმოსავლეთის მე-8 მაეგაშირა ჩიოტაირიუ იქნება, რომელსაც ჩვენებური ურთიერთშეხვედრებში 8:2-ს უგებს.

ჰარუ ბაშო მაყურებლების გარეშე დაიწყო

სხვა შემთხვევაში, გორგაძე აღნიშნულ მეტოქესთან უდავო ფავორიტი იქნებოდა, თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ ტრავმა ისევ აწუხებს, გარანტირებული არც ხვალინდელი შერკინებაში გამარჯვება აქვს.

📺 ვიდეო: ლევან გორგაძემ სადანოუმისთან იორიკირით წააგო

შეგახსენებთ, რომ ქართველმა სუმოისტმა იანვრის ბაშოზე მხოლოდ 5 გამარჯვება იზეიმა, დადებითი ბალანსით კი, ტურნირი 2019 წლის მაისის შემდეგ არ დაუსრულებია (0-15 - ივლისში, 6-9 სექტემბერში, 2-13 ნოემბერში, 5-10 იანვარში).

შედეგად, ტოჩინოშინმა მეორედ მოპოვებული ოძეკის რანგიც დაკარგა და რიგით მაეგაშირებშიც საკმაოდ დაქვეითდა. ახლა, ლევანმა დაახლოებით 5 ორთაბრძოლა მაინც თუ არ მოიგო, შესაძლოა, ელიტიდან ანუ მაკუუჩი დივიზიონიდანაც გავარდეს.

კომენტარები

ბოლო ამბები