Thumbnail

პარიზში საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა რაგბი ევროპის 2020 წლის გათამაშების მე-4 ტურის მატჩი გამართა - პორტუგალიას დაუპირისპირდა და 39:24 დაამარცხა და რაგბი ევროპის ჩემპიონი მე-12-ედ გახდა.

ამავე ტურში რუსეთის ნაკრებმა რუმინეთი 32:25 დაამარცხა, ხოლო ესპანეთმა სტუმრად მოუგო ბელგიას - 30:23.  4 ტურის შემდეგ საქართველოს ნაკრები 19 ქულით ლიდერობს, ესპანეთსა და პორტუგალიას 9-9 ქულა აქვთ. ჩვენი ნაკრების მომდევნო მეტოქე რუსეთი 8 ქულით მე-4 ადგილზეა, შემდეგ მოდის ბელგია (7) და რუმინეთი (5). 

ბოლო ტურში საქართველოს ნაკრები რუსეთის გუნდს 14 მარტს თბილისში უმასპინძლებს. 

მე-4 წუთზე ქართველებმა დერეფანი მოიგეს, მოლით შეუტიეს და შალვა მამუკაშვილმა თამაშის პირველი ლელო გაიტანა, რომელიც სოსო მათიაშვილმა გარდასახა - 0:7. მე-7 წუთზე პორტუგალიელებმა პასი ჩაჭრეს, კარგი კომბინაცია წამოიწყეს, რომელიც კარდოზო პინტუმ ლელოთი დაასრულა, დანი ანტუნეშმა გარდასახა - 7:7. 

მარჯვენა ფრთაზე დემე თაფლაძემ და ბექა გორგაძემ შესანიშნავი კომბინაცია გაითამაშეს, რომელიც ბექამ ლელოთი დაასრულა. მათიაშვილმა ვერ გაიტანა გარდასახვა - 7:12. 23-ე წუთზე პორტუგალიელებმა კიდევ ერთხელ ჩაჭრეს "ბორჯღალოსნების" პასი, ეს დანი ანტუნეშმა გააკეთა, იოლი გარდასახვაც მანვე გაიტანა - 14:12. 

35-ე წუთზე ლაშა ხმალაძემ მარცხენა ფრთაზე პასი დავით კაჭარავას გაუჭრა და ვეტერანმაც მორიგი ლელო გაიტანა ნაკრების მაისურით. მათიაშვილმა ვერ გარდასახა და ტაიმიც ასე დასრულდა- 14:17.

42-ე წუთზე ბატიშტამ ქართველთა ხაზი გაჭრა და ლელო ბელუმ ლელო გაიტანა. ანტუნეშმა გარდასახა - 21:17. 46-ე წუთზე ანტუნეშმა ხელსაყრელი პოზიციიდან ააცილა საჯარიმო და პორტუგალიამ კიდევ უფრო დაწინაურების შანსი ხელიდან გაუშვა. 

57-ე წუთზე საქართველოს ნაკრები ბექა საღინაძის ლელოთი ერთი ქულით გავიდა წინ, ლელო მარცხენა ფლანგიდან გავიტანეთ, გელა აფრასიძემ გარდასახვისას ბურთი ძელს გაარტყა - 21:22. პორტუგალიის ნაკრებმა მალევე დაიბრუნა ლიდერობა, საჯარიმო დარტყმის შემდეგ - 24:22.

"ბორჯღალოსნებმა" მეტოქე მხოლოდ ამის შემდეგ გატეხეს, ჯერ საჯარიმო ლელო გაიტანეს, შემდეგ კონტრშეტევაზე მათიაშვილმა დემე თაფლაძემ ლელო გაიტანა, აფრასიძე კვლავ არაზუსტი იყო - 24:32. 74-ე წუთზე სოსო მათიაშვილმა ფეხით გაიგდო წინ ბურთი და ლელოც გაიტანა - აფრასიძემ გაიტანა - 24:39.

პორტუგალია 24:39 საქართველო

საქართველო: 15. სოსო მათიაშვილი, 14. დემე თაფლაძე, 13. დავით კაჭარავა, 12. ლაშა მალაღურაძე, 11. ალექსანდრე თოდუა, 10. ლაშა ხმალაძე, 9. გიორგი ბეგაძე;
1. გიორგი თეთრაშვილი, 2. შალვა მამუკაშვილი, 3. ლევან ჩილაჩავა, 4. ლაშა ჯაიანი, 5. დავით გიგაური, 6. ბექა საღინაძე, 7. გიორგი თხილაიშვილი, 8. ბექა გორგაძე.

16. გიორგი ჭყოიძე, 17. გურამ გოგიჩაშვილი, 18. გიორგი მელიქიძე; 19. შალვა სუთიაშვილი, 20. თორნიკე ჯალაღონია; 21. გელა აფრასიძე, 22. თედო აბჟანდაძე, 23. ლაშა ლომიძე.

კომენტარები

ბოლო ამბები