Thumbnail
  • მეტრეველი/ცივაძე 6:3, 3:6, 3:6 ივანოვი/სიიმარი
  • საერთო ანგარიშში ესტონეთი წინ გავიდა - 2:1
  • ქართველმა ჩოგბურთელებმა დარჩენილი ორივე მატჩი უნდა მოიგონ

საქართველოსა და ესტონეთის ჩოგბურთელთა ნაკრებების მატჩში, რომელიც მზიურის კორტებზე მიმდინარეობს, წყვილთა დაპირისპირება გაიმართა და საერთო ანგარიში სტუმართა სასარგებლოდ 2:1 გახდა. 

შეგახსენებთ, რომ ეს შეხვედრა დევისის თასის მსოფლიო ჯგუფი II-ს ეგიდით ტარდება და მასში გამარჯვებული I ჯგუფში გადასასვლელ პლეი ოფში მოხვდება. ახლა საქართველოს ნაკრებს მიზნის მისაღწევად დარჩენილი ორი მატჩის აუცილებლად მოგება სჭირდება.

მზიურის კორტებზე ალექსანდრე მეტრეველი (564-ე მსოფლიო რეიტინგში) და გიორგი ცივაძე (866-ე) ვლადიმირ ივანოვსა (732) და მატიას სიიმარს (ურეიტონგო) დაუპპირისპირდნენ და პირველი სეტი მოიგეს კიდეც, მაგრამ მომდევნო ორში ესტონელთა უპირატესობა დამაჯერებელი იყო და შეხვედრა მათი გამარჯვებით დასრულდა.

თამაში საათსა და 39 წუთს გაგრძელდა. ქართველმა ჩოგბურთელებმა 5 ეისი მოაწოდეს და 3 ორმაგი შეცდომა დაუშვეს, ესტონელების ანგარიშზე 1 ეისი და 2 ორმაგი შეცდომაა. მეტრეველმა და ცივაძემ პირველ მოწოდებაზე გათამაშების 67% (52-იდან 35) მოიგეს, მეორეზე - 60% (20-იდან 12), ხოლო 6 ბრეიკ პოინტიდან 2 გამოიყენეს.

შეგახსენებთ, რომ პირველ დაპირისპირებაში საქართველოს პირველმა ჩოგანმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა (27) ვლადიმირ ივანოვს 6:4, 6:1 სძლია, მეორე მატჩში კი ალექსანდრე მეტრეველმა კრისტიან ტამთან (729-ე) 4:6, 6:4, 3:6 წააგო.

საქართველო-ესტონეთის დაპირისპირებაში გამარჯვებული დღესვე უნდა გამოვლინდეს. მოგვიანებით ზურა ტყემელაძე კრისტიან ტამს დაუპირისპირდება, ალექსანდრე მეტრეველი კი - ვლადიმირ ივანოვს.

კომენტარები

ბოლო ამბები