Thumbnail

ხოჭოლავას წინააღმდეგ მინდოდა თამაში - ნიკა სანდოხაძე კარპატიში ბედნიერია

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • 24 წლის ფეხბურთელი ლვოვის კარპატიში ამ ზამთარს გადაბარგდა.
  • ტანმაღალმა მცველმა უკრაინის პრემიერლიგაში ბოლო ორ მატჩში შეუცვლელად ითამაშა.
  • ნიკას უკრაინულ ფეხბურთთან შეჩვევა არ უჭირს.

სამტრედიას მცველმა ნიკა სანდოხაძემ, რომელიც იანვრის ბოლოს ლვოვის კარპატიში გადაბარგდა, კლუბის ოფიციალურ საიტს ინტერვიუ მისცა. სამტრედიის ყოფილმა ფეხბურთელმა უკრაინაში მიღებულ შთაბეჭდილებებზე, ფეხბურთის დონეზე, ადაპტაციაზე, იქაურ ყინვასა და თავის ყოფაზე ისაუბრა.

"კარპატიმ დაცვის ცენტრის გასაძლიერებლად იანვრის ბოლოს ნიკა სანდოხაძე დაიმატა. ქართველ მცველს დებიუტი ოდესაში ჰქონდა, სადაც კარპატიმ კარი მშრალად შეინახა (0:0), შახტართან შეხვედრის (0:3) პირველ ტაიმში კი მან პრემიერლიგის საუკეთესო ბომბარდირი ფერეირა თამაშიდან მთლიანად გამოთიშა. წელს პირველად მოხდა, რომ არგენტინელმა გატანა ვერ მოახერხა", - წერს საიტი.

► ქართველ პიკეს მეძახდნენ - ნიკა სანდოხაძე ლვოვის კარპატიში გადავიდა

ნიკა, შენ უკვე ითამაშე უკრაინის პრემიერლიგის ორ მატჩში და გაქვს პირველი შთაბეჭდილება ჩემპიონატის დონეზე. რას იტყვი?

ვფიქრობ, რომ ძალიან კარგი ჩემპიონატი გაქვთ. უკრაინაში უფრო ძლიერი გუნდებია, ვიდრე საქართველოში. თუნდაც შახტარი, დინამო და ზორია ავიღოთ. აქ ძალიან ძლიერი მეტოქეები არიან, რომლებსაც შემადგენლობაში მაღალი დონის შემსრულებლები ჰყავთ. დონე საკმაოდ მაღალია.

ამ ზამთარს კარპატიში პირველი ახალწვეული იყავი. გუნდთან ერთად შეკრება გაიარე და ადაპტაციისთვის დროც საკმარისად გქონდა. ახალ გარემოში თავს კომფორტულად გრძნობ?

ჩემი ადაპტაცია ძალიან კარგად მიმდინარეობს. აქ ყველა პირობა მაქვს. ლვოვში ჩემთან ერთადაა ჩემი ოჯახიც. შემიძლია მხოლოდ ფეხბურთზე ვიფიქრო. აბსოლუტურად ბედნიერი ვარ.

უწინ მხოლოდ სამშობლოში გითამაშია. კარპატიში გადასვლა შენთვის ახალი გამოწვევაა?

დიახ, მე აქამდე არასდროს მითამაშია საზღვარგარეთ. უკრაინაში დონე მაღალია და დიდ განსხვავებას ვხედავ იმ საფეხბურთო ასპექტებს შორის, რომელსაც მიჩვეული ვიყავი. ჩემთვის უკეთესი და საინტერესოა, რომ უწინდელზე ძლიერი მეტოქეები მყავს და ვვითარდები. ახლა ყველაფერი ჩემზეა დამოკიდებული და ბევრი უნდა ვიშრომო.

ბოლო დროს ლვოვში ძალიან აცივდა. ასეთ ამინდს როგორ ეგუები?

ოჰ, ეს მეტისმეტია (ეღიმება). საქართველოში დიდ ყინვად ითვლება, როდესაც თერმომეტრი -4°C-ს უჩვენებს. თუმცა, ჩემთვის სიცივე არაა დიდი პრობლემა. 

ნიკა სანდოხაძე უკრაინულ ყინვას არ უშინდება

შენი სიმაღლე 197 სმ-ია, რაც კარპატიში მაღალი მაჩვენებელია. თავის დროზე ქართული პრესა წერდა, რომ 16 წლისა უკვე 193 სმ სიმაღლის ყოფილხარ. მართალია?

დიახ, აბსოლუტურად მართალია. ბევრჯერ უკითხავთ, რატომ ავირჩიე ფეხურთი და არა - კალათბურთი და ალბათ, შენც ამას გულისხმობ. ყველაფერი მარტივადაა - ფეხბურთი უფრო მეტად მიყვარდა და არასდროს მიფიქრია კალათბურთელობაზე.

ზაზა დაჩულიამ NBA-ს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა და შეიძლება ითქვას, ყველაზე პოპულარული ქართველი სპორტსმენია. 

დიახ, ის ჩვენი ვარსკვლავია. სინამდვილეში კალათბურთი მომწონს, მაგრამ ფეხბურთი ყველაზე მეტად მიყვარს. ოჯახში პროფესიონალი სპორტსმენი არავინ მყოლია, მაგრამ ჩემთან სახლში ყოველთვის უყურებდნენ ფეხბურთს.

ამბობენ, რომ საფეხბურთო კარიერა, როგორც ფორვარდმა დაიწყე.

როდესაც 12 წლის ვიყავი, ნახევარდაცვის ცენტრში ვთამაშობდი. ასევე - თავდამსხმელის უკან. ორი წლის შემდეგ თამაში დაცვაში დავიწყე.

შემტევის ინსტინქტი შემორჩენილი გაქვს - გასულ სეზონში სამტრედიაში თამაშისას ოთხი გოლი გაიტანე.

ძალიან მიყვარს შეტევაში ჩართვა, მაგრამ ამას ყოველთვის ვერ მოვახერხებ. კარგია, როდესაც ასეთი შესაძლებლობა ჩნდება და მინდა, კარპატისთვისაც გავიტანო.

კალათბურთელის აღნაგობის მცველს გოლების გატანაც უყვარს

2013-ში ევროპის ჭაბუკთა ჩემპიონატზე იასპარეზე, სადაც ყველაზე მეტად ფრანგებთან თამაში დაგამახსოვრდებოდა, რომლის შემადგენლობაში მენდი, ლაპორტი, რაბე და მარსიალი გამოდიოდნენ.

ეს ჩემი ცხოვრების ერთ-ერთი გამორჩეული მომენტია. მოგვეცა შანსი, გვეთამაშა ევროპის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელების წინააღმდეგ. საფრანგეთის ნაკრები კონტინენტზე ერთ-ერთი უძლიერესია და რომელს გამოარჩევ? ადრიენ რაბი მაღალი კლასის ფეხბურთელია, ისევე, როგორც ანტონი მარსიალი… მომეწონა ლაპორტიც და ბენჟამენ მენდიც, რომლებიც დღეს მანჩესტერ სიტიში თამაშობენ.

ახლა ინგლისურად ვსაუბრობთ. რუსული ცუდად იცი?

რუსულიც მესმის, მაგრამ აზრის გადმოცემა ინგლისურად მირჩევნია. რუსულ ენას სკოლაში ვსწავლობდი და არცთუ ურიგოდ ვფლობ.

უკრაინული და ქართული სამზარეულოები მსოფლიოში განთქმულია. რომელ კერძებს ამჯობინებ?

გავსინჯე აქაური ბორშჩი - ძალიან გემრიელია (ეღიმება). ქართული კერძებიდან ხინკალი მიყვარს.

უკრაინის პრემიერლიგასა და ჩემპიონატში ათამდე ქართველი ლეგიონერი გამოდის: ხოჭოლავა, კობახიძე, გიორგაძე, ნადირაძე, ლოჩოშვილი, მახარაშვილი…

კიდევ არაბიძე, რომელსაც პირადად ვიცნობ. ერთად ვთამაშობდით თბილისის ლოკომოტივში. ასევე კარგად ვიცნობ შახტარის კიდევ ერთ ფეხბურთელ - დავით ხოჭოლავას. ჩვენ ერთად ვთამაშობდით საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებსა და თბილისის დინამოს მეორე გუნდში. ერთად ვიდექით დაცვის ცენტრში.

ალბათ, გული დაგწყდა, როდესაც გაიგე, რომ კვირას ხოჭოლავა ლვოვში არ ჩამოვიდოდა დისკვალიფიკაციის გამო.

ნიკამ ბოლო ტურის მატჩში შახტარის ბომბარდირი ფერეირა არ გაახარა

დიახ, დასანანია. მოხარული ვიქნებოდი, მის წინააღმდეგ რომ მეთამაშა.

ქალაქში კარპატის ქომაგებს შეხვედრიხარ? 

ქუჩაში ჩემთან გულშემატკივრები ჯერ არ მოსულან, თუმცა, თამაშის შემდეგ სტადიონის სიახლოვეს ფანატებთან მილაპარაკია. კარპატის კარგი ქომაგი ჰყავს და სასიამოვნოა, გუნდს რომ ასეთი მხარდაჭერა აქვს.

კომენტარები

ბოლო ამბები