Thumbnail
  • მაკაბი-ბასკონია ნეიტრალურ ტერიტორიაზე ჩატარდება
  • თამაშის წინააღმდეგ ისრაელის ჯანდაცვის სამინისტრო წავიდა

ევროლიგის 29-ე ტურის მატჩი, რომელშიც ერთმანეთს თელ ავივის მაკაბი და ესპანური ბასკონია უნდა დაუპირისპირდნენ, დიდი ალბათობით, ნეიტრალურ ტერიტორიაზე ჩატარდება.

აღნიშნულის მიზეზი ლამის მთელს მსოფლიოს მოდებული კორონავირუსია, რომელმაც უკვე არაერთი სპორტული ღონისძიება აზარალა.

ბოლო პერიოდში დაავადებულთა რაოდენობამ ესპანეთშიც საგრძნობლად იმატა, ამდენად, მაკაბის ხელმძღვანელობამ თამაშის ნეიტრალურ ადგილზე გადატანის იდეა თავად წამოაყენა.

მაკაბიში საფუძვლად ისრაელის ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს რეკომენდაცია მოაქვთ, რომელიც რეალურად სავალდებულო მითითებად ითვლება.

აღნიშნული მატჩი 12 მარტს გახლავთ დაგეგმილი და წინასწარი ინფორმაციით, კვიპროსში, საბერძნეთსა ან სერბეთში ჩატარდება.

ეს ამბავი ნამდვილად უნდა აწყობდეს ბასკონიას, რომელიც ევროლიგის პლეი ოფში გასასვლელად იბრძვის და მისთვის თითოეულ მოგებას უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება.

ნეიტრალურ სარბიელზე თამაშის გადატანით მაკაბის ქომაგების უდიდესი მხარდაჭერა აკლდება. მაგალითად, ბოლო საშინაო შეხვედრაში, რომელშიც თელ ავიველებმა ევროლიგის ლიდერ ანადოლუ ეფესს 77:75 სძლიეს, მათ 4 ათასამდე ფანის მხურვალე მხარდაჭერაც ძალიან დაეხმარათ.

ცნობისთვის, ბასკონიას მორიგი შეხვედრა დღეს ელის, როდესაც ვიტორიაში ბერლინის ალბას დაუხვდება.

გერმანული გუნდი ერთ-ერთი აუტსაიდერია, ბასკებს კი 11 მოგება და 16 მარცხი აქვთ და საპლეიოფო მე-8 ადგილს 1 გამარჯვებით ჩამორჩებიან.

თორნიკე ბასკონიელთა ერთადერთი კალათბურთელია, რომელსაც მიმდინარე სეზონში ყველა მატჩი სასტარტო ხუთეულში აქვს დაწყებული.

ქართველ ლეგიონერს ბოლო 11-დან 10 მატჩში მინიმუმ 10 ქულა აქვს ჩაგდებული და მისი სარგებლიანობის კოეფიციენტიც ორნიშნა რიცხვით გამოიხატებოდა. 

შენგელია ეფექტურობის საშუალო მაჩვენებლით (18.2) ევროლიგაში მე-6 ადგილზეა, ხოლო საშუალოდ ჩაგდებული ქულებით (15.7) მე-7 პოზიცია უკავია.

კომენტარები

ბოლო ამბები