Thumbnail

ძაგნიძის პირველი მარცხი – ქართველი მოჭადრაკე მე-5 ადგილზეა

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • ნანა ძაგნიძე თეთრი ფიგურებით ინდოელ მეტოქესთან დამარცხდა
  • ქართველ მოჭადრაკეს გრან პრის ოთხ ტურში 2.0 ქულა შერჩა

ქართველმა მოჭადრაკე ნანა ძაგნიძემ (2482), რომელიც შვეიცარიის ქალაქ ლოზანაში მიმდინარე მსოფლიო გრან პრის მორიგ ეტაპზე თამაშობს, პირველი მარცხი განიცადა.

ტურნირის მე-4 ტურში ძაგნიძე ინდოელ დრონავალი ჰარიკას (2517) დაუპირისპირდა და თეთრი ფიგურებით წააგო.

შედეგად, ნანას 2.0 ქულა შერჩა და ჟანსაია აბდუმალიკთან (ყაზახეთი, 2461), პია კრამლინგთანა (შვედეთი, 2475) და მარია მუზიჩუკთან (უკრაინა, 2551) ერთად, მეხუთე-მერვე ადგილებს ინაწილებს, დამატებითი მაჩვენებლებით კი მე-5 პოზიციაზეა.

პირველ საფეხურზე ხსენებული ჰარიკაა 3.0 ქულით, ასეთივ მონაგარი აქვს რუს ალეკსანდრა გორიაჩკინას (2579), შემდეგ კი, 2.5-2.5 ქულით, ანა მუზიჩუკი (უკრაინა, 2535) და ალინა კაშლინსკაია (რუსეთი, 2485) მოდიან.

მე-5 ტურში ძაგნიძე შავი ფიგურებით ანა მუზიჩუკს ეთამაშება, ცენტრალური დაპირისპირება კი ჰარიკასა და გორიაჩკინას შორის შედგება.

შეგახსენებთ, რომ ლოზანური ტურნირი, რომელშიც 12 მოჭადრაკეა ჩართული, წრიული სისტემით 11 ტურად მიმდინარეობს და 13 მარტს დასრულდება.

ქალთა მსოფლიო გრან პრის 2 ეტაპის თავზე ინდოელი ჰამპი კონერუ ლიდერობს 293 ქულით, ძაგნიძემ კი ჯერ მხოლოდ ერთ ეტაპში (მონაკო) მიიღო მონაწილეობა და 16 მონაწილეს შორის მეცამეტე-მეთოთხმეტე ადგილებს იყოფს.

კომენტარები

ბოლო ამბები