Thumbnail

რონალდინიო გაათავისუფლეს - პარაგვაის სასამართლოს გადაწყვეტილების მოლოდინში

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • პარაგვაის პოლიციამ 39 წლის ბრაზილიელი, ძმასთან ერთად, ყალბი პასპორტით დააკავა
  • ყოფილი ფეხბურთელი გათავისუფლებულია და სასამართლოს გადაწყვეტილებას ელის

ბრაზილიის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი, "ოქროს ბურთის" მფლობელი რონალდინიო, რომელიც ახლახან პარაგვაიში ყალბი პასპორტით დააკავეს, პატიმრობიდან გაათავისუფლეს.

პარაგვაის პროკურატურამ ლეგენდარული ბრაზილიელის დასაკავებლად ორდერი 5 მარტს გასცა. ის ეჭვმიტანილი იყო ქვეყანაში ყალბი დოკუმენტებით შესვლაში. პოლიციამ სასტუმროს ნომერში ჩხრეკაც ჩაატარა, სადაც 39 წლის რონალდინიო თავის ძმასთან ერთად ბინადრობდა. ეჭვმიტანილები ბოლო დრომდე სასტუმროში ჰყავდათ ჩაკეტილი.

სასტუმრო, სადაც რონალდინიო და მისი ძმა ცხოვრობდნენ

"რონალდინიომ პოლიციის წარმომადგენლებს თავისი ბრაზილიური პასპორტი და პირადობის დამატასტურებელი მოწმობაც წარუდგინა. მას რომ რაიმეს დაფარვის განზრახვა ჰქონოდა, ამას არ გააკეთებდა. რონალდინიოს და მის ძმას თავისუფლების ყველანაირი სამართლებრივი უფლება აქვთ, თუმცა გადაწყდა, რომ პარაგვაიში დარჩებიან სასამართლოს გადაწყვეტილებამდე. მისთვის ცნობილია, რომ შესაძლოა ბრალი წაუყენონ. მას რაიმე სახის დანაშაულებრივი ქმედება არ ჩაუდენია", - ამბობს ყოფილი ფეხბურთელის ადვოკატი.

რონალდინიო და მისი ძმა დასაკითხად მიჰყავთ

იუწყებიან, რომ რონალდინიოს ასუნსიონში ჩასვლის მიზანი, ბავშვებისთვის უფასო სამედიცინო მომსახურების პროგრამის წარდგენა იყო.

ზოგადად კი, რონალდინიო და სკანდალები გასაკვირი არავისთვისაა. კანონთან პრობლემების გამო, ცოტა ხნის წინ, მას ბრაზილიაში უძრავი ქონების 57 ობიექტი დაუხურეს ჯარიმის გამო, რომლის გადახდაც ბრაზილიის პროკურატურამ დააკისრა. რონალდინიოს 2,3 მილიონი ევროს გადახდა,  პორტუ-ალეგრიში მშენებლობის დროს გარემოსთვის მიყენებული ეკოლოგიური ზარალის გამო დაეკისრა. 

რონალდინიომ ბარსასთან ერთად ორჯერ ლა ლიგა და ჩემპიონთა ლიგა მოიგო

რონალდინიომ საფეხბურთო კარიერა ოფიციალურად 2015 წელს დაასრულა და მას შემდეგ დიდ სცენაზე იშვიათად ჩნდებოდა. ფუტსალი ითამაშა ინდოეთში, თითქოს ფეხბურთს დაუბრუნდა კოლუმბიაში, არჩევნებში მხარს უჭერდა ბრაზილიის სკანდალურ პრეზიდენტ ჟაირ ბოლსონაროს, რომელიც რასისტული, სექსისტური და ჰომოფობიური განცხადებებით იყო ცნობილი. ახლა კი, ყოფილ სუპერვარსკვლავს, რომელსაც გენიალური პასი ჰქონდა, ყალბი პასპორტი აღმოუჩინეს...

რონალდინიო ბრაზილიის ნაკრებში მსოფლიოს 2002 წლის ჩემპიონია. ევროპაში ის პარი სენ-ჟერმენში, ბარსელონასა და მილანში გამოდიოდა. 

კომენტარები

ბოლო ამბები