Thumbnail

7 მარტს პარიზში საქართველოს მორაგბეთა ნაკრები რაგბი ევროპის მე-4 ტურის მატჩს გამართავს, "მასპინძელი" პორტუგალიაა. "სტად ჟან-ბუენზე" თამაში თბილისის დროით, 19:00-ზე გაიმართება. 

საქართველოს ნაკრები 2 მარტიდან რასინგის ბაზაზე ვარჯიშობს ამ თამაშისთვის. ემზადება პორტუგალიის ნაკრებიც, რომლის ფრანგმა თავკაცმა პატრის ლაჟისკემ მედიასთან ისაუბრა:

პატრის ლაჟისკე (პორტუგალიის მწვრთნელი): "პორტუგალიის ნაკრების მოთამაშეებმა კარგად არ იციან, რა პოტენციალი გააჩნიათ. საქართველოსთან თამაში კი ბრწყინვალე საშუალებაა ამ პოტენციალის აღმოჩენის.

ჩვენი მხრიდან პრეტნზიული განაცხადი იქნება, რომ ვთქვათ, მოვუგებთო, მაგრამ მათ დონეზე თამაშს შევეცდებით. ვეთამაშებით ნაკრებს, რომელიც მსოფლიოს რეიტინშგი მე-12 ადგილზეა. ამ გუნდმა ბოლო 10 წლის განმავლობაში რაგბი ევროპაზე მხოლოდ 1 თამაში წააგო. 

ვერ დავუშვებთ იმას, რაც რუსეთთან პირველ ტაიმში მოხდა, უნდა ვითამაშოთ ჩვენი თამაში, უნდა ვიყოთ ძლიერები მოლში, შევერკინოთ მეტოქეს შერკინებაში. 

ბიჭები შესანიშნავი მოტივაციით თამაშობენ, გავიხსენოთ, როგორ დაიცვეს თავი მათ რუსეთთან ლელოს ხაზიდან ხუთ მეტრში, მიუხედავად მეტოქის რიცხობრივი უპირატესობისა".

შეგახსენებთ, რომ სამი ტურის შემდეგ ტურნირს ლევან მაისაშვილის გუნდი ლიდერობს 14 ქულით, პორტუგალიას 9 ქულა აქვს. 

კომენტარები

ბოლო ამბები