Thumbnail
  • გერმანულმა ჟურნალმა 11 Freunde-მ ლევან კობიაშვილის ინტერვიუ გამოაქვეყნა
  • სფფ-ის პრეზიდენტი გერმანიაში გატარებულ წლებს და ბუნდესლიგურ კარიერას იხსენებს
  • ქართველები ფრაიბურგში, კანის კარში გატანილი გოლი და კობის რთული პერიოდი

“ამ იდეამ ფრაიბურგში მაშინ კარგად გაამართლა. ჯერ ალექსანდრე იაშვილი მივიდა, მერე მე მივედი. საკმაოდ ნორმალური, კარგი შთაბეჭდილება დავტოვეთ. მერე ცქიტიშვილიც დაგვემატა და ფრაიბურგში უკვე ბევრი ‘ვილი’ ვიყავით - ტობიას ვილის ჩათვლით. კარგი დრო იყო.” - ასე იწყება ლევან კობიაშვილის ინტერვიუ გერმანულ ჟურნალ 11 FREUNDE-სთან, რომლის სახელწოდებაც ასე ითარგმნება - ‘11 მეგობარი’. ეს არის სოლიდური საფეხბურთო ჟურნალი, რომელსაც ასეთი სლოგანი აქვს: Magazin für Fußballkultur - ჟურნალი საფეხბურთო კულტურისთვის.

'როცა ბაიერნს ის გოლი გაუტანა, 'ნორდკურვეში' (ტრიბუნა) ტრიბუნაზე ვიდექი. დიდი ხმაური იყო. ემოციური და გრანდიოზული მომენტი გამოვიდა. ეს იყო ერთ-ერთი საუკეთესო მომენტი ჩემს ცხოვრებაში. მადლობა, კობი <3' - შალკეს ფანის კომენტარი ინტერვიუზე.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტთან ვიდეო-ინტერვიუ გერმანულმა გამოცემამ გამოაქვეყნა რუბრიკაში ‘ზღაპრული კარიერები’ და ინტერვიუს ასეთი შესავალი აქვს: “ფრაიბურგში ის ლეგენდარული Geor­gien-Con­nec­tion-ის წევრი იყო, შალკეში კი ალბათ ყველა დროის ყველაზე ხმაურიანი გოლი გაიტანა (იგულისხმება გოლი ბაიერნის კარში). ლევან კობიაშვილთან ერთად მისი კარიერა გავიხსენეთ - პირველი წლები ფოლკერ ფინკესთან ერთად და კარიერის ყველაზე რთული პერიოდიც.”

რუბრიკაში სხვადასხვა ფეხბურთელებს მათი კარიერის სხვადასხვა ფოტოებს უჩვენებენ და ალაპარაკებენ. კობიაშვილთან ინტერვიუ ალექსანდრე იაშვილთან ერთად გადაღებული ფოტოს კომენტარით იწყება.

ლევან კობიაშვილი: ფრაიბურგში პირველად 1998 წელს ჩავედი. იაშვილი ნახევარი წლით ადრე იყო ჩასული. მე გუნდს მეორე წრის დასაწყისისთვის, იანვარში შევუერთდი. ფრაიბურგში ძალიან მაგარი დრო გავატარე. ჩემთვის და არა მარტო ჩემთვის, არამედ სხვა ქართველებისთვისაც, რომლებიც მერე შემოგვიერთდნენ, ახალ ქალაქთან და ახალ კლუბთან შეჩვევა უკვე ადვილი იყო, რადგან ერთად ვიყავით. როცა სხვა ქვეყანაში ჩადიხარ, ენა არ იცი, მეგობრები და ნაცნობები არ გყავს, ადვილი არაფერია. ჩვენს შემთხვევაში კი სხვანაირად იყო. თუმცა ზოგადად ფრაიბურგიც სხვანაირია, ამ კლუბში ოჯახური გარემოა. სიმართლე გითხრათ, ფრაიბურგში გატარებული პერიოდი ჩემთვის ერთ-ერთი საუკეთესო იყო. ეს ფოტოც მახსოვს - თუ არ ვცდები, უნტერჰახინგთან მატჩის დროსაა გადაღებული, რომელშიც პენალტი გავიტანე.

'ფრაიბურგის აუქციონზე მაშინ ჩემი ყულაბა გავტეხე იმისათვის, რომ კობის 10-ნომრიანი მაისურა მიმეღო მისი ავტოგრაფით. დღემდე დიდი პატივით ვინახავ. ...უბრალოდ მაგარი კაცია!' - ფრაიბურგის ფანის კომენტარი ინტერვიუზე. 

11 FREUNDE: თქვენ ურჩევდით მწვრთნელს სხვა ქართველების დამატებას, თუ როგორ მოხდა, რომ ფრაიბურგში ამდენი ქართველი მიხვედით?

კობიაშვილი: არა მხოლოდ ამ შემთხვევაში, არამედ მგონია, რომ ზოგადადაც ასეა: როცა ფეხბურთელი სხვა ქვეყნიდან მოდის, კარგ შთაბეჭდილებას ტოვებს, გუნდის ინტერესიც იზრდება. თუმცა ფრაიბურგში ეს უფრო ხშირი იყო, რადგან, მაგალითად, ტუნისიდან და მალიდანაც გვყავდა მოთამაშეები. ვფიქრობ, ეს არ იყო ცუდი იდეა, რადგან ყველა ახალგაზრდა მოთამაშეს, ვინც ახალია ქვეყანაში, სჭირდება ვინმე თავისიანი გვერდით, მეგობარი. და თუ ეს კარგი ფეხბურთელიც იქნება, მაშინ ყველა მხარე მოგებულია.

11 FREUNDE: მომდევნო ფოტო. ეს იყო მიუნხენის ბაიერნის კარში გატანილი გოლი, რომელიც განსაკუთრებულია შალკეს ისტორიაში. გახსოვს, რა ხდებოდა?

კობიაშვილი: რა თქმა უნდა, ძალიან კარგად მახსოვს. თამაშის წინ ძალიან კრიტიკული სიტუაცია გვქონდა, ჩვენი ფანები გაბრაზებულები იყვნენ. მათი წყენა სამართლიანი იყო, რადგან მანამდე ცუდად ვთამაშობდით და ცუდი შედეგები გვქონდა. მათ გადაწყვიტეს, რომ საწყის წუთებში სტადიონზე სიჩუმე ყოფილიყო. და ზუსტად იმ დროს, სანამ მე გავიტანდი, ნელ-ნელა დაიწყეს ტაშის დაკვრა. ხმაური ისე გაძლიერდა, რომ სხვა მატჩზე ასეთი რამ არ მახსენდება. მერე იყო ეს გოლი და დიდი ემოციები. ძალიან მაგარი ამბავი გამოვიდა, რომელიც ყოველთვის მემახსოვრება მეც და შალკეს ფანებსაც. თანაც, გოლიც ძალიან ლამაზი გამოვიდა. მოკლედ, განუმეორებელი ისტორიაა.

11 FREUNDE: მომდევნო ფოტო და ისევ შალკე...

კობიაშვილი: ეს იყო ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალის მატჩი ბარსელონასთან. მანამდე პორტუს მოვუგეთ და მანუელ ნოიერმა სასწაული თამაში ჩაატარა. ეს იყო პირველი თამაში, რომელიც გელზენკირხენში გაიმართა და 0:1 წავაგეთ. სხვათა შორის, საპასუხო მატჩიც 0:1 წავაგეთ ‘კამპ ნოუზე’. ზოგადად კარგი სეზონი გვქონდა, თუმცა შეიძლებოდა, უფრო უკეთესიც ყოფილიყო. ჩემპიონთა ლიგის ჯგუფიც საკმაოდ რთული იყო და გავედით. მერე კი სულაც მეოთხედფინალში ვითამაშეთ.

11 FREUNDE: იყო თუ არა ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალი ბარსელონასთან ყველაზე დიდი თამაში შენს კარიერაში?

კობიაშვილი: რთული სათქმელია. წინა სეზონიც კარგი გვქონდა, უეფას თასის ნახევარფინალში გავედით და სევილიასთან დამატებით დროში წავაგეთ. ცხადია, ჩემპიონთა ლიგა ნებისმიერი ფეხბურთელისთვის განსაკუთრებულია.

11 FREUNDE: ახლა კი ბოლო ფოტო. შენი კარიერის ბოლო ეტაპი ჰერტაში.

კობიაშვილი (იცინის): ჰო, ეს ჩემი საყვარელი ფოტოა… ეს ის თამაშია, რომელიც ჩემს მეხსიერებაში ყოველთვის დარჩება. ცხადია, არა პოზიტიური კუთხით. სამწუხაროდ, ასე მოხდა. ახლა არ დავიწყებ იმაზე ლაპარაკს, ვინ იყო მართალი და ვინ მტყუანი. ასე მოხდა და ეს უნდა მივიღო. ამ ამბის შემდეგ ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ დავბრუნებულიყავი და კიდევ მეთამაშა. ასეც მოხდა, ვითამაშე და ჰერტა პირველ ბუნდესლიგაში დაბრუნდა. ფეხბურთიდან ასე წასვლა არ მინდოდა. იმდენი წელი გავატარე ამ შესანიშნავ ქვეყანაში, შესანიშნავ ბუნდესლიგაში და ჩემი მიზანი იყო, რომ ამ ისტორიას პოზიტიური დასასრული ჰქონოდა.

'ამდენი წლის განმავლობაში ყოველთვის მსიამოვნებდა მოედანზე გასვლა და ფეხბურთის თამაში, მნიშვნელობა არა აქვს, რომელ პოზიციაზე მათამაშებდნენ - ნახევარდაცვაში, უკან, მარჯვნივ, თუ მარცხნივ' - ლევან კობიაშვილი

ის პერიოდი, როცა დისკვალიფიცირებული ვიყავი, ჩემთვის ყველაზე რთული პერიოდი იყო. ყოველი დღე მოტივაცია იყო, რომ ფეხბურთი ისევ მეთამაშა. კარგია, რომ ამის შემდეგ კიდევ თითქმის 2 წელი ვითამაშე. თვითონ ეს ისტორია ლამაზი და პოზიტიური არ იყო, მაგრამ მოხდა და უნდა მიმეღო. როგორც ვთქვი, ამის შემდეგ ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო დაბრუნება. ამდენი წლის განმავლობაში ყოველთვის მსიამოვნებდა მოედანზე გასვლა და ფეხბურთის თამაში, მნიშვნელობა არა აქვს, რომელ პოზიციაზე მათამაშებდნენ - ნახევარდაცვაში, უკან, მარჯვნივ, თუ მარცხნივ. ფეხბურთის თამაშის სურვილი და ფეხბურთთან დაკავშირებული განცდები იყო ჩემთვის ყოველდღიური მოტივაცია და მიზანს მივაღწიე, დავბრუნდი და კიდევ ვითამაშე.

📺 ვიდეო: 11 Freunde-ს ინტერვიუ ლევან კობიაშვილთან

გამოკითხვა

ვინ გავა ფინალში?

  • საქართველო
  • ბელარუსი

კომენტარები

ბოლო ამბები