Thumbnail
  • ტალინში სტარტი აიღო მსოფლიოს ჩემპიონატმა იუნიორთა შორის
  • ტურნირზე პირველი მედლები უკვე დღეს გათამაშდება

ესტონეთის დედაქალაქ ტალინში სტარტი აიღო მსოფლიოს ჩემპიონატმა ფიგურულ ციგურაობაში იუნიორთა შორის და ყინულზე ქართველი სპორტსმენებიც ვიხილეთ.

ვაჟებში 34 მონაწილეს შორის გახლდათ ნიკა ეგაძე, რომლისთვისაც ორწლიანი პაუზის შემდეგ, ტალინური ტურნირი მიმდინარე სეზონში პირველი სერიოზული სტარტი იყო.

ნიკა ეგაძე (მარჯვნივ) ტალინში

ეგაძემ ფაქტობრივად უშეცდომოდ შეასრულა ელემენტების ნახტომითი ნაწილი – ორმაგი აქსელი, სამმაგი რიტბერგერი და სამმაგი ლუცისა და სამმაგი ტულუპის კომბინაცია და 58.22 ქულით 22-ე შედეგი დააფიქსირა.

ამგვარად, ნიკა იმ 24 სპორტსმენს შორის მოხვდა, რომლებიც 6 მარტს თავისუფალ პროგრამას შეასრულებენ.

ფინალში ასპარეზობის უფლება მოიპოვა სპორტულმა წყვილმა ალინა ბუტაევასა და ლუკა ბერულავას შემადგენლობით.

საინტერესოა, რომ ეს ქართველი იუნიორებისთვის სადებიუტო მსოფლიოს პირველობა გახლავთ, ამდენად მოკლე პროგრამაში დაკავებული მე-7 ადგილი (55.96 ქულა) უდავოდ წარმატებად უნდა შეფასდეს.

ბუტაევა-ბერულავას წყვილის მიერ შესრულებული 7 სავალდებულო ელემენტიდან მსაჯთა ტექნიკურმა პანელმა 3 ელემენტი მე-4 დონის სირთულით შეაფასა.

მათ შორის ყველაზე რთული ელემენტი კი იყო აგდება ტრიალში, რომელიც უმაღლეს დონეზე მხოლოდ ქართველებმა და ჩემპიონატის ლიდერმა წყვილმა, რუსეთის ჩემპიონებმა პანფილოვამა და რილოვამ შეასრულეს.

ფინალში, პირველობისთვის 16 სპორტული წყვილი იბრძოლებს. მათ თავისუფალი პროგრამა ელით.

დღესვე, მსოფლიოს ჩემპიონატში ჩაებმება სპორტული ცეკვების წყვილი – მარია კაზაკოვასა და გიორგი რევიას შემადგენლობით, რომლებიც ერთ-ერთ ფავორიტებად მიიჩნევიან. ისინი რითმულ ცეკვებს შეასრულებენ და 20 ფინალისტს შორის მოხვედრა არ უნდა გაუჭირდეთ.

კომენტარები

ბოლო ამბები