Thumbnail

ყალბი პასპორტი დიდი პრობლემაა - რონალდინიო დაკავებულია და არ უშვებენ!

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • ბრაზილიური ფეხბურთის ლეგენდა პარაგვაიში დააკავეს
  • რონალდინიომ საზღვარი ყალბი პასპორტით გადაკვეთა

რონალდინიო, რაღაცნაირად, ყოველთვის ასოცირდებოდა ანარქიასთან. ფეხბურთის თამაშის დროს მაინცდამაინც არც მწვრთნელებს უჯერებდა და არც ზოგად წესებს ემორჩილებოდა. პასებს ზურგითაც აკეთებდა და ჩემპიონთა ლიგის მნიშვნელოვან მატჩებში ხშირად ჟონგლიორობდა. მაშინ, როცა სხვები ტუჩებს იკვნეტდნენ, რონალდინიო იცინოდა ხოლმე. ბრაზილიელი აკეთებდა იმას, რაც თავში მოსდიოდა. მისთვის სხვა წესები არსებობდა. იგი კარიერის დასრულების შემდეგაც არ შეცვლილა და ამის გამო, უკვე სერიოზული პრობლემები აქვს.

სხვადასხვა სამხრეთამერიკული გამოცემების ინფორმაციით, რონალდინიო რამდენიმე საათის წინ პარაგვაის დედაქალაქ ასუნსიონთან ახლოს დააკავეს. პარაგვაის შინაგან საქმეთა მინისტრის თქმით, მას ყალბი სამოგზაურო პასპორტი აღმოუჩინეს. მართალია, პასპორტზე მისი სახელი, დაბადების ადგილი და დაბადების თარიღი სწორადაა მითითებული, მაგრამ ამ პასპორტის მიხედვით რონალდინიო პარაგვაელია და სწორედ ეს არის პრობლემა.

რონალდინიო ახლა ციხეში არ არის, მაგრამ იგი თავის ძმასთან ერთად სასტუმროში ჰყავთ ჩაკეტილი. სწორედ იქ იპოვეს ყალბი პასპორტიც. უახლოეს საათებში 39 წლის ბრაზილიელმა პარაგვაელ სამართალდამცავებს უნდა აუხსნას, რას ნიშნავს ეს ყველაფერი. ცნობილია, რომ რონალდინიოს თავისი ნამდვილი, ბრაზილიური პასპორტი გადასახადების გადაუხდელობის გამო ჩამორთმეული აქვს.

რონალდინიომ საფეხბურთო კარიერა ოფიციალურად 2015 წელს დაასრულა და მას შემდეგ დიდ სცენაზე იშვიათად ჩნდებოდა. ფუტსალი ითამაშა ინდოეთში, თითქოს ფეხბურთს დაუბრუნდა კოლუმბიაში, არჩევნებში მხარს უჭერდა ბრაზილიის სკანდალურ პრეზიდენტ ჟაირ ბოლსონაროს, რომელიც რასისტული, სექსისტური და ჰომოფობიური განცხადებებით იყო ცნობილი. ახლა კი, ყოფილ სუპერვარსკვლავს, რომელსაც გენიალური პასი ჰქონდა, ყალბი პასპორტი აღმოუჩინეს...

კომენტარები

ბოლო ამბები