Thumbnail
  • მილუოკი ბაქსი 119:100 ინდიანა პეისერსი
  • ქულების მიხედვით გოგა ბითაძე ამ თამაშში პეისერსის ხუთეულში შევიდა
  • ქართველმა ცენტრმა მაილს ტერნერზე მეტი ჩააგდო

30 იანვარს, გოგა ბითაძე ჩიკაგოსთან 15 წუთი ათამაშეს და 10 ქულა ჩააგდო - ინდიანა პეისერსის ქართველი ცენტრი მას მერე 10 ქულასთან ახლოსაც აღარ ყოფილა, რადგან უმეტესად ცოტას, ზოგჯერ კი საერთოდ არ ათამაშებდნენ. ახლა კი, პეისერსის მთავარმა მწვრთნელმა ნეიტ მაკმილანმა გოგას თვით აღმოსავლეთ კონფერენციის ლიდერთან და NBA-ს ერთ-ერთ ფავორიტთან, მილუოკი ბაქსთან 8 წუთი მისცა და ბითაძემ 9 ქულა დააგროვა!

ზუსტად 7 წუთსა და 45 წამში მის ანგარიშზე 9 ქულასთან ერთად 1 მოხსნაც იყო (დაცვაში). გოგამ 7 მცდელობიდან 4 ჩააგდო - აქედან ერთი სამქულიანი. აღსანიშნავია, რომ მან სამიანი 4-ჯერ ესროლა. საბოლოოდ, გოგას +/- კოეფიციენტი +17 გამოუვიდა, რაც ძალიან კარგი შედეგია. მართალია, პეისერსი დამარცხდა და მოგებათა 4-მატჩიანი სერია შეწყვიტა, მაგრამ გოგასთვის მიცემული დრო და მისი შედეგიანი თამაში ოპტიმიზმის საფუძველს გვაძლევს.

ბითაძემ მაილს ტერნერზე მეტი ქულა დააგროვა - არადა, ამ უკანასკნელმა მთელი 30 წუთი ითამაშა და მხოლოდ 7 ქულა ჩააგდო. ქულების მიხედვით გოგა ამ თამაშში პეისერსის ხუთეულში შევიდა!

📺 ვიდეო: გოგა ბითაძის მომენტები მილუოკისთან

მილუოკი კი პირიქით: მაიამისთან მარცხის შემდეგ წარმატების გზაზე დაბრუნდა და, რაც მთავარია, ბაქსმა არ შეწყვიტა თავისი სერია - შეგახსენებთ, რომ იანისის გუნდი ამ სეზონში ზედიზედ ორჯერ არ დამარცხებულა. თავად Greek Freak-მა კიდევ ერთხელ აჩვენა კარგი თამაში - 29 ქულით, 12 მოხსნით და 6 პასით იგი მატჩს ყველაზე პროდუქტიული მოთამაშე იყო.

მაილს ტერნერი და იანის ანტეტოკუნმპო

თამაში პეისერსისთვის ძალიან ცუდად დაიწყო: 10 წუთიც არ იყო გასული, ინდიანა უკვე 22 ქულით (!) აგებდა და ისე ჩანდა, რომ ბითაძის გუნდი განადგურდებოდა. მაგრამ პეისერსი ასე ადვილად არ დანებდა. მეორე მეოთხედში განსაკუთრებით ტი ჯეი უორენის დამსახურება იყო ის, რომ დიდ შესვენებამდე სხვაობამ მხოლოდ 2 ქულა შეადგინა.

მაგრამ მესამე პერიოდში ისტორია განმეორდა და მილუოკი 18 ქულით გაიქცა. მართალია, პეისერსმა ისევ შეამცირა სხვაობა, მაგრამ ეს აღარ იყო ისეთი ქამბექი, როგორც პირველ ტაიმში. იანისის შემდეგ, მილუოკიდან საუკეთესო კრის მიდლტონი გახლდათ 20 ქულით.  პეისერსის საუკეთესო კი უორენი იყო 18 ქულით.

📺 ვიდეო: მილუოკი 119:100 ინდიანა (მიმოხილვა)

კომენტარები

ბოლო ამბები