Thumbnail
  • ჯონი ბოიჩაკს სახეში მეტოქის მოქნეული ციგური მოხვდა
  • აილენდერსის ჰოკეისტი თვალის დაკარგვას გადაურჩა

NHL-ის მორიგ მატჩში მონრეალ კანადიენსმა ნიუ იორკში აილენდერს 6:2 სძლია, თუმცა, შედეგი მეორე პლანზე გადავიდა ეპიზოდის გამო, რომელიც მე-3 პერიოდის შუაწელს მოხდა.

კანადური გუნდი 4:1-ს იგებდა, როდესაც საზარელი ტრავმა მიიღო ნიუ იორკელთა მცველმა ჯონი ბოიჩაკმა.

კანადელმა ჰოკეისტმა ორთაბრძოლისას არტური ლეჰკონენს ხელი უბიძგა, ფინელმა წონასწორობა დაკარგა, წაქცევისას კი მისი ციგური ბოიჩაკს სახეში მოხვდა.

კანადელი ჰოკეისტი ყინულზე დაეცა, რამდენიმე წამში კი სახეზე ხელებაფარებული გასახდელისკენ გაიქცა და მას გუნდის ექიმი მიჰყვა. ცხადია, მომხდარმა ყველა დაზაფრა.

“ეს რაღაც საშინელება იყო. მას ვერც კი ვუყურებდი”, - განაცხადა აილენდერსის ფორვარდმა კელ კლატერბაკმა.

შეწუხებული იყო ეპიზოდის ანტიგმირი ლეჰკონენი: “ისე მოხდა, რომ ჩემი ციგური მას პირდაპირ თვალთან მოხვდა. ცხადია, მე ეს არ მინდოდა. მომენტი რომ ვნახე, ძალიან შემეშინდა”.

მომხდარი ძალიან განიცადა ნიუ იორკელთა კაპიტანმა ანდერს ლიმაც: “ვერ ვიტან, როდესაც ასეთი რამეები ხდება. ყურებაც კი არ შემიძლია. ახლა, ჩვენი ყველას ფიქრები ჯონის დასტრიალებს”.

საინტერესოა, რომ ბოიჩაკმა მძიმე ტრავმა გასულ სეზონშიც მიიღო და მაშინაც თავი დაუზიანდა. ტორონტოელი მიტჩ მარნერი ყინულზე ეცემოდა, როდესაც უიღბლო კანადელს ციგური ნიკაპის არეში გაუსვა.

ბოიჩაკის ახალი ტრავმის შესახებ პირველი ცნობები მისმა ძმამ დევიდმა გაავრცელა და სიტუაციის განმუხტვა ხუმრობით სცადა:

“არაფერი ისეთი, უბრალოდ, სახეზე რამდენიმე დამატებითი ნაკერი ექნება. ჰო, კიდევ ახალი წარბიც დასჭირდება”.

მოგვიანებით გაირკვა, რომ ბოიჩაკს ბოლო წამს ციგურისთვის სახის მცირედით არიდება მაინც მოუსწრია და ამის შედეგად, თვალის დაკარგვას გადაურჩა.

ჯონი ბოიჩაკი თვალის დაკარგვას გადაურჩა

 

კომენტარები

ბოლო ამბები