Thumbnail
  • 📅 4 მარტი | ⌚ 23:30 | 🏀 ბაიერნი V ბასკონია
  • გუნდების პირველ მატჩში თორნიკე შენგელიამ 19 ქულა ჩააგდო

თორნიკე შენგელიას ბასკონიას დღეს საღამოს ევროლიგის 27-ე ტურის მატჩი ელის. ესპანური კლუბი გერმანიაშია ჩასული, სადაც თბილისის დროით 23:30 საათიდან მიუნხენის ბაიერნს დაუპირისპირდება.

მსოფლიოში გავრცელებული კორონავირუსის გამო, ბასკონიელებმაც უსაფრთხოების ზომებს მიმართეს და კალათბურთელებს რეკომენდაცია მიეცათ, ხალხმრავალ ადგილებში დამცავი ნიღბებით გადაადგილდნენ.

სოციალურ ქსელში შესაბამისი ფოტო გამოაქვეყნა ქართველმა ლეგიონერმაც, რომელზეც დღევანდელ მატჩში ბევრი რამ იქნება დამოკიდებული.

ვიტორიაში გამართულ შეხვედრაში შენგელია შეუჩერებელი იყო

გუნდების პირველ შეხვედრაში (93:60), რომელიც ვიტორიაში შედგა, თოკომ უკვე პირველ მეოთხედში 13 ქულა (სულ, 19 ქულა, 3 მოხსნა, 2 პასი, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება მოაგროვა) ჩააგდო, მასპინძლებმა კი საწყისი ათწუთეული 29:10 მოიგეს და თამაშის ბედიც ადრეულადვე გადაწყვიტეს.

მიუნხენელთა მთავარ მწვრთნელს ოლივერ კოსტიჩს ის თამაში დღემდე მწარედ ახსოვს, ამდენად, შენგელიას შეჩერებაზე ბევრი აქვს ნაფიქრი.

“მის წინააღმდეგ სათამაშოდ კარგად ვართ მომზადებული. გვინდა, შენგელიას სივრცეები შევუზღუდოთ, რადგანაც მას უშუალოდ შეტევის გარდა, თანაგუნდელებზე თამაშიც ეხერხება”.

ცნობისთვის, თორნიკე ბასკონიელთა ერთადერთი კალათბურთელია, რომელსაც მიმდინარე სეზონში ყველა მატჩი სასტარტო ხუთეულში აქვს დაწყებული.

ქართველ ლეგიონერს ბოლო 10-დან 9 მატჩში მინიმუმ 10 ქულა აქვს ჩაგდებული და მისი სარგებლიანობის კოეფიციენტიც ორნიშნა რიცხვით გამოიხატებოდა. ასევე, ბოლო 10 შეხვედრაში მინიმუმ 1 ჩაჭრაც ჰქონდა.

შენგელია ეფექტურობის საშუალო მაჩვენებლით (18.2) ევროლიგაში მე-7 ადგილზეა და აგრეთვე მეშვიდეა საშუალოდ ჩაგდებულ ქულების (15.7) მიხედვითაც.

შეგახსენებთ, რომ ბასკონია 10 მოგებითა და 16 მარცხით ევროლიგის სატურნირო ცხრილში მე-13 ადგილზეა და საპლეიოფო ზონას 2 გამარჯვებით ჩამორჩება. ბაიერნი 8 მოგებით ბოლოსწინა მე-17 პოზიციაზეა.

კომენტარები

ბოლო ამბები