Thumbnail

'დინამო თბილისთან მხოლოდ მოსაგებად ვიბრძოლებთ' - ინტერვიუ მათე ცინცაძესთან

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • საქართველოს ჩემპიონატი დინამო ბათუმმა მერანთან ფრეთი დაიწყო
  • ინტერვიუ ბათუმური გუნდის ერთ-ერთ ლიდერთან, მათე ცინცაძესთან
  • მეორე ტურის ცენტრალური მატჩი: დინამო თბილისი V დინამო ბათუმი

კვირას, 8 მარტს, საქართველოს ჩემპიონატის მეორე ტურში, დინამო ბათუმი დინამო თბილისს შეხვდება. საქართველოს ჩემპიონის და ვიცე-ჩემპიონის დაპირისპირება 'დინამო არენაზე' გაიმართება.

პირველ ტურში, ბათუმურმა გუნდმა თბილისის მერანს უმასპინძლა და ფრედ, 0:0 ითამაშა. ამ თამაშში, ტრავმა მიიღო ჯოვინომ და გუნდს 2-3 თვით დააკლდება. ჯანმრთელობის პრობლემების გამო, დინამოს გარკვეული პერიოდი მამუკა კობახიძეც არ ეყოლება. მიუხედავად ამისა, ბათუმელები მომდევნო შეხვედრას ოპტიმისტური განწყობით ელოდებიან და მათი მიზანი მხოლოდ გამარჯვებაა. პოპსპორტის კითხვებს დინამო ბათუმის ნახევარცველმა, მათე ცინცაძემ უპასუხა.

POPSPORT: პირველ რიგში, თბილისის მერანთან მატჩი შეაფასე, რომელშიც დინამო ბათუმმა ქულები დაკარგა... 

ცინცაძე: პირველ ტურში თამაში ყოველთვის რთულია. ვფლობდით უპირატესობას და გვქონდა მომენტები, მაგრამ გოლი ვერ გავიტანეთ და ქულები დავკარგეთ. როგორც ჩანს, შეტევაში მაინც დავაკელით აქტიურობა. იყო გამოუყენებელი მომენტების ფაქტორიც. 

მათე ცინცაძემ დინამო ბათუმის რიგებში პირველი ოფიციალური მატჩი ჩაატარა

POPSPORT: მეტოქის შეუფასებლობას ხომ არ ჰქონდა ადგილი?

ცინცაძე: რა თქმა უნდა, არა. ვიცოდით რომ რთული თამაში გველოდა და მობილიზებულები ვიყავით. უბრალოდ, ჯერ არ ვართ ოპტიმალურ ფორმაში. ხარვეზები აუცილებლად აღმოიფხვრება და ტურიდან ტურამდე მოვუმატებთ. 

POPSPORT: წინ დინამო თბილისთან მატჩია. როგორ ემზადებით პრინციპული თამაშისთვის?

ცინცაძე: დინამო თბილისის წინააღმდეგ ყველა გუნდი მობილიზებული და მაქსიმალურად მონდომებულია. ნებისმიერ გუნდთან ბოლომდე დახარჯვაა საჭირო და მით უმეტეს, ჩემპიონთან. მიუხედავად იმისა, რომ ძლიერი მეტოქე გვყავს, მოედანზე მხოლოდ მოსაგებად გავალთ.

გამოკითხვა

ვინ მოიგებს?

  • დინამო თბილისი
  • X
  • დინამო ბათუმი

POPSPORT:  დინამო თბილისის ყოფილი ფეხბურთელი ხარ და განსაკუთრებული დატვირთვა თუ აქვს შენთვის ამ შეხვედრას?

ცინცაძე: დინამო თბილისში 5 წელი გავატარე და ამ გუნდის წინააღმდეგ თამაში ემოციურია ჩემთვის. თუმცა, იმას ვერ ვიტყვი, რომ განსაკუთრებული დატვირთვა აქვს და თუნდაც მოტივაციის კუთხით, უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე სხვა მატჩები. ყველა შეხვედრაში ბოლომდე ვიხარჯები.

POPSPORT: გარკვეული პერიოდი ჯოვინოს და კობახიძის გარეშე მოგიწევთ თამაში, რომლებიც გუნდის ლიდერები არიან. რამდენად დიდი დანაკლისი იქნება ეს დინამო ბათუმისთვის?

ცინცაძე: დანაკლისი დიდია, მაგრამ მაქსიმუმს გავაკეთებთ, რომ გუნდის თამაშს ეს ნაკლებად დაეტყოს. გუნდში არის კონკურენცია და ეს მოგვცემს საშუალებას, რომ ტრავმირებული ფეხბურთელები შევცვალოთ. ჯოვინოს და მამუკას სწრაფად გამოჯანმრთელებას ვუსურვებ.

POPSPORT: გულშემატკივართა ნაწილი დინამო ბათუმს გამოკვეთილ ფავორიტად მიიჩნევს, თუმცა პირველ ტურშიც გამოჩნდა, რომ ჩემპიონობა ადვილი არ იქნება. რას ელოდები მიმდინარე სეზონისგან?

ცინცაძე: ჩემი აზრით, ეროვნული ლიგის მიმდინარე სეზონს გამოკვეთილი ფავორიტი არ ჰყავს. თითოეულ შეხვედრაში ბოლომდე ბრძოლაა საჭირო, რომ სამი ქულა აიღო და ეს პირველმა ტურმაც აჩვენა. ჩემპიონობისთვის ბრძოლა ურთულესი იქნება და ამისთვის 100%-ით დახარჯვა მოგვიწევს.

გამოკითხვა

ვინ გახდება საქართველოს ჩემპიონი?

  • დინამო ბათუმი
  • დინამო თბილისი
  • საბურთალო
  • ტორპედო
  • ლოკომოტივი
  • სხვა გუნდი

POPSPORT: გია გეგუჩაძე საყრდენ ნახევარმცველად გათამაშებს. თუ არის იდეალური შენთვის ეს პოზიცია და რამდენად კარგად შეეწყვე შენივე ამპლუის ფეხბურთელებს: მამუჩაშვილს, ტეიდის და მანჯგალაძეს?

ცინცაძე: ლატვიაში გამთამაშებელი ვიყავი, მაგრამ კარიერის დიდი ნაწილი საყრდენ ნახევარმცველად ვთამაშობდი. გია გეგუჩაძეც ამ პოზიციაზე მომიაზრებს, რაც ჩემთვის ძალიან კომფორტულია. მამუჩაშვილის, ტეიდის და მანჯგალაძის გვერდით თამაში ძალიან სასიამოვნოა და დროთა განმავლობაში, კიდევ უფრო შევთამაშდებით. 

POPSPORT: გულშემატკივრები განსაკუთრებულად ელოდებიან ორი დინამოს დაპირისპირებას და ბოლოს, შეგიძლია მათ მიმართო...

ცინცაძე: დინამო ბათუმი სწრაფ და ტექნიკურ ფეხბურთს თამაშობს, რაც გულშემატკივრებისთვის სასიამოვნოა. გვიყურონ, ისიამოვნონ, გვიგულშემატკივრონ და ჩვენც ყველაფერს გავაკეთებთ მათ გასახარებლად.

კომენტარები

ბოლო ამბები