Thumbnail
  • რის ხარჯზე მოუგო იუვენტუსმა ტოტენჰემს უემბლიზე?
  • ალეგრი: მთავარი იყო მოთმინება და საკუთარი ძალების რწმენა!
  • კიელინი გამარჯვებას დავიდე ასტორის ხსოვნას უძღვნის

“უემბლიზე” გამარჯვების შემდეგ იუვენტუსში ყველა კმაყოფილია - განსაკუთრებით მასიმილიანო ალეგრი, რომელიც ამბობს, რომ ფეხბურთელებმა მისი ყველა დავალება ზუსტად შეასრულეს. ტურინში დაფიქსირებული 2:2-ის შემდეგ ბევრს აღარ სჯეროდა, რომ იუვე ტოტენჰემის ბარიერის გადალახვას მოახერხებდა - მით უმეტეს მას მერე, რაც პირველი ტაიმი ინგლისელებმა მოიგეს. მაგრამ, რაც მთავარია, სჯეროდა ალეგრის და სჯეროდათ იუვენტუსის ფეხბურთელებს. და ტურინულმა გრანდმა “უემბლიზე” თამაში შემოატრიალა.

შესვენებაზე ფეხბურთელებს ვუთხარი, რომ ჩვენს კარში გატანილი გოლი არაფერს ნიშნავდა და არაფერს ცვლიდა

“ბიჭებმა დაამტკიცეს, რომ ძალიან კარგი ნებისყოფა აქვთ. მათგან პირველ რიგში სწორედ ამას მოვითხოვდი, რადგან ვიცოდი, რომ ამ თამაშის მოგება შეგვეძლო. ჩვენ მოთმინებით ველოდებოდით საუკეთესო მომენტს იმისათვის, რომ მეტოქისთვის გადამწყვეტი დარტყმები მიგვეყენებინა. შესვენებაზე ფეხბურთელებს ვუთხარი, რომ ჩვენს კარში გატანილი გოლი არაფერს ნიშნავდა და არაფერს ცვლიდა. ვუთხარი, რომ აუცილებლად დადგებოდა ჩვენი მომენტი, - განაცხადა ალეგრიმ მატჩის შემდეგ.

იუვეს გამარჯვების მთავარი შემოქმედები: გონსალო იგუაინი და პაულო დიბალა

იუვენტუსის დამრიგებელი მიიჩნევს, რომ მისმა გუნდმა მეოთხედფინალში გასვლა 100 პროცენტით დაიმსახურა: “თუ ორივე მატჩს გადავხედავთ და ამ 180 წუთს შევაფასებთ, ვფიქრობ, ვერავინ შემედავება იმაში, რომ გამარჯვება დავიმსახურეთ. დიახ, პირველ ტაიმში პრობლემები გვქონდა, მაგრამ ეს ლოგიკურია, რადგან ძალიან ძლიერ გუნდს ვეთამაშებოდით. მეორე ტაიმში ასამოას და ლიხტშტაინერის სახით თამაშში ორი ისეთი დასვენებული ფეხბურთელი ჩავრთე, რომლებსაც სირბილი შეუძლიათ და ფლანგებზე ძალიან კარგები არიან. მიხარია, რომ ამ შეცვლებმა შედეგი გამოიღო. ჩემი გუნდი ქებას იმსახურებს. ვამაყობ, რომ ამ ბიჭების მწვრთნელი ვარ!” - დასძინა ალეგრიმ პრესკონფერენციაზე.

დავამტკიცეთ, რომ ძალიან ძლიერი მენტალიტეტი გვაქვს!

თავდაჯერებაზე საუბრობდა იუვენტუსის საყრდენი ნახევარმცველი სამი ხედირაც: “ყველაზე მთავარი იყო ის, რომ ჩვენი შესაძლებლობების გვჯეროდა და დავამტკიცეთ, რომ ძალიან ძლიერი მენტალიტეტი გვაქვს. დიახ, პირველ ტაიმში გაგვიჭირდა, მაგრამ ეს ჩემპიონთა ლიგაა, სადაც იოლად ვერაფერს მოიგებ. ვიცოდით, რომ ტოტენჰემს ძალიან კარგი გუნდი ჰყავს, მაგრამ ჩვენ გვყავს ბევრი ისეთი მოთამაშე, ვინც წლებია, ჩემპიონთა ლიგაში ასპარეზობს. ვფიქრობ, სწორედ გამოცდილების ფაქტორი გამოდგა გადამწყვეტი. ასეთ დონეზე არასდროს უნდა დაკარგო თავდაჯერება და ნებისყოფა. მიზანი, რა თქმა უნდა, ჩემპიონთა ლიგის მოგებაა, მაგრამ ისიც ვიცით, რომ პლეი ოფის ნებისმიერი ბარიერის გადალახვა ძალიან ძნელია. მერვედფინალიდან ჩემპიონთა ლიგაში სუსტი მეტოქე აღარ არსებობს, მაგრამ ჩვენ გვჯერა საკუთარი ძალების,” - აღნიშნა გერმანელმა.

გოლი და საგოლე პასი - გონსალო იგუაინი მატჩის საუკეთესო ფეხბურთელია

იუვენტუსისთვის ეს პირველი მატჩი იყო დავიდე ასტორის გარდაცვალების შემდეგ. მატჩის წინ, როცა გუნდებმა ფიორენტინას გარდაცვლილი კაპიტნის ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს, იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ცრემლებს ძლივს იკავებდნენ, იუვეს ფანებს კი ასტორის ფოტოები ჰქონდათ აღმართული.

ამ გამარჯვებას სწორედ მის ხსოვნას, მის ღიმილს, მის ადამიანობას ვუძღვნი!

ჯიჯი და ჯორჯო

“როცა თვალებს ხუჭავ და ფიქრობ იმ ტრაგედიაზე, რაც კვირას იტალიურ ფეხბურთს დაატყდა, ცრემლების შეკავება შეუძლებელია. გარდა იმისა, რომ საუკეთესო ადამიანი იყო, დავიდე ჩვენი მეგობარიც გახლდათ. ამ გამარჯვებას სწორედ მის ხსოვნას, მის ღიმილს, მის ადამიანობას ვუძღვნი. ხვალ ყველანი დავიდეს დაკრძალვაზე მივდივართ. ეს იქნება ერთ-ერთი უმძიმესი დღე ჩემს ცხოვრებაში,” - განაცხადა ჯორჯო კიელინიმ.

იუვენტუსის მცველმა უშუალოდ მატჩზეც ისაუბრა: “თამაშის წინ ვთქვით, რომ პირველ ტაიმში აბსოლუტურად მშვიდად უნდა ვყოფილიყავით. ვიცოდით, რომ შანსები აუცილებლად გვექნებოდა, რადგან დიდი გუნდი ვართ. ტოტენჰემს მაგარი გუნდი ჰყავს, რომელსაც ძალიან ცოტა აკლია იქამდე, რომ ევროპის ტოპ-კლუბი გახდეს. ალბათ, პირველ რიგში გამოცდილება აკლიათ. ჩვენ სწორედ ჩვენი გამოცდილება გამოვიყენეთ.”

“პირველ ტაიმში სიმშვიდე შევინარჩუნეთ, მერე კი ნელ-ნელა მოვუმატეთ და შედეგიც მივიღეთ. სიმართლე გითხრათ, 6 წლის წინათ ასეთი თავდაჯერებულები არ ვიყავით. ბოლო 3 წელიწადში ორჯერ გავედით ჩემპიონთა ლიგის ფინალში და სწორედ ეს ფაქტორი დაგვეხმარა, რომ საკუთარ მოედანზე 2:2-ის შემდეგ ტოტენჰემის ბაიერი მაინც გადავლახეთ,” - დასძინა კიელინიმ.

 

კომენტარები

ბოლო ამბები