Thumbnail

‘ერთმანეთს ხელს არ ჩამოვართმევთ’ – კორონავირუსს ინგლისელებიც უფრთხიან

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • ‘ტურნეს დროს, წარმატებას მუშტების მირტყმით აღვნიშნავთ’
  • ინგლისის კრიკეტის ნაკრები შრი ლანკაში შეშინებული მიდის

ინგლისის კრიკეტის ნაკრები, რომელიც მარტის ბოლოს შრი ლანკაში დაგეგმილ ტურნეზე მიემგზავრება, კორონავირუსის გამო, უსაფრთხოების განსაკუთრებულ ზომებზე გადადის.

გუნდის კაპიტნის ჯო რუტის თქმით, სპორტსმენები თავს შეიკავებენ ხელის ჩამორთმევისგან, სამაგიეროდ, წარმატებას მუშტების მირტყმით აღნიშნავენ.

საინტერესოა, რომ ინგლისელი მოკრიკეტეები ამასწინათ სამხრეთ აფრიკაში იმყოფებოდნენ, სადაც ნაკრების რამდენიმე წევრს გრიპი (არა – კორონავირუსი) შეეყარა, ზოგს კი გასტროენტერიტი ჰქონდა.

ამდენად, გასაკვირი არაა, რომ სპორტსმენები კიდევ უფრო მეტად უფრთხიან ახალ ვირუსს, რომელმაც მსოფლიოს მასშტაბით უკვე 89 ათასამდე ადამიანი დააავადა, 3 ათასამდე კი იმსხვერპლა.

ინგლისელების კაპიტანს ბრძოლა მიკრობებთანა და ბაქტერიებთანაც მოუწევს

“აფრიკული ვოიაჟის შემდეგ, კიდევ უფრო თვალსაჩინო გახდა, ელემენტარული ჰიგიენური წესების დაცვას რამხელა მნიშვნელობა აქვს.

ჩვენმა სამედიცინო შტაბმა საჭირო რჩევები მოგვცა, რათა მიკრობებსა და ბაქტერიების თავი ავარიდოთ.

მოედანზეც კი ერთმანეთს ხელს აღარ ჩამოვართმევთ. სამაგიეროდ, მუშტებს მსუბუქად მივარტყამთ, რაც სპორტში წარმატების აღსანიშნავად ისედაც გამოიყენება”, - აღნიშნა ინგლისელთა კაპიტანმა.

ცნობისთვის, ბრიტანელებს შრი ლანკაში 2 ტესტი ელით: 19 მარტს გალეში, 27-ში კი – დედაქალაქ კოლომბოში.

აზიური ქვეყანაში კორონავირუსის პირველი შემთხვევა იანვარში დაფიქსირდა და მას შემდეგ, დაავადება აღარ გავრცელებულა, ამდენად, ინგლისელები სიმშვიდეს ინარჩუნებენ.

“ამ ეტაპისთვის, ამ ტურნეს ჩაშლის საფრთხე ნამდვილად არაა, თუმცა, ცხადია, შესაბამის ორგანიზაციებთან მუდმივ კონტაქტში ვართ და მათ რეკომენდაციებს აუცილებლად გავითვალისწინებთ”, - დასძინა რუტმა.

კომენტარები

ბოლო ამბები