Thumbnail

📌 2020 წლის მარტი ქართული ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვანი თვეა. ორი თამაშის მოგება თბილისში და საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს. ბელარუსთან მატჩის ყველა ბილეთი გაყიდულია - 26 მარტს მთელი საქართველო მოუთმენლად ელოდება. ამ პერიოდში პოპსპორტი განსაკუთრებულ რეჟიმში იმუშავებს და საქართველოს ნაკრების გარშემო გამორჩეულ მასალას შემოგთავაზებთ. ჩვენ კარგად გვესმის, რომ ეს დიდი პასუხისმგებლობაა და ვეცდებით, რომ პოპსპორტის მასალებმა, რაც გაერთიანდება რუბრიკაში 'მთავარი თამაში', ნაკრების ფეხბურთელებზე წნეხი კი არ გაზარდოს, არამედ მოტივაცია მოუმატოს ყველას, ვინც ამ თამაშს ელოდება.

ევრო 2020-ის პლეი ოფი, რომელშიც ერთა ლიგიდან გავედით, ქართული ფეხბურთისთვის წყალგამყოფია. ეს არის თამაში, უფრო სწორად თამაშები, რომლის შემდეგაც ქართული ფეხბურთი სხვანაირი იქნება. ვიტყოდი, რომ ეს თამაშები გარკვეულწილად განსაზღვრავს ჩვენი საფეხბურთო სამყაროს, მთლიანად ჩვენი საზოგადოების თვითშეფასებას და, ზოგადად, დამოკიდებულებას ფეხბურთისადმი.

გამოკითხვა

ვინ გავა ევროპის ჩემპიონატზე?

  • საქართველო
  • ბელარუსი
  • კოსოვო
  • ჩრდილოეთ მაკედონია

'არ გაგვიმართლა' აღარ გამოვა

ამერიკელებს უყვართ თქმა: No Excuses. ანუ, შედეგი ამბობს ყველაფერს, თავის გასამართლებელი მიზეზების ადგილი აქ არ არისო. საქართველოში პირიქითაა: ჩვენ მიზეზების და თავის გამართლების კულტურა გვაქვს, მარტო ფეხბურთს არ ვგულისხმობ, რა თქმა უნდა... შეგვეძლო, მაგრამ არ გაგვიმართლა - დაახლოებით ასე აღვიქვამთ ჩვენ სამყაროს.

თუმცა, ამჯერად ყველაფერი სხვანაირადაა. ჩვენი მეტოქეები იმ კალიბრის და სტილის გუნდები არიან, რომელსაც უნდა მოვუგოთ. არ ვამბობ, რომ რომელიმე ცუდი გუნდია. ბელარუსმა თამაში იცის (კოსოვომ და მაკედონიამაც), დაახლოებით ჩვენი კლასის ნაკრებია და მასაც იგივე სურვილი აქვს, რომ ეს შანსი გამოიყენოს და ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრით საკუთარი ისტორია დაწეროს.

მაგრამ ამჯერად პლეი ოფისადმი მოლოდინი მთელ ქვეყანაში ისეთია, რომ ამ შანსის არგამოყენება უბრალოდ არ გამოვა. როცა საფრანგეთს, ან ესპანეთს ვეთამაშებით ან, თუნდაც შვეიცარიას და დანიას, გულის სიღრმეში ყველამ ვიცით, რომ ჩვენი სურვილების მიუხედავად, ამ გუნდებთან ერთად, ან სულაც მათ ნაცვლად ევროპაზე ან მსოფლიოზე დიდი ფეხბურთი რომ ვითამაშოთ, ბევრი ხელსაყრელი ფაქტორი საჩვენოდ უნდა დალაგდეს - ობიექტურად აუტსაიდერები ვართ. ეს პლეი ოფი სხვა საქმეა - ყველაფერი ჩვენს ხელთაა - საკუთარ თავთან ვართ დარჩენილები. ამიტომაც, თავს ვერაფრით გავიმართლებთ.

...და კიდევ ერთი ფაქტორი: ამჯერად ყველაფერი თბილისში წყდება. არ მინდა, ტრაფარეტული ვიყო, მაგრამ, ამჯერად ჩვენ მართლა 12 ვთამაშობთ 11-ის წინააღმდეგ. მარტივ სტატისტიკას ჩახედეთ - ჩვენი ნაკრები სახლში და გასვლაზე სხვადასხვა გუნდია. საქართველო თბილისში არ აგებს.

გამოკითხვა

ვინ გავა ფინალში?

  • საქართველო
  • ბელარუსი

გრძელი გზის ბოლოს?!

საქართველოს ნაკრები ყოველთვის ქვეყნის სახე იყო. ყოველთვის ზუსტად ასახავდა და ირეკლავდა იმ პრობლემებს და მოცემულობას, რომელიც ქვეყანაშია. ზოგადად, ეს ფეხბურთის ფენომენია. სწორედ ამიტომ არის ეს ძალიან დიდი თამაში, ასე ძალიან სახალხო - ადამიანებს და მათ ოცნებებს გამოხატავს. სწორედ ამიტომ დავწერე, რომ ეს თამაშები არამხოლოდ ჩვენს დამოკიდებულებას შეცვლის ზოგადად ფეხბურთისადმი, არამედ ჩვენს დამოკიდებულებას ჩვენი თავისადმი, ჩვენს თვითშეფასებას. ეს არის გამარჯვება, რომელიც ყველას ძალიან გვჭირდება. ამ ნაწვალებ და პრობლემურ ქვეყანას გამარჯვების განცდა სჭირდება.

არის კიდევ ერთი ემოციური ფაქტორი. გულშემატკივარს აქვს განცდა, რომ ეს პლეი ოფი ჩვენი ოცნებისა თუ მოლოდინების შედეგია. ეს ერთი გზა იყო, ერთი მიზანი, რომლისკენაც სხვადასხვა ფორმაციის ჩვენი ნაკრებები თითქმის 30 წელი მიდიოდნენ.

როცა 25 წლის წინათ, შოთა, ქინქლაძე და ქეცბაია (და კიდევ ბევრი სხვა მაგარი მოთამაშე) გვყავდა, მაშინაც გვჯეროდა, რომ ჩვენი ადგილი ევროპული ფეხბურთის ელიტაში იყო. როცა 15 წლის წინ კალაძე, კობიაშვილი და იაშვილი თავის კლუბებში დიდ ევროპულ ფეხბურთს თამაშობდნენ, ჩვენ მაშინაც გვინდოდა მსოფლიოსა და ევროპაზე თამაში. ახლა ეს შანსი ამ ბიჭებს აქვთ - ჯაბას, კაშოს, ვაკოს, ოქრის, ჩაკვეს და სხვებს. ეს შანსი მათ თავად მოიპოვეს.

გულშემატკივარს აქვს განცდა, რომ ამ მიზნისკენ ჩვენ ერთად ბევრი წელი ვიარეთ, მთელმა ქართულმა ფეხბურთმა, მთელმა ქვეყანამ და ამ თამაშსაც ერთად მოვიგებთ.

ქვიზი: როგორ გახსოვს ეს ქართული გოლი?

 

კომენტარები

ბოლო ამბები