Thumbnail
  • სან ანტონიო სპერსი 111:116 ინდიანა პეისერსი
  • G-ლიგიდან დაბრუნებულმა გოგა ბითაძემ თამაშს სკამიდან უყურა 
  • ბროგდონმა 26 ქულა ჩააგდო, საბონისმა ორმაგი დუბლი მიითვალა

გოგა ბითაძის გუნდმა ინდიანა პეისერსმა NBA-ს რეგულარულ ჩემპიონატში ზედიზედ მეოთხე გამარჯვება იზეიმა, დამატებითი მაჩვენებლებით ფილადელფიას გადაასწრო და აღმოსავლეთ კონფერენციაში მეხუთე პოზიციაზე აინაცვლა.

გოგა სან ანტონიოსთან მატჩის წინ

ამჯერად ინდიანამ სტუმრად სან ანტონიოს სძლია. სამწუხაროდ, ამ მატჩში მონაწილეობა ქართველ ცენტრს არ მიუღია. 

შეგახსენებთ, რომ მანამდე ინდიანამ გოგა NBA-ს განვითარების ლიგაში (G ლიგა) გაანათხოვრა. ბითაძემ ფორტ ვეინის შემადგენლობაში კანტონ ჩარჯთან (106:111) ითამაშა, რის შემდეგაც ისევ პეისერსში დაბრუნდა და სან ანტონიოსთან გუნდის განაცხადშიც იყო, თუმცა მოედანზე გასვლის შესაძლებლობა არ მისცემია.
 
სან ანტონიო-ინდიანას დაპირისპირებაში, გამარჯვებულებს 26 ქულით გამთამაშებელმა მალკოლმ ბროგდონმა ულიდერა, 23 ქულა იყო თი ჯეი უორენის ანგარიშზე, ლიეტუველ დომანტას საბონისს კი სულაც ორმაგი დუბლი ჰქონდა - 14 ქულა, 11 მოხსნა.

სპერსში 24 ქულით პატი მილსი გამოირჩა, 20 ქულა ჰქონდა ტრეი ლაილსს.

📺 სან ანტონიო 111:116 ინდიანა პეისერსი

ინდიანა პეისერსისთვის ეს სეზონში 37-ე გამარჯვებაა. მომდევნო შეხვედრას ბითაძის გუნდი ლიგაში 5 მარტს, სტუმრად აღმოსავლეთ კონფერენციის ლიდერ მილუოკისთან ჩაატარებს. 

სან ანტონიო სპერსი 59 მატჩში 25 მოგებით დასავლეთ კონფერენციაში მე-12 ადგილზეა და საპლეიოფო ზონას 5 მოგებით ჩამორჩება. გუნდი მომდევნო მატჩს 4 მარტს, სტუმრად შარლოტ ჰორნეტსთან გამართავს.

კომენტარები

ბოლო ამბები