Thumbnail

პირველზე უკეთესად - უმცროსი ბორჯღალოსნების მეორე მატჩი საფრანგეთში

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა ფრანგულ ტურნეში მეორე მატჩი გამართა
  • უმცროსმა ბორჯღალოსნებმა მასპინძლებთან იბრძოლეს, მაგრამ ისევ დამარცხდნენ
  • მაისურაძის გუნდი მსოფლიოს ჩემპიონატისთვის მზადებას შინ გააგრძელებს

საქართველოს 20 წლამდე მორაგბეთა ნაკრებმა ფრანგულ ტურნეში, მასპინძელთა თანატოლთა გუნდთან (საფრანგეთის 20-წლამდელთა განვითარებად ნაკრებთან) მეორე სპარინგი გამართა და ანგარიშით 0:14 დამარცხდა. 

საქართველოს რაგბის კავშირის პრესსამსახურის ცნობით, "უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" მეტოქეს, 4 დღის წინანდელი მატჩისგან (5:42) განსხვავებით, ამჯერად დიდი ბრძოლა გაუმართეს და მხოლოდ ერთი ლელო მიიღეს, თუმცა თავად ქულა ვერ მოიპოვეს.

შეხვედრა ბერგში წვიმისგან ატალახებულ მოედანზე გაიმართა. მასპინძლებმა პირველ ტაიმში ერთი ლელო დადეს, მეორეში კი მხოლოდ სამი ჯარიმა გაიტანეს. სამწუხაროდ, "უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" საკუთარი შანსების გამოყენება ვერ მოახერხეს.

გუნდის მწვრთნელი ლადო კილასონია ამჯერად გუნდის ბრძოლისუნარიანობით კმაყოფილი დარჩა:

"ეს შეხვედრა პირველზე ბევრად უკეთ ჩავატარეთ. მთელი დღე წვიმდა და მოედანი ძალიან დამძიმებული იყო. პირველ ტაიმში რამდენიმე კარგი მომენტი გვქონდა, მაგრამ სამწუხაროდ, მათი გამოყენება ვერ მოვახერხეთ, მეტოქემ კი ერთადერთი შანსით ისარგებლა.

მეორე ტაიმის პირველ ნახევარში ჩვენი ნახევრიდან ფეხით გასვლა ძალიან გაგვიჭირდა, სამჯერ დავჯარიმდით და ფრანგებმა სამივე გაიტანეს. ამის შემდეგ ინიციატივას ჩვენ ვფლობდით, სამჯერ გავჭერით ხაზი, 5-მეტრიანშიც დიდი დრო გავატარეთ, თუმცა ქულა ვერ ავიღეთ. 

მთლიანობაში, დღეს პირველი მატჩისგან განსხვავებით ბოლომდე დავიხარჯეთ და ვიბრძოლეთ, მაგრამ სტრატეგიულად კარგად ვერ ვითამაშეთ, ასეთ დროს კი, მოგების შანსი ძალიან დაბალია“.

"უმცროსი ბორჯღალოსნები" სამშობლოში 2 მარტს დაბრუნდებიან, რამდენიმე დღე დაისვენებენ და ზაფხულში იტალიაში გასამართი მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატისთვის მზადებას გააგრძელებენ.

საფრანგეთი 14:0 საქართველო

ხაზი: 15. დავით ნინიაშვილი (ხვამლი), 14. თემურ კოხოძე (აია), 13. დემურ თაფლაძე (ლელო-სარასენსი), 12. ლაშა ლომიძე (აია), 11. დაჩი პაპუნაშვილი (ორიაკი, საფრანგეთი), 10. ლუკა მატკავა (არმაზი), 9. გიორგი მარგალიტაძე (ლელო-სარასენსი);

შერკინება: 1. დავით აბდუშელიშვილი (რასინგ 92, საფრანგეთი), 2. ლუკა პეტრიაშვილი (ხვამლი), 3. ხვიჩა ცოფურაშვილი (სტად ფრანსე, საფრანგეთი), 4. ლუკა მაჭარაშვილი (ორიაკი, საფრანგეთი), 5. ვლადიმერ ჩაჩანიძე (ბაიონა, საფრანგეთი), 6. საბა კურტანიძე (ხვამლი), 7. თორნიკე ზაქარიაძე (ლელო-სარასენსი), 8. ბექა ყორიაული (ლელო-სარასენსი).

მარქაფა: 16. ირაკლი მჭედლიძე (ლელო-სარასენსი), 17. ლუკა ახვლედიანი (არმაზი), 18. ნიკა ქარდავა (ორიაკი, საფრანგეთი), 19. იოანე იაშაღაშვილი (ბაიონა, საფრანგეთი), 20. ირაკლი სიმსივე (აია), 21. გუგა მარგველაშვილი (აია), 22. გივი ცინცაძე (არმაზი), 23. ნიკა ცინცაძე (ხვამლი).

მთავარი მწვრთნელი: ილია მაისურაძე

კომენტარები

ბოლო ამბები