Thumbnail

სუპერლიგა | ქუთაისმა რუსთავს მოუგო და მე-3 ადგილზე აინაცვლა

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • ქუთაისი 98:82 რუსთავი
  • ქუთაისელთაგან 17 ქულით და 9 მოხსნით საუკეთესო ბექა ბექაური იყო

სუპერლიგის მე-14 ტურის ბოლო შეხვედრას ქუთაისმა უმასპინძლა, სადაც სათამაშოდ რუსთავი ჩავიდა და მიმდინარე ჩემპიონატში მე-7 მარცხი იწვნია. ქუთაისმა მატჩი 98:82 მოიგო და ცხრილში მე-3 ადგილზე აინაცვლა. ქუთაისს, ვერას და ოლიმპს თანაბარი ქულები აქვთ (22), თუმცა ურთიერთშეხვედრების გათვალისწინებით, მე-3 ადგილს იმერული კლუბი იკავებს, ვერა და ოლიმპი კი მეოთხე-მეხუთეზე არიან. ჩემპიონატს 24 ქულით ბათუმი ლიდერობს.

რაც შეეხება ქუთაისი-რუსთავის შეხვედრას, მასპინძელთა უპირატესობით წარიმართა და შედეგიც შესაბამისი დაფიქსირდა. რუსთავმა 16 სამქულიანი ჩააგდო, რაც მიმდინარე ჩემპიონატის საუკეთესო შედეგია, თუმცა მხოლოდ შორი სროლები თამაშს რომ არ იგებს, კიდევ ერთხელ დადასტურდა. ქუთაისელებმა მეტოქეზე 10-ით მეტი ორქულიანი და 11-ით მეტი საჯარიმო მიითვალეს, რაც დიდი სხვაობით გასამარჯვებლად საკმარისი აღმოჩნდა.

ქუთაისელთაგან 17 ქულით და 9 მოხსნით საუკეთესო იყო ბექა ბექაური. 19 ქულა ლევან გრძელიძემ მოაგროვა, ხოლო 14-14 ქულა დეჟან რაიტმა და ჯოვან მურინგმა მიითვალეს. რუსთაველთაგან 14 ქულით, 9 მოხსნით და 6 პასით საუკეთესო იყო დენზელ ლივინგსტონი, ხოლო 18 ქულით გუნდის ბომბარდირი ნიკოლა ტადიჩი გახდა.

ქუთაისმა რუსთავს 16 ქულის სხვაობით მოუგო
📷 | GBF.GE

კომენტარები

ბოლო ამბები