Thumbnail
  • კლიპერსი 136:130 ფილადელფია
  • ემბიიდის არყოფნაში შეიკ მილტონმა 39 ქულა ჩააგდო
  • კავაი ლეონარდს 30 ქულა ჰქონდა

კვირა საღამოს NBA-ში მთავარი თამაში ლოს ანჯელესში გაიმართა. ერთმანეთს თავისი კონფერენციის ერთ-ერთი ლიდერები, კლიპერსი და ფილადელფია ხვდებოდნენ. ფილას ტრავმირებული ჯოელ ემბიიდი ეკლდა და ერთი შეხედვით, კლიპერსს იოლად უნდა მოეგო, თუმცა ბევრად უფრო რთული შეხვედრა გამოვიდა.

ამას ორი მიზეზი აქვს: ფილადელფიამ ემბიიდის გარეშე თამაში გადააწყო და აქცენტი პერიმეტრიდან შეტევაზე გააკეთა - შედეგად 43-დან 21 ჩაგდებული სამქულიანი (ზუსტი სროლების 48%), რაც ფენომენალური მაჩვენებელია. გარდა ამისა, ფილა უფრო ხშირად ისროდა ბურთს - მათ 19 სროლით მეტი შეასრულეს (95 სროლა 76-ის წინააღმდეგ).

კლიპერსს სხვა მაჩვენებლებში ჰქონდა უპირატესობა: ემბიიდის გარეშე კლიპერსი სამწამიანში უფრო დომინანტური იყო, 41 ჯარიმა ისროლა (ფილამ მხოლოდ 20) და სროლის უკეთესი პროცენტი ჰქონდა (59% - კლიპერსს, 50% - ფილადელფიას). პერიმეტრიდან კლიპერსმა 24-დან 13 სროლა ჩააგდო, რაც ზუსტი სროლების 54 პროცენტია.

ფილადელფიას სტრატეგიამ თამაშის დიდ ნაწილში რომ იმუშავა, ეს ახალგაზრდა შეიკ მილტონის დამსახურებაა. მილტონი ძალიან კარგად ისროდა, 9-დან 7 სამიანი ჩააგდო და 20 სროლაში 39 ქულა დააგროვა. ტობაის ჰარისს 25 ქულა ჰქონდა.

კლიპერსში საუკეთესო ტრადიციულად  კავაი ლეონარდი იყო - 20-დან 10 ჩაგდებული ბურთით და 30 ქულით. პოლ ჯორჯს 13-დან 8 ზუსტი სროლა და 24 ქულა ჰქონდა. აღსანიშნავია, რომ კლიპერსის ძირითადმა შემადგენლობამ თამაში ფილასთან წააგო. სიტუაცია სათადარიგოებმა გამოასწორეს. ლუ უილიამსს და მონტრეზ ჰარელს - 24-24 ქულა ჰქონდათ. უილიამსს +19 ჰქონდა.

📺 კლიპერსი 136:130 ფილადელფია (მიმოხილვა)

კომენტარები

ბოლო ამბები