Thumbnail
  • საქართველოს წყალბურთელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე იასპარეზებს.
  • რევაზ ჩომახიძის გუნდს ჯგუფში უნგრეთთან, იტალიასთან და გერმანიასთან მოუწევს დაპირისპირება.

14-28 ივლისს ბარსელონაში ევროპის ჩემპიონატი გაიმართება წყალბურთში, რომელშიც საქართველოს ეროვნული ნაკრები მიიღებს მონაწილეობას.

ბარსელონაში გამართულმა წილისყრამ რევაზ ჩომახიძის გუნდი ურთულეს ჯგუფში მოახვედრა - საქართველოს ნაკრებს უნგრეთთან, იტალიასთან და გერმანიასთან მოუწევს დაპირისპირება.

ჯგუფის გამარჯვებული მეოთხედფინალში გადის, მეორე-მესამე ადგილზე გასული გუნდები პლეი ოფში, ხოლო ბოლოადგილოსანი მე-13 ადგილისთვის გააგრძელებს ბრძოლას.

ევროპის ჩემპიონატი წყალბურთში: საქართველოს ნაკრების მეტოქეები ცნობილია

საქართველოს ნაკრების წევრებს წილისყრის შედეგების შეფასება ვთხოვეთ…

ზურაბ რურუა (საქართველოს ნაკრების კაპიტანი)

POPSPORT: როგორია თქვენი პირველი შთაბეჭდილება წილისყრის შედეგებზე?

რურუა: ევროპის ჩემპიონატზე სუსტ მეტოქეს ვერ შეხვდები, მაგრამ ასეთ რთულ ჯგუფში მოხვედრასაც არ ველოდი. უნგრეთი და იტალია ჩემპიონატის მთავარი ფავორიტები არიან და გერმანიასაც ძალიან ძლიერი ნაკრები ჰყავს. ასე რომ, ურთულეს ჯგუფში მოვხვდით.

POPSPORT: შეგვიძლია ვთქვათ, რომ გერმანიასთან მოგვიწევს მესამე ადგილისთვის და შესაბამისად, ჯგუფიდან გასვლისთვის ბრძოლა?  

რურუა: ასე ნამდვილად ვერ ვიტყვით, რადგან გერმანიასაც ძლიერი გუნდი ჰყავს, რომელსაც ნებისმიერი მეტოქის დამარცხება შეუძლია. ჩვენი მიზანი ჯგუფიდან გასვლაა, დანარჩენი კი ბარსელონაში გამოჩნდება.

POPSPORT: ევროპის თასზე საქართველოს ნაკრები უნგრეთთან 16:5 დამარცხა. რა უნდა გაკეთდეს, რომ ევროპის ჩემპიონატზე ევროპულ გრანდებს წინააღმდეგობა გავუწიოთ?

რურუა: უნდა შევიმუშავოთ კონკრეტული ტაქტიკა და შევეცადოთ, რომ ჩვენი მაქსიმუმი გავაკეთოთ. ჩვენი მიზანია, რომ გრანდებს და მათ შორის უნგრეთს ღირსეული წინააღმდეგობა გავუწიოთ.

POPSPORT: რა იქნება საქართველოს ნაკრების მიზანი ევროპის ჩემპიონატზე? 

რურუა: ბევრი ახალი მოთამაშე გვყავს და ევროპის ჩემპიონატზე გადახალისებული შემადგენლობით ვიასპარეზებთ. ვფიქრობ, დიდი მიღწევა იქნება თუ 12 საუკეთესო გუნდში მოვხვდებით. 2 თამაშის მოგება უკვე წარმატებად უნდა შევაფასოთ.

ზურაბ რურუა

მიხეილ ბაღათურია (საქართველოს ნაკრები)

POPSPORT: როგორ შეაფასებთ წილისყრის შედეგებს? 

ბაღათურია: ყველაზე რთული ჯგუფია. მაქსიმალურად მოვემზადებით და ვნახოთ, რა გამოვა. 

POPSPORT: ისრაელის ნაკრები დიდი უპირატესობით დაამარცხეთ. რა არის საჭირო იმისთვის, რომ საქართველოს ნაკრებმა ევროპულ გრანდებს კონკურენცია გაუწიოს? 

ბაღათურია: უნგრეთს და ისრაელს შორის ძალიან დიდი განსხვავებაა. უნგრეთი ისეთივე გრანდია წყალბურთში, როგორც გერმანია ფეხბურთში, ახალი ზელანდია კი რაგბში, ისრაელს კი სუსტი ნაკრები ჰყავს. ბევრი უნდა ვიშრომოთ და მაქსიმუმი გავაკეთოთ, რომ გრანდებს ღირსეული წინააღმდეგობა გავუწიოთ.

POPSPORT: რას უნდა ელოდონ საქართველოს წყალბურთის ნაკრების გულშემატკივრები ევროპის ჩემპიონატზე?   

ბაღათურია: ევროპის ჩემპიონატზე გაახალგაზრდავებული შემადგენლობით მივდივართ და სავარაუდოდ, ნატურალიზებული მოთამაშეებიც ნაკლები გვეყოლება. ჩვენი მიზანია უკეთ, ვიდრე წინა ევროპის ჩემპიონატზე, სადაც 16 გუნდში მე-14 ადგილი დავიკავეთ.

მიხეილ ბაღათურია

 

კომენტარები

ბოლო ამბები