Thumbnail
  • 📅 2 მარტი | ⌚ 00:00 | ⚽ რეალი V ბარსელონა | 📺 SILK SPORT UNIVERSAL HD
  • ზინედინ ზიდანისა და კიკე სეტიენის კომენტარები, საინტერესო ფაქტები

ესპანეთში ჩემპიონატის მთავარი დაპირისპირების დრო მოვიდა - ჩემპიონი ბარსელონა ორი ქულით უსწრებს მდევარ რეალს და "სანტიაგო ბერნაბეუზე" სათამაშოდ გადის. 

კიკე სეტიენს ახლახან ჩემპიონთა ლიგაზე დებიუტი ჰქონდა მწვრთნელის რანგში, ახლა კი "ელ კლასიკოზე" ელის დებიუტი. შესაძლოა, ეს მის კარიერაში ყველაზე მნიშვნელოვანი მატჩიც იყოს. 

ლა ლიგაში სრული თანაფარდობაა - რეალმა და ბარსამ 72-72 მატჩი მოიგეს, 35 კი ფრედ დასრულდა. ოფიციალურ მატჩებში კი ბარსა წინ არის - 96 გამარჯვება 95-ის წინააღმდეგ (52 ფრე). 

336 წუთია, რაც ლეოს რეალისთვის გოლი ვერ გაუტანია

კიდევ ერთი, რაც კატალონიელთა სასარგებლოდ მეტყველებს, ლა ლიგაში რეალმა ბოლოს შინ ბარსელონას 2014 წლის ოქტომბერში მოუგო - 3:1. 

ერთი ფაქტიც ბარსას საწინააღმდეგოდ - ლეო მესის "ელ კლასიკოზე" უკვე 336 წუთია, რაც გოლი არ გაუტანია. ბოლოს მან რეალს 2018 წლის 6 მაისს გაუტანა, როცა მატჩი 2:2 მორჩა.

რეალი

ზინედინ ზიდანს არ ეყოლება ედენ აზარი, რომელიც ახლახან კიდევ ერთხელ დაშავდა. უკვე დიდი ხანია, რაც ტრავმირებულია მარკო ასენსიო და "სამეფო კლუბში" მის არყოფნას შეეგუენ. როდრიგო დისკვალიფიცირებულია.

ზინედინ ზიდანი (რეალის მწვრთნელი): "დელიკატური მომენტია, რადგან საკუთარ სტადიონზე სამი მატჩია, რაც არ მოგვიგია. მაგრამ ვინც ფეხბურთს კარგად იცნობს, ისიც იცის, რომ ასეთი რამ ხდება ხოლმე. ჩვენ ახლა პოზიტიური მხარდაჭერა გვჭირდება. ჩვენ არ ვუსმენთ ყველაფერს, რასაც რეალზე ახლა ლაპარაკობენ - გვსურს მხარდაჭერა ბარსელონასთან, პირველიდან ბოლო წუთებამდე.

მესმის, რომ ბევრი იმედგაცრუებულია, მაგრამ ახლა ჩვენი ფანები ძალიან გვჭირდება. გუნდი კი ბოლომდე დაიხარჯება და მაქსიმუმს გაიღებს მოედანზე. კრიტიკის უფლება ყველას აქვს და მედია ამას იყენებს, როცა ორ მატჩს ვაგებ, უკვე კრიტიკის ქარ-ცეცხლში ვხვდები. მაგრამ ეს ჩემთვის ახალი არ არის. 

ჩემი ფეხბურთელები საუკეთესოები არიან, მე მათი იმედი ყოველთვის მაქვს. ბოლო მატჩების გამო შეშფოთებული არ ვარ, რადგან ოთხი თვის განმავლობაში სულ ვიმარჯვებდით. ჩვენ ვიგებდით აზარის გარეშეც, თუმცა ეს ფაქტი, რომ ედენი ტრავმირებულია, ძალიან მაწუხებს.

კარგად ვიცით ლეო მესისა და მისი გუნდის ფასი. ის ფუნდამენტური ფიგურაა გუნდში, თუმცა ბარსა ყველა ასპექტში ძლიერია. კარგად ვიცით, რა ძალის წინააღმდეგ მოგვიწევს თამაში. 

გული, ჭკუა და ერთიანობა - ეს სამი რამ გვჭირდება ამ მატჩში გამარჯვების მოსაპოვებლად. გპირდებით, ლამაზ ფეხბურთს".

ბარსელონა

კატალონიელებს ჟორდი ალბა, სერხი რობერტო, უსმან დემბელე და ლუის სუარესი აკლიათ. ამათგან თამაშის შანსი მხოლოდ ალბას აქვს, ისევე, როგორც ნეაპოლში დაშავებულ ჟერარდ პიკეს. 

კიკე სეტიენი (ბარსელონას მწვრთნელი): "წინა დაპირისპირებები არაფერს ნიშნავს, ყოველი მატჩი განსხვავებულია. ძალიან მნიშვნელოვანი თამაშია ჩვენთვის, არის შანსი წინ გასვლისა და ლიდერობის გამტკიცების. მაგრამ უფრო მნიშვნელოვანი ეს თამაში რეალისთვისაა, რადგან თუ ისინი დამარცხდებიან, ჩვენ უკვე 5 ქულით გავუსწრებთ. 

ვფიქრობ, რომ თანაბარი თამაში იქნება, ისეთი, როგორიც კლასიკოა ხოლმე. აქამდე ამ თამაშებს ან სავარძელში ვუყურებდი, ან ტრიბუნიდან. ამ დაპირისპირებას დიდი ემოციური დატვირთვა აქვს ძალიან ბევრი ადამიანისთვის დედამიწაზე - სპეციალური თამაშია".

სავარაუდო შემადგენლობები

რეალი (4-4-2): კურტუა - კარვახალი, ვარანი, სერხიო რამოსი, მენდი - ისკო, კროოსი, კაზემირო, ვალვერდე - ბენზემა, ბეილი

ბარსელონა (4-4-2): ტერ შტეგენი - სემედუ, პიკე, უმტიტი, ფირპო - ფ. დეიონგი, ბუსკეტსი, არტური, არტურო ვიდალი - მესი, გრიზმანი

საინტერესო ფაქტები

⚽ ბარსელონას ლა ლიგაში 4-მატჩიანი მოგებათა სერია აქვს. 

⚽ ამ 4 მატჩში ბარსელონას სულ მცირე 2 გოლი გაჰქონდა, ხოლო შეხვედრებში 2.5 გოლზე მეტი ფიქსირდებოდა.

⚽ ბარსელონას ბოლო 4 საგარეო მატჩში (ლა ლიგა) სულ მცირე, 2 გოლი აქვს გაშვებული და ამდენივე გატანილი. 

⚽ 2019 წლის 2 მარტის შემდეგ "ელ კლასიკოზე" გოლი არ გასულა. 

⚽ რეალმა ბარსელონას "სანტიაგო ბერნაბეუზე" ბოლოს 2017 წლის აგვისტოში ესპანეთის სუპერთასზე მოუგო.

⚽ ლა ლიგაში ბოლო მოგება ამ სტადიონზე კი 2014 წელს ფიქსირდება. 

კომენტარები

ბოლო ამბები