Thumbnail

კორონავირუსი VS ლივერპული - ინგლისში პრემიერლიგის შედეგები გაუქმდება?

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • შესაძლოა, ლივერპულმა პრემიერლიგის ტიტული ვეღარ მოიგოს
  • ამის შესახებ ბრიტანული გამოცემები წერენ - მათ შორის 'ტელეგრაფი' და 'დეილი მეილი'
  • კორონავირუსის გამო, მთავრობა სპორტული ღონისძიებების გაუქმებაზე ფიქრობს
  • ვირუსის გამო, რამდენიმე ქვეყანაში სპორტული ღონისძიებები უკვე გადადეს

ლივერპულმა ინგლისის ნანატრი ჩემპიონობა, შესაძლოა, ვერ იზეიმოს - ამის შესახებ ბრიტანული გამოცემები წერენ - მათ შორის 'ტელეგრაფი' და 'დეილი მეილი'.

ინგლისის პრემიერლიგის 27 ტურის შემდეგ, ლივერპულს 79 ქულა აქვს და მანჩესტერ სიტის 22 ქულით უსწრებს. გუნდის ქომაგები ნანატრ ტიტულს ელოდებიან, მაგრამ შესაძლოა, ლივერპულმა ეს ტიტული ვეღარ მოიგოს.

ბრიტანული მედიის ინფორმაციით, კორონავირუსის საფრთხის გამო, ბრიტანეთის მთავრობა სპორტული ღონისძიებების გაუქმებაზე ფიქრობს, რათა ვირუსის გავრცელებას ხელი შეუშალონ. პრემიერლიგის დასრულებამდე 11 ტური რჩება. ლივერპული კი ტიტულის მოგების უპირობო ფავორიტია.

თუ ბრიტანეთის მთავრობა ამ გადაწყვეტილებას მიიღებს, 'ტელეგრაფის' ცნობით, პრემიერლიგის მიმდინარე სეზონის შედეგები შეიძლება გაუქმდეს და ლივერპული ჩემპიონობას ვეღარ მოიპოვებს. თუ სეზონი არ დასრულდება, რისი შანსიც უკვე საკმაოდ მაღალია, შეიქმნება კომისია, რომელიც იმსჯელებს, უნდა განულდეს თუ არა აქამდე დაფიქსირებული შედეგები. ამიტომ, იურგენ კლოპის გუნდს არაფრის გარანტია არ აქვს.

'ტელეგრაფში' ვკითხულობთ, რომ თუკი მოვლენები ასეთი სცენარით განვითარდება და დარჩენილი მატჩები არ გაიმართება, არ არსებობს არანაირი წესი, თუ ვის რა უნდა ჩაეთვალოს.

შეგახსენებთ, რომ ამჟამინდელი მდგომარეობით, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, 50 ქვეყანაში 80 000-ზე მეტი ადამიანი დაინფიცირდა, 2 800-ზე მეტი გარდაიცვალა და 36 880 გამოჯანმრთელდა. პარასკევს, შვეიცარიის მთავრობამ გააუქმა ყველა ღონისძიება, რომელსაც 1000-ზე მეტი ადამიანი უნდა დაესწროს. ამ შაბათ-კვირას შვეიცარიაში საფეხბურთო მატჩებიც არ გაიმართება.

პრემიერლიგაში 11 ტურია დარჩენილი. 30 წელია, ლივერპულს ინგლისის ჩემპიონობა არ უზეიმია.

კომენტარები

ბოლო ამბები