Thumbnail

PREVIEW | ვიცე-ჩემპიონი და დებიუტანტი - დინამო ბათუმი მერანთან მატჩით იწყებს

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური

საქართველოს ჩემპიონატის 2020 წლის სეზონი 29 თებერვალს იწყება. პირველ დღეს, 20:00 საათზე დინამო ბათუმი ანგისას ბაზაზე თბილისის მერანს დაუპირისპირდება. ერთმანეთის წინაშე საქართველოს ვიცე-ჩემპიონი და ლიგის დებიუტანტი წარსდგებიან.

დინამო ბათუმი სატრანსფერო ფანჯრის დროს ახალი ფეხბურთელებით გაძლიერდა. გუნდში 6 ახალწვეულია: რეინალდო, ჟულიო ვინისიუსი, იჰორ ლევჩენკო, გოდფრი ობოაბონა, ვაგნერ გონსალვეში და მათე ცინცაძე. აკადემიიდან მთავარ გუნდში აიყვანეს ერეკლე ჯიჯავაძე. 

პირველ შეხვედრაში, სამი ახალწვეული: ობოაბონა, ვაგნერი და ცინცაძე ძირითად შემადგენლობაში მოიაზრებიან. დინამო ბათუმი არა მარტო ამ კონკრეტული თამაშის, მთელი ჩემპიონატის ფავორიტია და ვნახოთ, როგორ გახსნის სეზონს საქართველოს ვიცე-ჩემპიონი. 

ჟულიო ვინისიუსი, ფლამარიონ ჯოვინო, ვაგნერ გონსალვეში და გიორგი ნავალოვსკი 

თბილისის მერანმა სატრანსფერო ბაზარზე ნაკლებად იაქტიურა. სამაგიეროდ, გუნდის ძირითადი ბირთვი შეინარჩუნა, რომელმაც ელიტის საგზური მოიპოვა. გასულ სეზონში, მერანმა ეროვნული ლიგა 2-ში შესანიშნავად იასპარეზა, 36 ტურში 81 ქულა მოაგროვა და პირველი ადგილი დაიკავა.

კომენტარები

ვაკო თევდორაძე (დინამო ბათუმი): “ადვილად მოსაგები თამაში ნამდვილად არ იქნება, რადგან მეტოქე გამოცდილი ფეხბურთელებით დაკომპლექტებული გუნდია. რთულ მატჩს ველოდებით და ყველაფერს გავაკეთებთ სამი ქულის მოსაპოვებლად. გვაქვს გულშემატკივრების იმედი”.

ნიკა საბანაძე (დინამო ბათუმი): “პირველი მატჩია, სეზონის სტარტზე კი ყოველთვის რთულია თამაში. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ სამი ქულა მოვიპოვოთ. ამაში ჩვენი გულშემატკივრები დაგვეხმარებიან, რომლებიც იმედია, გაავსებენ სტადიონს”.

ნიკა საბანაძემ ამხანაგურ შეხვედრაში ფოთის კოლხეთს გაუტანა

მათე ცინცაძე (დინამო ბათუმი): “შემოთავაზება სხვა გუნდებიდანაც მქონდა, იყო ლატვიური ვარიანტი, თუმცა დინამო ბათუმზე შევაჩერე არჩევანი. აქ ფეხბურთი უყვართ, ფეხბურთით ცხოვრობენ და რა თქმა უნდა, მწვრთნელის ფაქტორიც იყო. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ სეზონი წარმატებულად დავიწყოთ და გულშემატკივრები გავახაროთ”. 

ასლან ბალაძე (დინამო ბათუმის სპორტული დირექტორი): “სატრანსფერო ფანჯრის დროს ახალი ფეხბურთელები დავიმატეთ და გუნდი გავაძლიერეთ. თუმცა, აქცენტი გაკეთებული გვაქვს ადგილობრივ ფეხბურთელებზეც. მაგალითად, მთავარ გუნდში გვეყოლება ჩვენი აკადემიის აღზრდილი ერეკლე ჯიჯავაძე. გუნდში ყველა პირობაა შექმნილი იმისთვის, რომ მაღალი მიზნებისთვის ვიბრძოლოთ როგორც შიდა ასპარეზზე, ისე თუნდაც ევროტურნირზე”.

დინამო ბათუმის სპორტული დირექტორი ასლან ბალაძე და ახალი ლეგიონერი გოდფრი ობოაბონა

სავარაუდო შემადგენლობები

დინამო ბათუმი: ალავიძე - გეგეჭკორი, კობახიძე, ობოაბონა, ნავალოვსკი - ცინცაძე, მანჯგალაძე - ჯიღაური, ჯოვინო, ვაგნერი - დვალიშვილი.

მერანი თბილისი: თევდორაძე, ფოფხაძე, ქარქუზაშვილი, კახელიშვილი, დათუნაიშვილი, შენგელიძე, ვასაძე, დეისაძე, სარდალიშვილი, ნიქაბაძე, გაფრინდაშვილი.

გამოკითხვა

ვინ გახდება საქართველოს ჩემპიონი?

  • დინამო ბათუმი
  • დინამო თბილისი
  • საბურთალო
  • ტორპედო
  • ლოკომოტივი
  • სხვა გუნდი

კომენტარები

ბოლო ამბები