Thumbnail
  • სეტონ ჰოლის წარმატება ქართველ კალათბურთელზე დიდადაა დამოკიდებული
  • სანდრო მამუკელაშვილმა ტრავმის შემდეგ, სასურველი ფორმა მალე დაიბრუნა

ამერიკულმა გამოცემამ Thesetonian სტატია მიუძღვნა 20 წლის ქართველ კალათბურთელ სანდრო მამუკელაშვილს, რომელსაც ტრავმიანობის მიუხედავად, NCAA-ს ბინადარ სეტონ ჰოლში ჩინებული სეზონი აქვს.

პუბლიკაციაში სახელოწოდებით “პირატების კარგი თამაშის საფუძველი მამუკელაშვილის დაბრუნებაა”, ვკითხულობთ: 

“სეტონ ჰოლი სეზონის წინ ლიგის უმთავრეს ფავორიტთა შორის ნამდვილად არ მოიაზრებოდა, თუმცა, გუნდს 20 მოგება და 7 მარცხი აქვს, უშუალოდ საკონფერენციო მატჩებში კი ზურგს 15-დან 12 გამარჯვება უმაგრებს. პირატებს კონფერენციაში მხოლოდ 3 თამაში დარჩათ ჩასატარებელი, შემდეგ კი სტარტს მარტის სიგიჟე აიღებს, სადაც გუნდს საკმაოდ კარგი შანსი უნდა ჰქონდეს.

საინტერესოა, რომ სეტონ ჰოლის კალათბურთელებს ტრავმები არ დაჰკლებიათ, თუმცა, გუნდმა სეზონის დიდი ნაწილი სტაბილურად განვლო. იყო სახელოვანი მოგებები გაცილებით მაღალი რეიტინგის მქონე მერილენდთანა და ვილანოვასთან. შედეგად, პირატები ლიგის TOP 25 გუნდს შორის მე-10 ადგილამდეც კი იყვნენ ასულნი.

სანდრო მამუკელაშვილს გუნდში დიდი როლი აკისრია

სეტონ ჰოლის ყველაზე ცნობილ მოთამაშედ მაილს პაუელი ითვლება, კარგები არიან ქუინსი მაკნაიტი, რომარო გილი და ჯარედ როდენიც, თუმცა, არის კიდევ ერთი კალათბურთელი, რომელიც ალბათ, გუნდის საკვანძო ფიგურად უნდა მივიჩნიოთ.

ეს სანდრო მამუკელაშვილია, 2.11 სმ-ის სიმაღლის მქონე ფორვარდი, რომელმაც გასული წლის დეკემბერში მძიმე ტრავმა მიიღო და ერთბაშად 10 მატჩის გამოტოვება მოუხდა, თუმცა, სასურველი ფორმა საოცრად მალე დაიბრუნა.

ამჟამად, მისი საშუალო მონაგარი 10.9 ქულაა, რაც გუნდში მე-3 მაჩვენებელია. სანდროს კარიერაში ამაზე კარგი შედეგი არასდროს ჰქონია. ამასთან, ის მატჩში საშუალოდ 2.5 სამქულიანს ესვრის 37%-იანი სიზუსტით.

ცხადია, მამუკელაშვილი ვერ აიღებს იმ ფუნქციებს, რომლებიც გამთამაშებელ პაუელს ეკისრება, თუმცა, მისი როლი მაინც ძალიან დიდია. მამუკელაშვილს საშუალოდ 12.4 ქულა აქვს იმ თამაშებში, რომლებიც სეტონ ჰოლის გამარჯვებით დასრულდა, ტრავმამდე კი, სამქულიანების 45%-ს აგდებდა, რამაც გუნდი არაერთხელ ახეირა.

მაგალითად, ვილანოვასთან შეხვედრაში სანდრომ 5-დან 3 შორეული ტყორცნა ჩააგდო და პირატების მიერ ამ სეზონში მოპოვებულ ყველაზე ხმაურიან გამარჯვებაში დიდი როლი ითამაშა.

ქართველი კალათბურთელის მნიშვნელობას ის ფაქტიც ზრდის, რომ ის არანაკლებ პროდუქტიულია დაცვითი ფუნქციების შესრულებისას. სეტონ ჰოლს ყველა ის მატჩი აქვს მოგებული, სადაც სანდრო მინიმუმ ერთ დაფარებას მაინც ასრულებდა.

ყველაფერი იმაზე მიანიშნებს, რომ სეზონის გადამწყვეტ ეტაპზე მამუკელაშვილზე ბევრი რამ იქნება დამოკიდებული. თუკი სანდრომ არსებულ დონეზე თამაში განაგრძო, პირატები მხოლოდ ბიგ ისთის კონფერენციის მოგებით არ დაკმაყოფილდებიან. მამუკელაშვილის დახმარებით, სეტონ გოლს მარტის სიგიჟის დროსაც შორს გასვლა შეუძლია”.

როგორც სტატიაშია ნათქვამი, სეტონ ჰოლს 3 საკონფერენციო მატჩიღა დარჩა ჩასატარებელი: 29 თებერვალს მარკეტთან, 5 მარტს – ვილანოვასთან, 7-ში კი – კრეიტონთან.

კომენტარები

ბოლო ამბები