Thumbnail

'ამის წინაპირობა აქვს' - რას მოელიან რუსეთში ზურიკო დავითაშვილისგან

  • რუბინის ქართველი ნახევარმცველის პერსპექტივაზე რუსული მედია წერს
  • დავითაშვილისა და კვარაცხელიას გუნდი ჩემპიონატს 1-ელ მარტს განაახლებს  

ზამთრის პაუზის შემდეგ, რუსეთის პრემიერლიგა 28 თებერვალს განახლდება, ქართველების გუნდი ყაზანის რუბინი კი მე-20 ტურის შეხვედრას 1-ელ მარტს, სტუმრად ტამბოვთან გამართავს. 

ზურიკო დავითაშვილისა და ხვიჩა კვარაცხელიას გუნდის მიზანი, რომელსაც ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს - ლეონიდ სლუცკი, ჩემპიონატის საგაზაფხულო ეტაპზე პრემიერლიგაში ადგილის შენარჩუნებისთვის იბრძოლებს. ყაზანის რუბინს 19 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში გასავარდნ ზონაშია - მე-13 ადგილზე.

დავითაშვილი და კვარაცხელია რუბინის მოსამზადებელ ეტაპზე გამორჩეულები იყვნენ

საიტმა sport24-მა რუსეთის ჩემპიონატის აუტსადერი გუნდების ის გამორჩეული მოთამაშეები დაასახელა, რომლებიც ჩემპიონატის ლიდერებსაც გამოადგებოდნენ. რჩეულთა შორის 19 წლის ზურიკო დავითაშვილიც მოხვდა.

"ზურიკო დავითაშვილი - შეიძლება ითქვას, ქართული ბანდის ყველაზე მაგარი წარმომადგენელი. ზურიკოს რეგულარული სათამაშო პრაქტიკა აქვს. მან უკვე მოასწრო გატანაც და თავის არცთუ ურიგოდ წარმოჩენა. რა თქმა უნდა, ლიგის საუკეთესო ბომბარდირისა თუ ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული ახალგაზრდა ფეხბურთელის სტატუსამდე ჯერ შორია, მაგრამ ამის წინაპირობა დავითაშვილს აქვს", - წერს საიტი. 

19 წლის ფეხბურთელი ვლადიმირ ვაისმა ეროვნულ ნაკრებში უკვე ათამაშა

ზურიკო დავითაშვილი, რომელსაც უკვე საქართველოს ეროვნულ ნაკრებშიც ჰქონდა დებიუტი, ყაზანის რუბინის ღირსებას 2019/20 წლების სეზონიდან იცავს. ახალგაზრდა ნახევარმცველმა რუსეთის ჩემპიონატის 15 მატჩში ითამაშა და ყველა ძირითადში, მის ანგარიშზე კი 1 გოლია. ქართველი ნახევარმცველი განსაკუთრებით შთამბეჭდავი ზამთრის პაუზის დროს გამაართულ საკონტროლო მატჩებში იყო, სადაც გატანილი 3 გოლით გამოირჩა.

კომენტარები

ბოლო ამბები