Thumbnail
  • 29 თებერვალს, 2020 წლის ეროვნული ლიგა აიღებს სტარტს
  • პირველ დღეს, საქართველოს ჩემპიონი და ვიცე-ჩემპიონი ითამაშებენ
  • ჩემპიონატში 10 გუნდია, რომლებიც 4 წრედ დაუპირისპირდებიან ერთმანეთს

29 თებერვალს, 2020 წლის კრისტალბეთ ეროვნული ლიგა იწყება. ისევე, როგორც წინა წლებში, ჩემპიონატში 10 გუნდი მიიღებს მონაწილეობას, რომლებიც 4 წრედ დაუპირისპირდებიან ერთმანეთს. პირველ დღეს, საქართველოს ჩემპიონი და ვიცე-ჩემპიონი გამართავენ შეხვედრებს: დინამო თბილისი თელავს უმასპინძლებს, ხოლო დინამო ბათუმი - თბილისის მერანს. პირველი ტურის დარჩენილი სამი შეხვედრა 1 მარტს გაიმართება: საბურთალო-ჩიხურა, ტორპედო-დილა და ლოკომოტივი-სამტრედია.

გამოკითხვა

ვინ გახდება საქართველოს ჩემპიონი?

  • დინამო ბათუმი
  • დინამო თბილისი
  • საბურთალო
  • ტორპედო
  • ლოკომოტივი
  • სხვა გუნდი

ფავორიტები

საქართველოს ჩემპიონატს სამი გამოკვეთილი ფავორიტი ჰყავს: დინამო თბილისი, დინამო ბათუმი და თბილისის საბურთალო. დიდია შანსი, ისევე როგორც წინა სეზონში, ამჯერადაც ამ სამი გუნდის საჩემპიონო რბოლა ვიხილოთ. ზამთარში, ცვლილებები სამივე გუნდში მოხდა.

დინამო თბილისის მწვრთნელი კახა ჩხეტიანი, სპორტული დირექტორი ზაზა დოლიძე და ბრაზილიელი ლეგიონერი პერნამბუკუ
📷 | დინამო თბილისი

დინამო თბილისი ესპანელმა მწვრთნელებმა დატოვეს და გუნდი კახა ჩხეტიანმა ჩაიბარა, რომელმაც ქუთაისის ტორპედოში წარმატებული მუშაობით დაგვამახსოვრა თავი. ჩხეტიანმა დინამოში რამდენიმე ტორპედოელი ფეხბურთელიც წაიყვანა, მათ შორის კაპიტანი როინ კვასხვაძე და მთავარი მეგოლე თორნიკე კაპანაძე. დინამომ ჯერ გაუშვა და შემდეგ დაიბრუნა ესპანელი მეკარე ხოსე პერალესი. გუნდში კიდევ არაერთი ახალწვეულია - მათ შორის ირაკლი ბუღრიძე და ოთხი ლეგიონერი: ფილიპ ორსულა, ივან ტრუბოჩკინი, საიმონ ბენიო და პერნამბუკუ. თუ თურქეთში გამართულ ამხანაგურ მატჩებს და საქართველოს სუპერთასის თამაშს გავითვალისწინებთ, ახალი დინამო ჯერ ჩამოყალიბების ფაზაშია და გუნდი შორსაა ოპტიმალური ფორმისგან.

ფავორიტებს შორის დინამო ბათუმი ერთადერთი გუნდია, რომელმაც მთავარი მწვრთნელი შეინარჩუნა. გაბრიელ რამოსის გარდა, გუნდში ყველა წამყვანი ფეხბურთელი დარჩა და ახლებიც მივიდნენ. ბათუმურ გუნდს რეინალდო შეუერთდა, რომელმაც აზერბაიჯანულ ყარაბაღში შედეგიანი თამაშით დაგვამახსოვრა თავი. დინამოში კიდევ რამდენიმე ახალწვეულია: გამოცდილი ნიგერიელი მცველი გოდფრი ობოაბონა, ჩვენთვის კარგად ნაცნობი ვაგნერ გონსალვეში, 18 წლის ბრაზილიელი ტალანტი ჟულიუ ვინისიუსი და უკრაინელი მეკარე იჰორ ლევჩენკო. ბათუმელთა კიდევ ერთი შენაძენი მათე ცინცაძეა.

დინამო ბათუმის ახალი ლეგიონერები: რეინალდო, ობოაბონა, ვინისიუსი და ვაგნერი
📸 | დინამო ბათუმი

დიდია შანსი, პირველივე ტურიდან ობოაბონა, ვაგნერი და ცინცაძე ძირითად შემადგებლობაში ვიხილოთ. ფაქტია, რომ ბათუმური გუნდი ზამთარში გაძლიერდა და ამ გადასახედიდან, შესაძლოა ჩემპიონატის მთავარი ფავორიტიც კი იყოს.

საბურთალომ სეზონი საქართველოს სუპერთასის მოგებით დაიწყო, იქამდე კი გუნდში დიდი ცვლილებები მოხდა. გასული სეზონის ბოლოს, საბურთალო გიორგი ჭიაბრიშვილმა დატოვა, მისი ადგილი კი გია ცეცაძემ დაიკავა. კლუბის ხელმღვანელებმა ახალ მწვრთნელთან ერთად 3-წლიანი გეგმა შეიმუშავეს, თუმცა ესპანურ შეკრებაზე გუნდში კონფლიქტი მოხდა და ცეცაძემ მწვრთნელის პოსტი დანიშვნიდან ერთ თვეში დატოვა. კონფლიქტი საბურთალოში გიორგი ჭანტურიას მისვლას მოჰყვა, რომელიც ასევე წავიდა გუნდიდან.

ერთი თვის მონაკვეთში, გია ცეცაძე და გიორგი ჭანტურია საბურთალოში მივიდნენ და წავიდნენ

ჯერჯერობით, საბურთალოს მწვრთნელი თემურ შალამბერიძეა, რომელმაც გუნდს უკვე მოაგებინა სუპერთასი. თბილისურ გუნდს რამდენიმე ახალი ლეგიონერი ჰყავს, თუმცა ამ ეტაპზე, ძირითად შემადგენლობაში მხოლოდ ჰოლანდიელი შემტევი ჟეროენ ლუმუ უნდა მივიაზროთ. სხვა მხრივ, გუნდის ძირითადი ბირთვი უცვლელია.

ევროსაგზურისთვის მებრძოლი გუნდები

არ გამოვრიცხავთ, რომ საჩხერის ჩიხურამ, გორის დილამ და თბილისის ლოკომოტივმა ჩემპიონობისთვის იბრძოლონ, მაგრამ უფრო რეალურია, რომ ამ გუნდების პროგრამა მაქსიმუმი ევროსაგზურისთვის ბრძოლა იყოს. ერთი რან ცხადია: ეს გუნდები ფავორიტებს ბევრ პრობლემას შეუქმნიან და ადვილად არავისთან არაფერს დათმობენ.

საინტერესოა, როგორი გუნდი იქნება ჩიხურა სოსო ფრუიძის გარეშე, რომელიც 12 წელი ედგა საჩხერულ გუნდს სათავეში და პოსტი ამ ზამთარს დატოვა. კლუბის ხელმძღვანელების გადაწყვეტილებით, მისი ადგილი ვახტანგ თურმანიძემ დაიკავა. ჩიხურამ შეკრება თურქეთში გაიარა და რამდენიმე ამხანაგური მატჩიც გამართა. 

სოსო ფრუიძე საჩხერის ჩიხურას 12 წელი ედგა სათავეში
📷 | ჩიხურა

გორის დილაში დიდი ცვლილებები მოხდა: კლუბმა 15-ზე მეტი ფეხბურთელი გაუშვა და მინიმუმ 10 მოთამაშე დაიმატა. წავიდნენ ლეანდრო რიბეირო, ალვინ ტერა, გიორგი კუცია, გურამ გოშთელიანი და ძირითადი შემადგენლობის სხვა მოთამაშეები. ახალწვეულებში ერთი მალელი (მამაიე კულიბალი) და ერთი მალაველი (ფრანცისკო მადინგა) ფეხბურთელია. რას უნდა ველოდოთ ამ მოთამაშეებისგან და ზოგადად, გორული გუნდისგან, რთული სათქმელია. სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში, დილაში ტრადიციად დამკვიდრდა ბევრი ცვლილება, თუმცა გუნდი ამ პირობებშიც ახერხებს სატურნირო ცხრილის შუაში ყოფნას და ევროსაგზურისთვის ბრძოლას.

ლოკომოტივი საინტერესო და პერსპექტიული გუნდია, თუმცა რაღაც ყოველთვის აკლდება, რომ საუკეთესო სამეულში მოხვდეს და მაღალი მიზნებისთვის იბრძოლოს. გასულ სეზონში, თბილისურმა გუნდმა ევროპალიგის საგზური მოიპოვა და იქნებ ეს აღმოჩნდეს ბიძგი ახალ საფეხურზე ასასვლელად.

ლოკომოტივის მთავარი მწვრთნელი ლევან კორღალიძე
📷 | ლოკომოტივი

ცალკე თემაა ქუთაისის ტორპედო, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში იყო ფინანსურ კრიზისში და გუნდი ბოლო მომენტში გადაურჩა ეროვნული ლიგიდან მოკვეთას. ბოლო მომენტში, ქუთაისურ კლუბს იტალიელი ინვესტორი ფაბიო მანინო გამოუჩნდა, რომელმაც მწვრთნელ მიხეილ აშვეთიასთან ერთად მოკლე პერიოდში შეკრიბა ახალი გუნდი. ქუთაისელებს დიდი მიზნები აქვთ, თუმცა ამ ეტაპზე, გუნდი შორს არის ოპტიმალური ფორმისგან. ტორპედოს გაძლიერებას უფრო სეზონის მეორე ნახევარში უნდა ველოდოთ, როდესაც გუნდი მინიმუმ შეთამაშდება. დღეს, რთულია პროგნოზირება, რა იქნება ტორპედოს მიზანი მიმდინარე სეზონში. ლოგიკურად, ქუთაისური გუნდის პროგრამა მაქსიმუმი სატურნირი ცხრილის შუაში გამაგრება უნდა იყოს.

ტორპედოს მწვრთნელი მიხეილ აშვეთია და იტალიელი ინვესტორი ფაბიო მანინო
📷 | ტორპედო

ახალი გუნდები

ეროვნული ლიგა 2-დან უმაღლესში სამი გუნდი აღზევდა: სამტრედია, თბილისის მერანი და თელავი. აქედან ორი გუნდი დებიუტანტია საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში: თელავი და მერანი. სატრანსფერო ბაზარზე ყველაზე ნაკლებად მერანმა იაქტიურა, რომელმაც იმ გუნდის ძირითადი ბირთვი შეინარჩუნა, რომელმაც ელიტის საგზური მოიპოვა.

სამტრედიამ ბევრი ახალი მოთამაშე დაიმატა, მათ შორის დიეგო დიზი, რომელიც ისლანდიური გრანდავიკიდან გადაიბირეს, სტრაფინია კსტრევსკი სერბული ცრვენა ზვეზდადან, სამუელ ინკუმი ბულგარული დუნავ უსედან და სტეფან სიკაჩი, რომელიც უგუნდოდ იყო.

ახალი ლეგიონერები თელავშიც არიან: ლიონელ ენგუენე, რომელიც ქუვეითური გუნდიდან ჩამოვიდა საქართველოში, რაფაელ ჩუკურა, რომელიც ქუთაისის ტორპედოდან გვახსოვს, ვლადისლავ კრაევი უკრაინის ქვედალიგელ ვოვჩანსკიდან და ვლადიმირ დიმიტროვსკი, რომელიც უგუნდოდ იყო. თუ რას წარმოადგენენ ეს ფეხბურთელები, მოედნებზე გამოჩნდება. წინ საინტერესო სეზონი გველოდება და ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლები.  

თელავი უმაღლესი ლიგის დებიუტანტია
📷 | თელავი

 

კომენტარები

ბოლო ამბები