Thumbnail

“მენტალიტეტს ვერ იყიდი!” ოლივერ კანმა პსჟ გაანადგურა

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • რეალთან მარცხის შემდეგ პარი სენ-ჟერმენი კრიტიკის ქარცეცხლშია.
  • ლეგენდარულმა გერმანელმა მეკარემ ფრანგული კლუბი გაანადგურა.
  • Le Parisien-მა პსჟ-ს იმპოტენტი გუნდი უწოდა.

ლეგენდარული გერმანელი მეკარე ოლივერ კანი ახლა ტელეკომპანია ZDF-ის ექსპერტია, რომლის ეთერში მნიშვნელოვან საფეხბურთო მატჩებს აანალიზებს ხოლმე. პსჟ-სა და რეალის მატჩის შემდეგ, რომელიც მადრიდელებმა პარიზში 2:1 მოიგეს და ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში გავიდნენ, 48 წლის კანმა ფრანგული კლუბი კრიტიკის ქარცეცხლში გაატარა.

“არც კი ვიცი, რა დავარქვა იმას, რაც პარიზელებმა ითამაშეს. ფეხბურთს ჰგავდა, მაგრამ ეს ფეხბურთი არ იყო. არც დაცვაში ჩადგნენ და ვერც უტევდნენ - საერთოდ ვერაფერს აკეთებდნენ. თითქოს ჩასვრილები იყვნენ... არადა, ეს არის გუნდი, რომელსაც ძალიან ბევრი ფული აქვს და სუპერვარსკვლავებს ყიდულობს. პსჟ-ს ხელმძღვანელებს უნდათ, რომ მათი გუნდის გრანდობა ყველამ აღიაროს, მაგრამ პარი სენ-ჟერმენს გრანდობამდე ბევრი აკლია,” - განაცხადა კანმა.

ოლივერ კანი: საფეხბურთო გრანდს ყოველთვის აქვს თავისი მენტალიტეტი, რომელიც არსად იყიდება. ის ათწლეულების მანძილზე უნდა გამოიმუშავო!

ოლივერ კანი ZDF-ის სტუდიაში

“ტიტანის” თქმით ის პირველივე ტაიმში მიხვდა, რომ პსჟ რეალთან აბსოლუტურად უშანსოდ იყო: “ერთადერთი, რაც მომეწონა, პარიზელი გულშემატკივრების მონდომება იყო. რაც შეეხება გუნდს - მე რომ შეიხი ვიყო, შევძლებ, რომ ყველა ტოპ-ფეხბურთელი ვიყიდო, მაგრამ მენტალიტეტს ვერ ვიყიდი! საფეხბურთო გრანდს ყოველთვის აქვს თავისი მენტალიტეტი, რომელიც არსად იყიდება. ის ათწლეულების მანძილზე უნდა გამოიმუშავო,” - დასძინა ოლიმ.

კანი კონკრეტულ ფეხბურთელებსაც შეეხო: “ხავიერ პასტორე ალბათ საკუთარ თმას უფრო მეტ დროს უთმობს, ვიდრე იმაზე ფიქრს, თუ როგორ უნდა დაამარცხონ მან და მისმა თანაგუნდელებმა რეალი. ფაქტი ერთია: მადრიდულ გრანდს, რომელსაც ჩემპიონთა ლიგა ზედიზედ ორჯერ აქვს მოგებული, უფრო მეტი მოტივაცია ჰქონდა, ვიდრე პსჟ-ს, რომელიც მიუხედავად შეიხების მილიონებისა, ვერაფერს ახერხებს.”

პარიზული კლუბი პრესამაც მაგრად გააკრიტიკა. 

“პსჟ საშუალო დონის გუნდს ჰგავდა, რომლისთვისაც ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში თამაშიც კი დიდი მიღწევაა,” - წერდა ესპანური “სპორტი”.

“პარი სენ-ჟერმენი იმპოტენტი და განადგურებულია. პსჟ-ს მომავალი, რბილად რომ ვთქვათ, ცუდად გამოიყურება,” - ვკითხულობთ Le Parisien-ში...

არანაირი სასწაული - რეალმა პსჟ ელიტიდან გააგდო

კომენტარები

ბოლო ამბები