Thumbnail
  • ირაკლი კობახიძის პირველი სამსახური საფეხბურთო გაზეთი ‘11X11’ იყო
  • როგორია მისი საფეხბურთო გემოვნება და რას ელოდება საქართველოს ნაკრებისგან
  • რას ფიქრობს სახელმწიფოს მიერ ფეხბურთში ჩადებულ მილიონებზე
  • სანდრო ცნობილაძის ინტერვიუ პარლამენტის ყოფილ თავმჯდომარესთან

მსოფლიოში ვერავინ იპოვნის პარლამენტის ყოფილ, ან მოქმედ თავმჯდომარეს, რომელიც თავის დროზე სპორტული, უფრო კონკრეტულად კი, საფეხბურთო ჟურნალისტი იყო. ირაკლი კობახიძე სტუდენტობის ბოლო ორი წლის მანძილზე, სწავლის პარალელურად, გაზეთ 11X11-ში მუშაობდა. საქართველოს პარლამენტის ყოფილ თავმჯდომარეს ფეხბურთი უყვარს, თუმცა მისი საფეხბურთო გემოვნების შესახებ აქამდე ბევრი არაფერი იყო ცნობილი.

POPSPORT: მოდით, ცოტა დეტალურად გავიხსენოთ პერიოდი, როდესაც თქვენ საფეხბურთო ჟურნალისტი იყავით.

ირაკლი კობახიძე: ეს ჩემი პირველი სამსახური იყო. სტუდენტი ვიყავი და გაზეთ 11X11-ში კურსელის რეკომენდაციით მოვხვდი. მახსოვს, რამდენიმე კურსელს გვკითხა, გვინდოდა თუ არა ამ მიმართულებით მუშაობა და ჩემი ფეხბურთისადმი სიყვარულის გამო დავთანხმდი. სულ დაახლოებით ორი წელი ვიმუშავე. თავიდან კორესპონდენტის სტატუსით, შემდეგ კი საერთაშორისო ფეხბურთის განყოფილების რედაქტორი ვიყავი. საინტერესო პერიოდი იყო. მიწევდა ინტერვიუებზე მუშაობა, სხვა და სხვა მასალის თარგმნა, მატჩების მიმოხილვების წერა. არაჩვეულებრივი კოლეგები მყავდა და ნამდვილად კარგად მახსენდება.

POPSPORT: რამ, ან ვინ განაპირობა თქვენი საფეხბურთო გემოვნების ჩამოყალიბება?

კობახიძე: ფეხბურთის სიყვარული ოჯახური ტრადიციაა. მამაჩემს სპორტის ეს სახეობა ძალიან უყვარს. ბუნდოვნად მახსოვს მსოფლიოს 1982 წლის ჩემპიონატი. პატარა ვიყავი, სამი წლის, ოთხის ვხდებოდი. იმ ტურნირს შინაარსობრივად ვერც გავიაზრებდი, თუმცა მამაჩემისგან ვიცი, რომ აქტიურად ვუყურებდი და როდესაც დასრულდა, ასევე აქტიურად ვითხოვდი პაოლო როსის მაისურს. ვამბობდი, რომ როსი ვიყავი. მოკლედ, ამ ფეხბურთელისადმი სიყვარულს ყველანაირად ვამჟღავნებდი. სწორედ იმ პერიოდიდან მოყოლებული, იტალიის ნაკრების გულშემატკივარი გავხდი. 1986 წელს ძალიან მძიმედ განვიცადე, როდესაც იტალიელები მერვედფინალში ფრანგებთან დამარცხდნენ. პირველი ტურნირი იყო, როდესაც იტალიელებს მთელი გულით ვქომაგობდი და ამიტომაც, მათი წაგება რთულად გადავიტანე.

POPSPORT: მეგობრების წრეში როგორ იყო პრიორიტეტები გადანაწილებული. უმრავლესობა იტალიის ნაკრების ქომაგი იყო?

კობახიძე: ისე დაემთხვა, რომ უმრავლესობა სწორედ იტალიის ნაკრებს ვქომაგობდით, თუმცა იყვნენ გამონაკლისებიც, რომლებიც არგენტინის, ესპანეთის ნაკრებებს უჭერდნენ მხარს.

POPSPORT: არგენტინის ფანი ვინ იყო?

კობახიძე: ერთ-ერთი ჩვენი მეგობარი, რომელთან ერთადაც ფინალს ვუყურე (იგულისხმება 2014 წლის მუნდიალის ფინალი). მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება შენმა საყვარელმა გუნდმა წააგოს, ფეხბურთი ყველა შემთხვევაში დადებითი ემოციების გამომწვევი მოვლენაა. არაჩვეულებრივი გრძნობაა, როდესაც ფეხბურთს უყურებ და რომელიმე გუნდს ქომაგობ

'სამწუხაროდ, ევროპის ჩემპიონატები ზუსტად არჩევნების წინ არის ხოლმე, ეს კი ფეხბურთის ყურებისთვის მაინცდამაინც საუკეთესო დრო ვერ არის'

POPSPORT: დღეს რა როლს თამაშობს სპორტის ეს სახეობა თქვენს ცხოვრებაში?

კობახიძე: ფეხბურთისადმი სიყვარული დღემდე მომყვება, მაგრამ ვაღიარებ, რომ დროის უქონლობის გამო, მატჩების ყურებას ხშირად ვერ ვახერხებ. ვცდილობ ნახევარფინალები და ფინალები არ გამოვტოვო. სამწუხაროდ, ევროპის ჩემპიონატები ზუსტად არჩევნების წინ არის ხოლმე, ეს კი ფეხბურთის ყურებისთვის მაინცდამაინც საუკეთესო დრო ვერაა…

POPSPORT: ბაჯო თუ ზიდანი?

კობახიძე: ბაჯოს მიმართ უფრო სუბიექტური ვარ. მახსოვს მისი თამაშები ნაკრებშიც და კლუბებშიც. ძალიან დახვეწილი მოთამაშე იყო. ერთ-ერთი ჩემი უსაყვარლესი ფეხბურთელია. ზიდანი, მიღწევებიდან გამომდინარე, მაინც უფრო სხვა მასშტაბია. მას ყველაფერი მოგებული აქვს. სტილიც სრულიად გამორჩეული ჰქონდა.

POPSPORT: კლუბი რომ გქონდეთ, რომელს აიყვანდით?

კობახიძე: უფრო პრაგმატული მიდგომით ზიდანს, მაგრამ სტილიდან და თამაშის მანერიდან გამომდინარე, შეიძლება, უპირატესობა ბაჯოსთვის მიმენიჭებინა.

'თუ მესის და რონალდოს შევადარებთ, უფრო მეტად მესისკენ ვიხრები'

POPSPORT: ირაკლი კობახიძის საყვარელი ფეხბურთელი ვინ არის?

კობახიძე: ემოცია პაოლო როსის მიმართ დღემდე მომყვება. ძალიან ხშირად მიყურებია მომენტებისთვის, მთლიანად მატჩებისთვის, რომელშიც იგი თამაშობდა. ძველ ეპოქაში პელესთან და მარადონასთან მიახლოებულიც კი არავინ იყო, დღეს კი ასეთები რონალდო და მესი არიან. თუ მესის და რონალდოს შევადარებთ, უფრო მეტად მესისკენ ვიხრები.

POPSPORT: 1998 წლის მსოფლიო ჩემპიონატამდე არგენტინის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა დანიელ პასარელამ თავის ფეხბურთელებს თმის შეჭრა მოთხოვა. ამის გამო ეს ტურნირი ფერნანდო რედონდომ გამოტოვა. შეიჭრიდა ირაკლი კობახიძე თმას, იმ ფორმაციის არგენტინის ნაკრების ფეხბურთელი რომ ყოფილიყო?

კობახიძე: (იცინის) რედონდოს მივბაძავდი. პასარელას ალბათ ჰქონდა თავისი მოსაზრებები. იგი დიდი მწვრთნელი იყო, ამიტომაც მას ჰქონდა უფლება, ეს მოეთხოვა, თუმცა მგონია, რომ არჩევანის უფლება ფეხბურთელსაც უნდა ჰქონდეს. ზოგადად, ფეხბურთის ვარსკვლავებს რომ მივუბრუნდეთ, შესაძლოა გარკვეული მათგანის მასშტაბი ისეთი დიდი ვერ იყოს, როგორც სხვა მოთამაშის, მაგრამ არსებობს სუბიექტური აღქმაც. მაგალითად, ტიერი ანრი, დენის ბერგკამპი, რომელთა თამაშის სტილი განსაკუთრებით მიყვარდა და მომწონდა.

ირაკლი კობახიძე, კახი კალაძე და მამუკა ბახტაძე

POPSPORT: საყვარელი კლუბი?

კობახიძე: ჩემი პრინციპია - წარმატება პლუს ორიგინალური სტილი. სხვადასხვა ჩემპიონატში ვარჩევ ასეთ გუნდებს. ესპანეთში ბარსელონა, გერმანიაში დორტმუნდის ბორუსია, ინგლისში თავის დროზე გამორჩეულად მომწონდა მანჩესტერ იუნაიტედი და არსენალი, ეს იმ პერიოდში, როდესაც ფერგიუსონის და ვენგერის ეპოქები იყო.

POPSPORT: თქვენი პირველი ემოციები დამოუკიდებელი საქართველოს ნაკრების გამოსვლასთან დაკავშირებით - რაზე დაგწყდათ ყველაზე მეტად გული და რამ გაგახარათ?

კობახიძე: ყველაზე ემოციური იყო პირველი საკვალიფიკაციო ტურნირი და რა თქმა უნდა, მოლდოვასთან პირველი თამაშის წაგება ყველაზე დიდი იმედგაცრუება გამოდგა. მოლოდინი ძალიან დიდი იყო - ახალგაზრდა, ძალიან კარგი მოთამაშეები გვყავდა, მაგრამ სამწუხაროდ, ცუდად დავიწყეთ და მერე ეს წარუმატებლობა მთელ შესარჩევ ციკლს გაყვა, პირველი და ბოლო თამაშები წავაგეთ. ორჯერ დავმარცხდით მოლდოვასთან, მაგრამ იმავე ციკლში იყო პირველი მოგებაც - უელსთან, შემდეგ ბულგარეთთან ძალიან კარგი თამაში და გამარჯვება. ის ციკლი ყველაზე ემოციურად მახსენდება და როგორი ემოციურიც იყო პირველი წაგება, ასევე ძალიან ემოციური იყო პირველი მოგება. მაშინ ემოციები მძლავრობდა, მოლოდინებიც ძალიან დიდი იყო. შემდეგ ეს ემოციები ცოტა მინელდა, მაგრამ დიდი იმედი მაქვს, რომ მარტის თვიდან, თუ ჩვენი ნაკრები წარმატებული იქნება, ეს ემოციური ფონი ისევ წამოვა.

გამოკითხვა

ვინ გავა ფინალში?

  • საქართველო
  • ბელარუსი

POPSPORT: როგორც ხელისუფლების წარმომადგენელს, აუცილებლად უნდა გკითხოთ, აქვე გიფიქსირებთ, რომ გამაჩნია განსხვავებული აზრი. სახელმწიფო ხარჯავს ფეხბურთის განვითარებაში ფულს. გასაგებია, რომ ევროპული საზომით ეს თანხა შეიძლება დიდი არაა, მაგრამ საქართველოში სხვა რეალობაა. რამდენად გამართლებულად მიგაჩნიათ ეს დონაცია და თქვენი გადმოსახედიდან, ამ თანხის ხარჯვამ რამე ხელშესახები დადებითი თუ მოგვიტანა?

კობახიძე: მიზანი ამ ხარჯებისა არის ის, რომ ელემენტარული დონე იყოს შენარჩუნებული. იცით, რომ სპორტის ეს სახეობა ძალიან კომერციალიზებულია და კლუბების შენახვა დიდ თანხებთანაა დაკავშირებული. მაგალითად, კიევის დინამოს და დონეცკის შახტარის მხოლოდ სახელფასო ფონდი 25 მილიონი ევროა. ასეთ ვითარებაში, კერძო ბიზნესისთვის გარისკვა და თუნდაც ამის მეათედის ჩადება რთულია, რადგანაც ბურთი მრგვალია და შესაბამისად რისკმა, ანუ ინვესტირებამ შესაძლოა არ გაამართლოს. ჩვენი გადაწყვეტილება იყო, რომ სახელმწიფოს მინიმალური წვლილი შეეტანა ფეხბურთის განვითარებაში, ჩემპიონატის ხარისხის უზრუნველყოფაში.

'გასაგებია, რომ ჩვენი ბიუჯეტი მწირია და ეს მილიონები ცოტა არ არის, მაგრამ მიმაჩნია, რომ ინვესტიცია, თუნდაც კომერციული გათვლით გამართლებულია'

ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დიდი ინვესტიცია იდება ბავშვთა ფეხბურთში. მე ვიყავი ლევან კობიაშვილთან და ჩემს კოლეგებთან ერთად ლაგოდეხში, სადაც ბაზაა გახსნილი და მთელი რეგიონიდან ჩაჰყავთ ნიჭიერი ბავშვები, რომლებიც იქ ცხოვრობენ, სწავლობენ, ფეხბურთს თამაშობენ, ვარჯიშობენ. ვფიქრობ, რომ ბავშვთა ფეხბურთში ჩადებული ინვესტიცია ყველაზე მნიშვნელოვანია და სწორედ ამ მიმართულებიდანაა ყველაზე დიდი ამონაგები. გასაგებია, რომ ჩვენი ბიუჯეტი მწირია და ეს მილიონები ცოტა არ არის, მაგრამ მიმაჩნია, რომ ინვესტიცია, თუნდაც კომერციული გათვლით გამართლებულია. ერთი-ორი ფეხბურთელი წარმატებული თუ გაიზრდება, ისინი ამ ინვესტიციას აუცილებლად ამოიღებენ. გარდა ამისა, ნუ დაგვავიწყდება, რომ სპორტის მხარდაჭერა ჯანსაღი ცხოვრების წესის მხარდაჭერაცაა და მნიშვნელოვანია, ეს ინვესტიცია ამ კუთხითაც იყოს აღქმული.

წაიკითხე | გიგა ბოკერია: გვყავს ფეხბურთელი, რომლის გამოც ხალხმა სტადიონი უნდა გაავსოს

POPSPORT: მაგრამ ამასთან ერთად, ზაფხულში მოსული თოვლივით, ქომაგს თავს არარატ არმენიასთან წაგება დაატყდა და ეს იმის ფონზე, რომ ფეხბურთში მილიონები იდება…

კობახიძე: თანხა ბევრიცაა და ცოტაც. როგორც ვთქვი, ინვესტირება იმისთვის ხდება, რომ ეროვნულ ჩემპიონატში მინიმალური ხარისხი იყოს უზრუნველყოფილი, თუმცა ესეც არაა საკმარისი. ეს თანხა, ახლოსაც ვერ მივა თუნდაც ესპანეთის დაბალბიუჯეტიანი გუნდების სახელფასო ფონდთანაც კი. თანხა არაა ცოტა, მაგრამ ცოტაა, თუ მას საერთაშორისო სტანდარტებს შევადარებთ. ამას შემდეგ უნდა შეეხიდოს ბავშვთა ფეხბურთი და ახალი თაობა, რომელიც წამოვა და ეროვნულ ჩემპიონატს გააძლიერებს.

POPSPORT: რას ეტყოდით მარტის უმნიშვნელოვანესი თამაშების წინ ქართველ ქომაგებს და ფეხბურთელებს?

კობახიძე: მოლოდინი ძალიან დიდია. ჭარბი ემოციების წინასწარ შექმნა კარგი არ არის. თითოეული ფეხბურთელი ამ თამაშებს პრაგმატულად უნდა მიუდგეს. დარწმუნებული ვარ, რომ ზუსტად ასე მიუდგებიან. მჯერა, რომ აუცილებლად გავიმარჯვებთ. უპირატესობა ყველა თვალსაზრისით ჩვენს მხარესაა, დარწმუნებული ვარ, ჩვენი გუნდი სამივე მეტოქეზე ძლიერია. გვყავს ძალიან გამოცდილი მოთამაშეები. ორივე მატჩს სახლში ვთამაშობთ და აქედან გამომდინარე, წესით წარმატება ჩვენს მხარეს უნდა იყოს. თითოეულ გულშემატკივარს უდიდესი მოლოდინი აქვს, მეც ერთი სული მაქვს, როდის მოვა ეს დღეები.

POPSPORT: გიხილავთ სტადიონზე?

კობახიძე: 26-ში სტადიონზე აუცილებლად ვიქნები, 31-ში კი მემთხვევა ვიზიტი ანკარაში, სადაც საქართველოს თემა განიხილება და არ ვიცი, რა მოვახერხო. იმედია, მოხერხდება და დღის წესრიგში ცვლილება შევა, თუმცა ბოლომდე მარტო ჩემზე არაა დამოკიდებული. 26-ში კი აუცილებლად ვიქნები სტადიონზე.

გამოკითხვა

ვინ გავა ევროპის ჩემპიონატზე?

  • საქართველო
  • ბელარუსი
  • კოსოვო
  • ჩრდილოეთ მაკედონია

კომენტარები

ბოლო ამბები