Thumbnail
  • ინდიანა პეისერსი 106:100 პორტლენდ ტრეილ ბლეიზერსი
  • მაკმილანმა გოგა ბითაძე ამჯერად 6 წუთი და 40 წამი ათამაშა
  • 10 ქულას პეისერსის ყველა სტარტერი გადაცდა

დამიან ლილარდის გარეშე პორტლენდს პლეი ოფში მოსახვედრად ბრძოლა ძალიან უჭირს. გოგა ბითაძის ინდიანა პეისერსთან გასვლით მატჩში ტრეილ ბლეიზერსს სი ჯეო მაკკოლუმის 28 ქულა და 8 პასი არ ეყო - მიუხედავად იმისა, რომ ლილარდის შემცვლელმა გარი ტრენტმაც კარგად ითამაშა (20 ქულა, 4/8 სამქულიანი).

ინდიანამ კი შესანიშნავი გუნდური თამაში აჩვენა - პეისერსის ყველა სტარტერს ორნიშნა შედეგი ჰქონდა. ბითაძის გუნდიდან საუკეთესო დომანტას საბონისი გახლდათ - 20 ქულით და 11 მოხსნით ლიეტუველმა ორმაგი დუბლი შეასრულა. მალკოლმ ბროგდონის აქტივში 17 ქულა და 8 პასი იყო. ვიქტორ ოლადიპომ დაბრუნების შემდეგ ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი ჩაატარა და 15 ქულა და 7 მოხსნა ჰქონდა. შედეგად, ინდიანამ ბოლო 5 თამაშიდან მე-4 მოიგო.

ინდიანას მთავარმა მწვრთნელმა ნეიტ მაკმილანმა ბითაძე ამჯერად 6 წუთი და 40 წამი ათამაშა. პეისერსის 20 წლის ქართველმა ცენტრმა ამ დროში 2 ქულის მოპოვება მოახერხა - მან 3 მცდელობიდან 1 ჩააგდო. აღსანიშნავია, რომ გოგამ ორჯერ ესროლა სამქულიანი და ორივეჯერ უშედეგოდ. ბითაძეს 1 მოხსნა (დაცვაში) და 1 დაფარებაც ჰქონდა. საბოლოოდ მას +/- კოეფიციენტი +2 გამოუვიდა. 

მეოთხე პერიოდის შუაში მატჩის ბედი უკვე გადაწყვეტილი ჩანდა, რადგან ინდიანა 96:82 იგებდა. თუმცა მერე იყო პორტლენდის 18:7 გაქცევა და თამაშიც კიდევ ერთხელ დაიძაბა.  მაგრამ გადამწყვეტ ფაზაში სტუმრებმა ვერაფერი მოახერხეს, მაილს ტერნერმა კი (14 ქულა, 10 მოხსნა) საფინალო სირენამდე 9 წამით ადრე პერიმეტრიდან ჩააგდო და ყველაფერი დამთავრდა.

“ამ თამაშის მოგება შეგვეძლო, - განაცხადა იმედგაცრუებულმა მაკკოლუმმა, - შანსი გვქონდა. კარგად დავბრუნდით და ბოლოს მეტი ყურადღება გვმართებდა.

ინდიანა პეისერსი 59 თამაშის შემდეგ, 35 მოგებით და 24 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-6 ადგილზეა და მეშვიდე პოზიციაზე მყოფ ბრუკლინს (26-31) დამაჯერებლად უსწრებს. გოგა ბითაძის გუნდი მომდევნო მატჩს პირველ მარტს, სტუმრად, კლივლენდ კავალიერსთან გამართავს.

📺 ვიდეო: ინდიანა 106:100 პორტლენდი (მიმოხილვა)

კომენტარები

ბოლო ამბები