Thumbnail
  • ფიჯის ნაკრებს თბილისში 21 ნოემბერს უნდა ველოდეთ
  • კუნძულელებთან 4-დან მხოლოდ 1 მატჩი გვაქვს მოგებული

საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა, შესაძლოა, 21 ნოემბერს ფიჯისთან ტესტ-მატჩი ჩაატაროს.

21 ნოემბრის ტესტების განრიგი ვიკიპედიაზე

აღნიშნული ინფორმაცია, დღეს, თავდაპირველად ფიჯურმა ვებგვერდებმა გაავრცელეს, მოგვიანებით კი, საქართველოსა და ფიჯის ტესტი ვიკიპედიას განრიგშიც გამოჩნდა, რომელიც სარაგბო ამბების მხრივ სანდო წყაროდ ითვლება.

ირკვევა, რომ “მფრინავი ფიჯელები" მეტოქეს საქართველოსა და რუმინეთს შორის არჩევდნენ და ის, რომ დასუსტებულ "მუხის ფოთლებს" “ბორჯღალოსნები” არჩიეს, გასაკვირი არ უნდა იყოს.

თამაში საქართველოში (დიდი ალბათობით, თბილისში) გაიმართება და ჩვენს ნაკრებს კარგი შანსი ექნება რევანში აიღოს გასულ მსოფლიო თასზე განცდილი მარცხისთვის.

შეგახსენებთ, რომ 3 ოქტომბერს ჰანაზონის სარაგბო სტადიონზე გამართულ შეხვედრაში კუნძულელთა უპირატესობა აშკარა იყო და მათ 45:10 მოიგეს.

📺 საქართველო 10:45 ფიჯი (მიმოხილვა)

სულ, “ბორჯღალოსნები” ფიჯელებს 4-ჯერ შეხვედრიან და ერთადერთხელ, ისიც სტუმრად ჰყავთ დამარცხებული.

საქართველოს ნაკრებმა 2016 წლის ივნისში სუვაში 14:3 მოიგო, მსოფლიო თასის გარდა, 2 მარცხი კი, შესაბამისად, 2012 წლის 24 ნოემბრითა და 2018 წლის 16 ივნისით თარიღდება.

პირველ შემთხვევაში, თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე 19:24 წავაგეთ, 2 წლის წინ კი, იმავე სუვაში 15:37 დავმარცხდით.

შეგახსენებთ, რომ შემოდგომისთვის “ბორჯღალოსნებს” კიდევ 1 ტესტი აქვთ დაგეგმილი. 7 ნოემბერს, სენტ ეტიენში, საქართველოს ნაკრები საფრანგეთს გაეჯიბრება.

ქართველ მორაგბეებს დატვირთული გრაფიკი აქვთ ზაფხულშიც, როდესაც აფრიკულ ტურნეზე გაემგზავრებიან. გადაწყვეტილია, რომ “ბორჯღალოსნები” 3 ივლისს ბლუ ბულსს ეთამაშებიან, 11-ში – სამხრეთ აფრიკის A ნაკრებს, ხოლო 18-ში – მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონ სამხრეთ აფრიკას.

კომენტარები

ბოლო ამბები