Thumbnail
  • ფიბამ ევრობასკეტის პირველი საკვალიფიკაციო ფანჯარა შეაფასა
  • რჩეულ კალათბურთელთა შორის გიორგი შერმადინიც მოხვდა

ფიბას ოფიციალურ ვებგვერდზე 2021 წლის ევროპის ჩემპიონატის პირველი საკვალიფიკაციო ფანჯარა შეაჯამეს და გასაკვირი არ ყოფილა, რომ ექსპერტებმა (იგორ ჩურკოვიჩი, ბრედლი გეინსი, ჯეფ ტეილორი) ქართველი კალათბურთელების გარჯაც გამოარჩიეს.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები იმ შვიდ გუნდს შორის მოხვდა, რომელთაც ორივე მატჩში გამარჯვება იზეიმეს. ილიას ზუროსის შეგირდებმა შინ შვეიცარიას 96:88 სძლიეს, სტუმრად კი, ყველასთვის მოულოდნელად სერბეთს მოუგეს – 94:90.

გასულ მატჩებში ქართველთაგან ერთ-ერთი გამორჩეული იბეროსტარ ტენერიფეს ცენტრი გიორგი შერმადინი იყო, რომელსაც საშუალოდ 19.5 ქულა და 12.0 მოხსნა (მთელს ტურნირზე საუკეთესო მაჩვენებელი) მოუგროვდა.

გასაკვირი არ ყოფილა, რომ როდესაც საუბარი სასტარტო ფანჯრის უძვირფასეს მოთამაშეზე (MVP) ჩამოვარდა, სამიდან ორმა ექსპერტმა პირველ ადგილზე შერმადინი დაასახელა.

იგორ ჩურკოვიჩი (ფიბას ექსპერტი): “შერმადინი ერთადერთია, რომელიც ორივე ტურის სიმბოლურ ხუთეულში მოხვდა. ცხადია, გამორჩეულად ითამაშა თად მაკფადენმაც, რომელმაც სერბეთთან საოცრებები აკეთა, თუმცა, გადამწყვეტი სიტყვა მაინც გიორგის ეკუთვნოდა.

შერმადინი შეტევაში ძალიან შედეგიანი იყო, ფარზეც ბევრი იმუშავა და საშუალოდ 12.0 მოხსნა მოუგროვდა. საქართველოს ნაკრებმა ორივე მატჩი ბოლო წამებზე მოიგო, არადა, შერმადინის გარეშე, დიდი იყო ალბათობა, ორივე თამაშში დამარცხებულიყო”.

ბრედლი გეინსი (ფიბას ექსპერტი): “პოლონეთის ნაკრებში მოთამაშე ეი ჯეი სლოტერთან ერთად, გიორგი შერმადინი უნდა გამოვარჩიო. ქართველმა კალათბურთელმა საწყისი ტურების მატჩებზე დიდი ზეგავლენა იქონია.

საქართველო 2 მოგებით ჯგუფში გალიდერდა, შერმადინის გარეშე კი, შესაძლოა, აქტივში 1 გამარჯვებაც არ ჰქონოდა. 2 ორმაგი დუბლი, 2 მოგება – ქართველმა ცენტრმა აღიარება დაიმსახურა”.

შეგახსენებთ, რომ საქართველო ევროვასკეტი 2021-ს ერთ-ერთი მასპინძელია და ფინალურ ეტაპზე თამაში გარანტირებული აქვს, თუმცა, მაინც სასიხარულოა, რომ პირველი ფანჯრის შემდეგ საკვალიფიკაციო E ჯგუფში პირველ ადგილზე იმყოფება.

ქართველი კალათბურთელები მომდევნო ორ მატჩს მიმდინარე წლის ნოემბერში ჩაატარებენ: 27-ში ფინეთში სტუმრობაა დაგეგმილი, 30-ში კი, ასევე საგარეო შეხვედრაში შვეიცარიას ვეთამაშებით.

კომენტარები

ბოლო ამბები