Thumbnail
  • ხოსეპ გვარდიოლამ უჩვეულოდ ფრთხილად ითამაშა
  • კევინ დე ბრუინმა გადამწყვეტი როლი შეასრულა
  • ზინედინ ზიდანმა აქცენტი პრესინგზე გააკეთა
  • რეალმა მისთვის არატიპური შეცდომების გამო წააგო

ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის პირველი რაუნდის მთავარი დაპირისპირება მადრიდში გაიმართა. ზინედინ ზიდანის რეალი პეპ გვარდიოლას მანჩესტერ სიტის მასპინძლობდა. შეხვედრას დამატებით ინტრიგას რამდენიმე ფაქტორი სძენდა: მეოთხე სეზონია, რაც გვარდიოლა მანჩესტერშია და კიდევ ერთი წარუმატებლობა ჩემპიონთა ლიგაზე, სიტისთვის კატასტროფა იქნება. ტრადიციულად, ჩემპიონთა ლიგა რეალისთვისაც პრიორიტეტული ტურნირია. გარდა ამისა, შეხვედრას ინტერესს სძენდა ის ფაქტი, რომ ეს განსხვავებული სტილის ამ ორი მწვრთნელის პირველი დაპირისპირება იყო. როგორ და რატომ მოუგო გვარდიოლას სიტიმ ზიდანის რეალს?

ძალიან ფრთხილი მანჩესტერ სიტი

გულშემატკივარმა არატიპური სიტი ნახა. გვარდიოლა მისთვის არასტანდარტულად მოიქცა და ჩვეულ თამაშზე ნაწილობრივ უარი თქვა. სიტიმ გარკვეულწილად უარი თქვა მისთვის სახასიათო მაღალ პრესინგზე და ბურთის დომინანტურ კონტროლზე - პირველ ტაიმში, საერთოდაც ბურთი რეალს უფრო ეჭირა (53 47 პროცენტის წინააღმდეგ, საერთო ჯამში 50-50), დაცვის ხაზი ბევრად უფრო ახლოს იდგა თავის კართან და მეკარესა და დაცვის ხაზს შორის სივრცეს ფაქტობრივად არ ტოვებდა. განაპირა მცველებიც უფრო ფრთხილად და იშვიათად უტევდნენ და ცდილობდნენ, დაცვაში კომპაქტურობა შეენარჩუნებინათ. სიტის თავის ნახევარზე ბურთის გათამაშების დროს უჩვეულოდ ბევრი მოთამაშე ჰყავდა.

სიტის შეტევის დაწყების დროს თავის ნახევარზე 8 მოთამაშე ჰყავს

გვარდიოლას პრიორიტეტები შემადგენლობისთანავე გახდა ცნობილი: როდრის გვერდით მეორე საყრდენი ილქაი გიუნდოგანი გამოჩნდა, რაც იმას ნიშნავდა, რომ თავისი საჯარიმოს წინ, საყრდენის ზონაში, პეპს სურდა, ერთდროულად ორი მოთამაშე ჰყოლოდა, ხოლო უფრო შეტევაზე ორიენტირებული რაჰიმ სტერლინგი მარცხენა ფლანგზე, დაცვითი ამოცანებისთვის უფრო გამოსადეგმა ბერნარდო სილვამ შეცვალა.

გვარდიოლას მოტივაცია გასაგებია. ბოლო წლებში, სიტი პლეიოფური ფორმატისთვის ზედმეტად ღია და გახსნილი თამაშისთვის რამდენჯერმე დაისაჯა. 3 წლის წინ მონაკომ შეუგდო ორ თამაშში 6 გოლი, 2 წლის წინ ლივერპულს ეყო 30 წუთი 3 გოლის შესაგდებად, გასულ წელს კი - ტოტენჰემმა 'ეტიჰადზე' სიტის ორი არასაჭირო გოლი გაუტანა. პლეი ოფში გაშვებულ გოლს ძალიან დიდი ფასი აქვს, გვარდიოლამაც გადაწყვიტა, რომ პირველ, გასვლით შეხვედრაში პრიორიტეტული არა ბურთის და ტერიტორიის კონტროლი, არამედ რისკების თავის არიდება, შეცდომების არდაშვება და მეტოქისთვის სივრცის შეზღუდვა იყო. შეტევაში სიტი თავად ელოდებოდა რეალის შეცდომებს და მოთამაშეების შეზღუდული რაოდენობით უტევდა.

შედეგად, სიტიმ რეალის მესამედზე შეხვედრის 28 პროცენტი გაატარა, რეალმა სიტის მესამედზე კი - 24. დაახლოებით იდენტური მაჩვენებელი. ანუ გამოკვეთილი ტერიტორიული უპირატესობა არცერთ გუნდს არ ჰქონია.

გვარდიოლას სტრატეგია სრულიად გამართლებული აღმოჩნდა: სიტი უჩვეულოდ უშეცდომო და ყურადღებიანი იყო დაცვაში, შეტევაში კი გვარდიოლას გუნდმა მატჩის მიწურულს მეტოქის ორი შეცდომით ისარგებლა. საერთოდაც, მთელი თამაშის მანძილზე, რეალს ტერიტორია და ბურთი თანაბრად ჰქონდა, თუმცა მომენტების შექმნას სიტი უფრო იოლად ახერხებდა. სიტის კართან რეალმა სულ რამდენიმე სახიფათო ეპიზოდის შექმნა მოახერხა.

კევინ დე ბრუინის ფაქტორი

სიტიმ მოთამაშეების დიდი რაოდენობით შეტევაზე უარი თქვა. ეს იმას ნიშნავდა, რომ ფეხბურთელების ცოტა რაოდენობით, შეტევის დროს, აქცენტი მათ კლასზე კეთდებოდა. ანუ არა მეტოქის დაცვაზე ზეწოლაზე, არამედ თავისი ფეხბურთელების კლასის წყალობით მომენტების და გოლების შექმნაზე.

ეს გეგმა რეალისტური კევინ დე ბრუინმა გახადა. ბელგიელი ალბათ მატჩის საუკეთესო მოთამაშე იყო. ორივე გუნდში ყველაზე მეტჯერ, 4-ჯერ გაიყვანა თანაგუნდელები დასარტყმელ პოზიციაზე, მუდამ ქმნიდა სახიფათო მომენტებს. მე-20 წუთზე სიტის მომენტი ასე შეიქმნა. პეპის გუნდს აქტიურ შემტევ პოზიციაში მხოლოდ 3 ფეხბურთელი ჰყავდა, რეალი კი თავის ნახევარზე 9 მოთამაშით იყო, თუმცა დე ბრუინის გახსნამ და პასმა ჟეზუშს საგოლე მომენტი შეუქმნა.

დე ბრუინის პასი და ჟეზუშის მომენტი

პირველი გოლი სწორედ მის გადაცემას მოჰყვა, როდესაც სიტის ორი ფეხბურთელი რეალის მთელ დაცვას უტევდა. რეალს საჯარიმოში 9 მოთამაშე ჰყავდა, სიტის მხოლოდ 3, თუმცა დე ბრუინის პასმა სიტის გოლი შექმნა.

კიდევ უფრო საინტერესო იყო დე ბრუინის ტაქტიკური როლი. მასთან ერთად, წყვილში გაბრიელ ჟეზუში თამაშობდა, რომელსაც აგუეროზე უკეთ ეხერხება ფლანგზე გადმოსვლა და მოედნის სიღრმეში ამოწევა. ჟეზუში პოზიციებს იცვლიდა და დე ბრუინს სივრცეს უთავისუფლებდა, ბელგიელიც რეალის საჯარიმოში ხშირად სიღრმიდან შედიოდა. ეს მანევრი კაზემირო-რამოსი-ვარანის სამეულს დაცვაში საქმეს ხშირად ურთულებდა.

არატიპური მარცხი

ჩემპიონთა ლიგის სტაჟიანი გულშემატკივარი დამეთანხმება, ამ თამაშის სცენარი უჩვეული იყო. გულშემატკივარი მიჩვეულია, რომ რეალი ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფისთვის იდეალური გუნდია. გუშინდელ შეხვედრაშიც პირველი 80 წუთი მატჩი სტანდარტული სცენარით მიდიოდა - თანაბარ თამაშში რეალმა გაიტანა და ისეთ თამაშს იგებდა, როგორიც აქამდე ბევრი მოუგია.

თუმცა, ხუთწუთიან მონაკვეთში მადრიდელებმა ყველაფერი წყალში ჩაყარეს. ჯერ სერხიო რამოსმა მისთვის ძალიან უჩვეულ სიტუაციაში მასზე დაბალ და ნაკლებად ათლეტურ გაბრიელ ჟეზუშთან დათმო საჰაერო ორთაბრძოლა.

ასე გაათანაბრა ანგარიში გაბრიელ ჟეზუშმა

შემდეგ დანი კარვახალმა სრულიად არასაჭირო სიტუაციაში, მაშინ, როდესაც რეალის დაცვას მეტოქის შეტევასთან რიცხვობრივი უპირატესობა ჰქონდა, პენალტი აიკიდა.

დე ბრუინის პენალტი

ამას კიდევ ერთი შეცდომა, საკუთარ ნახევარზე დაკარგული ბურთი და სერხიო რამოსის წითელი ბარათი მოჰყვა. მოკლედ, რეალმა ხუთწუთიან მონაკვეთში სამი ისეთი შეცდომა დაუშვა, როგორსაც არ უშვებს ხოლმე. ამ ყველაფრის ანალიზი შეუძლებელია. ლოგიკურ კატეგორიაში არ ჯდება.

კიდევ უფრო უცნაურია იმის გათვალისწინებით, რომ ზიდანს ძირითადში 7 (კარვახალი, რამოსი, ვარანი, კაზემირო, მოდრიში, ისკო, ბენზმემა) ის ფეხბურთელი ჰყავდა, რომელთან ერთადაც 3 ჩემპიონთა ლიგა მოიგო. მოკლედ, გამოცდილების პრობლემა რეალს არ უნდა ჰქონოდა.

რეალის პრესინგი

მატჩის ფრთხილი ხასიათი გვარდიოლას სასტარტო გეგმის გარდა ზიდანის ფრთხილმა სტრატეგიამაც განაპირობა. ფრანგმა მარცხნივ უფრო შემტევ მარსელოს დაცვაში უკეთესი მენდი ამჯობინა, ხოლო ტონი კროოსი სკამზე დატოვა. ეს იმიტომ, რომ კროოსი რეალის ნახევარმცველებში საუკეთესოა ბურთის გათამაშებაში, თუმცა პრესინგში თამაში ყველაზე ნაკლებად ეხერხება. ზიდანის გეგმა პრესინგს ეფუძნებოდა და სწორედ პრესინგზე ადაპტირებული მოთამაშეებზე გააკეთა აქცენტი (კაზემირო, ვალვერდე, მოდრიჩი).

თამაშის ცალკეულ მონაკვეთებში რეალის პრესინგი ძალიან ეფექტური იყო. ედერსონს ხშირად უწევდა შეტევის გრძელი პასით დაწყება, რაც უმეტეს შემთხვევაში ბურთის დაკარგვით სრულდებოდა.

რეალის პრესინგი: ედერსონი იძულებულია, გრძელი პასით დაიწყოს შეტევა

ბრაზილიელ მეკარეს მისთვის და, ზოგადად, მანჩესტერ სიტისთვის უჩვეულოდ დაბალი ზუსტი გადაცემების პროცენტი ჰქონდა - 65. რეალის გოლიც ასე გავიდა - სიტიმ მადრიდელთა ზეწოლის შედეგად ბურთი თავის ნახევარზე დაკარგა და სწრაფი შეტევა მიიღო იქამდე, სანამ სივრცეებს დაკეტავდა. მოკლედ, იმ მონაკვეთებში რეალის პრესინგი მუშაობდა, მადრიდელებს თამაში კარგად მიჰყავდათ.

ისკოს გოლი სიტის კარში

რეალს ახალი ფეხბურთელები სჭირდება

ამ ეტაპზე სიტი ბევრად უკეთ არის დაკომპლექტებული, ვიდრე ზიდანის გუნდი. საკმაოდ კარგი სათამაშო სქემის მიუხედავად, ზიდანს უბრალოდ არ ჰყავდა ის მოთამაშეები, რომლებიც დე ბრუინის მსგავსად, მეტოქის ნახევარზე არაფრიდან მომენტებს შექმნიდნენ. აზარის ტრავმის გამო ზიზუს ძალიან ცოტა არჩევანი ჰქონდა. შედეგად, მან ასიმეტრიულ სქემაზე გააკეთა აქცენტი - ბენზემას უკან მარცხნიდან ვინისიუსი თამაშობდა, შუაში ისკო იყო, მარჯვნიდან კი რეალს შემტევი ფაქტობრივად არ ჰქოლია. კარგი კანდიდატი ზიდანს ამ პოზიციაზე არ ჰყავდა. ბეილის გამოჩენა პრესინგის სტრუქტურას დაარღვევდა - უელსელს პრესინგში თამაში არ ეხერხება, სხვა არჩევანი კი, ფაქტობრივად, არც არსებობდა.

შედეგად, რეალის შეტევების 46 პროცენტი ვინისიუსის მარცხენა ფლანგიდან განხორციელდა. მარჯვნიდან კი მხოლოდ - 31 და რეალს ამ ზონიდან (მარჯვენა ფლანგიდან) არცერთი დარტყმა არ ჰქონია.

ზაფხულში რეალს მოუწევს შემტევი ხაზის გაძლიერება. გუნდს სათამაშო უპირატესობის მომენტებად გარდაქმნა უჭირს - არც კრიშტიანოს ტიპის ფორვარდი ჰყავს და არც დე ბრუინის სტილის გამთამაშებელი.

გვარდიოლას სტარტეგია გამართლებული აღმოჩნდა. სიტისმ თამაში სწორად გადააწყო. რეალი და არა სიტი იყო ის გუნდი, რომელმაც უფრო მეტი შეცდომა დაუშვა. შედეგად, რეალს სულ მცირე ორი გოლის გატანა უნდა ინგლისში. მეორე მატჩის წინ სიტის დიდი უპირატესობა აქვს. მით უმეტეს, რომ რეალს სერხიო რამოსი არ ეყოლება, რაც მათ დაცვაში ბევრ პრობლემას შექმნის.

გამოკითხვა

ვინ მოიგებს ჩემპიონთა ლიგას?

  • სიტი
  • ლივერპული
  • ბარსელონა
  • პსჟ
  • ბაიერნი
  • იუვენტუსი
  • რეალი
  • სხვა

კომენტარები

ბოლო ამბები