Thumbnail

‘ავადმყოფები შინ დარჩით’ – გენტი-რომა ჩატარდება, ქართველები განაცხადში არიან

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • ბელგიურმა კლუბმა კორონავირუსის გამო განცხადება გაავრცელა
  • გიორგი ჩაკვეტაძესა და გიორგი ქვილითაიას თადარიგში მოიაზრებენ

საფეხბურთო კლუბი გენტი, რომლის ღირსებასაც ქართველი ფეხბურთელები გიორგი ჩაკვეტაძე და გიორგი ქვილითაია იცავენ, დღეს, იტალიურ რომას უმასპინძლებს და ეცდება, ევროპის ლიგის 1/16-ფინალური ბარიერი დასძლიოს.

გამოკითხვა

ვინ გაუტანს რომას?

  • გიორგი ჩაკვეტაძე
  • გიორგი ქვილითაია
  • ორივე გაუტანს
  • ვერცერთი

სხვა შემთხვევაში, მომავალი მატჩის წინ, მთავარი სასაუბრო თემა საფეხბურთო საკითხები იქნებოდა, თუმცა, ამჯერად პირველ პლანზე ისევ კორონავირუსი გამოვიდა.

მოგეხსენებათ, ბოლო პერიოდში ჩრდილოეთ იტალიის რეგიონები მსოფლიოში გავრცელებული დაავადების ერთ-ერთ კერად იქცა, ამდენად, აპენინებზე სტუმრობას ყველა ერიდება და იტალიიდან სტუმრების მიღებაც სახიფათო გახდა.

საქმე იქამდე მივიდა, რომ მოახლოებული შეხვედრის წინ, გენტს სპეციალური განცხადების გაკეთებაც მოუხდა. ბელგიური საფეხბურთო კლუბის პრესსამსახურის ცნობით, მთავარი კითხვა ისაა, თამაშის ჩატარებას საფრთხე ხომ არ ემუქრება?

გასაკვირი არაა, რომ გენტი სიტუაციის განმუხტვას ცდილობს და ოფიციალურ ვებგვერდზე ფანებისთვის სტადიონზე ქცევის ზოგადი წესებიც გამოაქვეყნა. თამაში არ გადაიდება, თუმცა, საჭიროა ქომაგებმა ელემენტარული ჰიგიენური ნორმები დაიცვან, ავადმყოფობის მცირე ნიშნების მქონეთ კი, კლუბმა სთხოვა, მატჩზე დასწრებისგან თავი შეიკავონ.

შეგახსენებთ, რომ რომში გამართული მატჩი მასპინძლებმა 1:0 მოიგეს, ამდენად, ყველაფერი დღევანდელ შეხვედრაში გაირკვევა, რომელიც სტარტს თბილისის დროით 21:55 საათზე აიღებს.

ცხადია, ქართველი ქომაგისთვის ყველაზე მეტად საინტერესო ისაა, მოედანზე ჩაკვეტაძესა და ქვილითაიას თუ ვიხილავთ. საქართველოს ნაკრების ორივე ფეხბურთელი განაცხადშია, თუმცა, საფეხბურთო ვებგვერდების უმეტესობის აზრით, ისინი თადარიგში იქნებიან.

მხოლოდ თურქული haber365.com-ის ვერსიით, ორივე ქართველი ლეგიონერი სასტარტო თერთმეტეულში მოიაზრება.

კომენტარები

ბოლო ამბები