Thumbnail

'კანონი არ დაგვირღვევია' - სვანიძე აუდიტის დასკვნას და აბუსერიძეს პასუხობს

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • საქართველოს რაგბის კავშირის არჩევნები უკვე 2-ჯერ გადაიდო
  • დაინტერესებულ მხარეებს შორის დაპირისპირებას ბოლო არ უჩანს
  • გოჩა სვანიძემ და ირაკლი აბუსერიძემ პირველი არხის გადაცემა "ახალ დღეში" ისაუბრეს

საქართველოს რაგბის კავშირის საპრეზიდენტო არჩევნები ჯერ 30 იანვარს უნდა ჩატარებულიყო, შემდეგ კი 24 თებერვალს, მაგრამ ორივეჯერ გადაიდო: პირველი შეთანხმების საფუძველზე, მეორეჯერ კი დელეგატების ქვორუმი არ შედგა.

პრეზიდენტობის ერთ-ერთი კანდიდატი ირაკლი აბუსერიძე მოქმედ პრეზიდენტსა და ასევე კანდიდატ გოჩა სვანიძეს აუდიტის დასკვნიდან გამომდინარე, კონკრეტულ კითხვებზე პასუხს სთხოვს, სვანიძეს კი თავისი არგუმენტები აქვს.

გოჩა სვანიძე

ამ თემებზე ორივე მათგანმა პირველი არხის გადაცემა "ახალ დღეში" ისაუბრა. აუდიტის დასკვნასთან დაკავშირებით, განმარტებები აბუსერიძის გუნდის წევრმა, ვეტერანმა მორაგბე სანდრო საკანდელიძემ გააკეთა...  

ირაკლი აბუსერიძე (რაგბის კავშირის პრეზიდენტობის კანდიდატი): "ჩემი აზრით, სადავო საკითხები რაგბის თემში უნდა განხილულიყო და შემდეგ, საპრეზიდენტო არჩევნები გაცილებით მშვიდ ვითარებაში ჩატარდებოდა. რაც შეეხება განვლილი 4 წლის შეჯამებას, თვითონ გოჩა სვანიძემ განაცხადა, რომ პროგრამაში გაწერილი გეგმების მხოლოდ 20% შესრულდა, რაც აისახება კიდეც შედეგებზე. პროგრამას შესრულება უნდა და ჩვენ ამისთვის მზად ვართ. კიდევ ერთხელ ვამბობ, შევხვდეთ, ყველა სადავო საკითხი გავიაროთ და შემდეგ, არჩევნები სტაბილურ გარემოში ჩავატაროთ".

'რა თანხაც ირიცხებოდა ამ კომპანიაში, 45% ბრუნდებოდა რაგბის კავშირში ხელფასებისთვის...'

სანდრო საკანდელიძე (ვეტერანი მორაგბე): “აუდიტის დასკვნის საფუძველზე, გაჩნდა რამდენიმე კითხვა: რატომ მოხდა, რომ ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც რაგბის კავშირს 1 700 000 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში ერგებოდა, შევცვალეთ ახალი ხელშეკრულებით, საიდანაც მხოლოდ 800 000 დოლარი მივიღეთ. განმარტეს, რომ ამ 800 000 დოლარს ერთი წლით ადრე ავიღებდით, მაგრამ ამის გამო 900 000 დოლარის დაკარგვა მგონი, არ ღირდა.

ჯერ კიდევ არ  არის ცნობილი რაგბის კავშირის 2018 წლის ფინანსური ანგარიში, სადაც ეჭვის დონეზე დიდი ზარალია ნაჩვენები. დღეს, 2019 წლის ანგარიშს უნდა ვაჯამებდეთ და ამ დროს, 2018 წლის ინფორმაციაც არ გვაქვს. მაგალითად, ადმინისტრაციული კადრების ხელფასები გასამმაგებული იყო. თანხა 900 000 ლარიდან 3 მილიონამდე ავიდა და ეს საკითხიც გასარკვევია. 

აუდიტის დასკვნაში საუბარია კვების ხარჯებზეც, რომელოიც 2018 წელს 800 000 ლარს შეადგენდა. დასკვნაში პირდაპირ წერია, რომ ერთ-ერთ მომწოდებელთან შეწყდა ურთიერთობა და ხელშეკრულება გაფორმდა სხვა კომპანიასთან, რომელიც ორი თვით ადრე, რაგბის კავშირის წევრების მიერ შეიქმნა. რა თანხაც ირიცხებოდა ამ კომპანიაში, 45% ბრუნდებოდა რაგბის კავშირში ხელფასებისთვის. მოკლედ, ძალიან ბევრი კითხვაა და ამაზე პასუხები გვინდა".

'ერთია მენეჯმენტის პრობლემა, გარკვეული ხარვეზი და მეორე, კანონდარღვევა, რაზეც დასკვნაში არაფერია ნათქვამი'

გოჩა სვანიძე (რაგბის კავშირის პრეზუდენტი): “ბევრი ფაქტია დამახინჯებული ჩვენს წინააღმდეგ. დავიწყოთ იმით, რომ ჩვენ არ ვართ სახელმწიფო სამსახური და შესაბამისად, ჩვენზე არ ვრცელდება სახელმწიფო სამსახურებისთვის განკუთვნილი რეგულაციები. აუდიტის დასკვნაში არის მხოლოდ რეკომენდაციები, თუ როგორ უნდა გაუმჯობესდეს მენეჯმენტი და იქ არსად წერია, რომ კანონია დარღვეული.

ეს მუშა პროცესია და რა თქმა უნდა, ვეცდებით მენეჯმენტის ოპტიმიზაციას. არ არსებობს ორგანიზაცია, სადაც ყველაფერი იდეალურადაა და სადაც მენეჯმენტს განახლება არ სჭირდება, მაგრამ ერთია მენეჯმენტის პრობლემა, გარკვეული ხარვეზი და მეორე, კანონდარღვევა, რაზეც დასკვნაში არაფერია ნათქვამი.

რაც შეეხება იმას, თუ რატომ არ გავარჩიეთ ეს საკითხები რაგბის თემში. ამ კითხვაზე აუცილებლად უნდა გავცე პასუხი, რადგან პირველ რიგში, მე ვიყავი დაიმტერესებული, რომ ეს მომხდარიყო. თვეები ველოდი აუდიტის პირველად დასკვნას და არა და არ დაადგეს საშველი. გასული მსოფლიო თასის დროს, იაპონიიდანაც კი ვითხოვდი, რომ პროცესი გონივრულ ვადაში დასრულებულიყო და არჩევნებს მშვიდ ვითარებაში შევხვედროდით.

სამწუხაროდ, პირველადი დასკვნა 20 დეკემბერს, ზუსტად წინასაარჩევნო პერიოდში დაიდო, რამაც ამ გაუგებრობამდე მიგვიყვანა. არ ვიცი, ეს გამიზნულად მოხდა, თუ უნებლიედ, თუმცა, ფაქტია, რომ აღნიშნულმა ვითარება დაძაბა”. 

რაგბის კავშირის პრეზიდენტის არჩევნები

🏉 საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტის არჩევნები ქვორუმის არარსებობის გამო ჩაიშალა - პრეზიდენტობის კანდიდატები სტუმრად #ახალდღეში 🎬 სტუმრები: ირაკლი აბუსერიძე - რაგბის კავშირის პრეზიდენტობის კანდიდატი სანდრო საკანდელიძე - ვეტერანი მორაგბე გოჩა სვანიძე - რაგბის კავშირის პრეზიდენტი გიორგი გიგაშვილი - ვეტერანი მორაგბე, აუდიტორი 🎬 ავტორი: ლუკა ჭოჭუა 👉გადაცემა სრულად 👉 https://1tv.ge/show/akhali-dghe/ #ახალიდღე ☀

Posted by ახალი დღე on ოთხშაბათი, 26 თებერვალი, 2020

კომენტარები

ბოლო ამბები