Thumbnail

იუვენტუსი ლიონში დამარცხდა - ყველაფერი ტურინში გადაწყდება

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური

ლიონში, "სტად დე ლიუმერზე" ჩემპიონთა ლიგის პირველი ⅛-ფინალური დაპირისპირება გაიმართა, რომელშიც ადგილობრივ გუნდს ტურინის იუვენტუსი დაუპირისპირდა. ლიონმა მინიმალური ანგარიშით მოიგო და ამ წყვილში ყველაფერს საპასუხო მატჩი გაარკვევს, რომელიც 18 მარტს ტურინში გაიმართება.  

თამაში არცთუ მაღალ ტემპში წარიმართა, პირველი საფრთხე ტურინელთა კართან კი 21-ე წუთისთვის, ლიონელთა მოწოდებულ კუთხურს მოჰყვა. ტოკო ეკამბის თაურის შემდეგ, ბურთი ხარიხამ უკუაგდო. 

მასპინძლებმა გატანა მალევე მოახერხეს და ამას წინ მატეის დე ლიხტის ტრავმა უძღოდა. ტურინელთა ნიდერლანდელ ცენტრალურ მცველს თავიდან სისხლი წასკდა და სანამ ჭრილობას უხვევდნენ, ლიონის მორიგი შეტევა გოლით, სწორედ დე ლიტხიტს ზონიდან, ლუკა ტუსარმა დააგვირგვინა.

📺 1:0 ტუსარი (31')

პირველ ტაიმში ტურინული გრანდი ძალიან პასიური იყო და ღირებული არაფერი შეუქმნია. იუვენტუსი შესვენების შემდეგ შედარებით გააქტიურდა და ბურთსაც დიდწილად ფლობდა, თუმცა ლიონის კართან რეალურ ხიფათს მაინც ვერ ქმნიდა.

ბოლო ნახევარ საათში მაურიციო სარიმ მოედანზე ჯერ აარონ რემზი, შემდეგ კი გონსალო იგუაინი და ბოლოს ფედერიკო ბერნარდესკი შეუშვა. ლიონის დაცვაში ხვრელები ბოლოს და ბოლოს მაინც გაჩნდა. ერთ ეპიზოდში კრიშტიანო რონალდო პენალტსაც ითხოვდა, თუმცა ამაოდ.

📺 რონალდოს მომენტი

მატჩის მიწურულს იყო იუვენტუსის შტურმი და პაოლო დიბალას გოლიც, ოღონდ არგენტინელზე თამაშგარე მდგომარეობა სამართლიანად დაფიქსირდა. 

ანგარიში აღარ შეცვლილა და ამ წყვილში ყველაფერს საპასუხო, ტურინული მატჩი გადაწყვეტს, რომელიც იტალიაში გავრცელებული კორონავირუსის გამო, როგორ ვითარებაში ჩატარდება, წინასწარ ძნელი სათქმელია. 

დე ლიხტმა ლიონში ბევრი  სისხლი დაღვარა

საინტერესო ფაქტები

⚽ ლიონს 2016 წლის დეკემბრიდან მოყოლებული, ჩემპიონთა ლიგაში საშინაო მატჩი არ წაუგია - 2 მოგება, 7 ფრე.

⚽ ფრანგულმა გუნდმა ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფში გამარჯვება პირველად მოახერხა 2012 წლის შემდეგ (აპოელ-თან 1:0).

⚽ ამ სეზონში მეორედ მოხდა, რომ იუვემ თამაშში გოლი ვერ გაიტანა. პირველად ეს სერია A-ში ფიორენტინასთან მოხდა (0:0).

⚽ კრიშტიანო რონალდოს ცუდი სტატისტიკა ჩემპიონთა ლიგაში - 25 საჯარიმო დარტყმა, 0 გოლი.

ლიონი 1:0 იუვენტუსი

გოლი: 1:0 ტუსარი (31').

ლიონი (3-5-2): ლოპეში - დენაიერი, მარსელო, მარსალი - დიუბუა (ტეტე, 78'), ბრუნო,  ტუსარი, აუარი, კორნე (ი.ანდერსენი111, 81')- ტოკო-ეკამბი (ტერიე, 66'), დემბელე.

იუვენტუსი (4-3-3): შჩესნი - დანილო, ბონუჩი, დე ლიხტი, ალეკს სანდრო - ბენტანკური, პიანიჩი (რემზი, 62'), რაბიო (ბერნარდესკი, 78') - კუადრადო (იგუაინი, 70'), დიბალა, რონალდო.

კომენტარები

ბოლო ამბები