Thumbnail

არსენალი კაპიტანს გაყიდის - ობამეიანგს ლონდონში დარჩენა აღარ სურს

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • ლონდონელები თავის კაპიტანთან კონტრაქტის გახანაგრძლივებაზე ვერ თანხმდებიან
  • 30 წლის გაბონელი თავდამსხმელით ბარსელონა და მილანის ინტერი ინტერესდებიან
  • სავარაუდოდ, ლონდონის არსენალი პიერ-ემერიკ ობამეიანგს ზაფხულში გაყიდის

ლონდონის არსენალის თავდამსხმელი პიერ-ემერიკ ობამეიანგი, როგორც ჩანს, ინგლისურ კლუბს ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში დატოვებს. ინგლისური მედიის ინფორმაციით, ვინაიდან საფრანგეთში დაბადებული გაბონელი ხელშეკრულების გახანაგრძლივებაზე უარს ამბობს, არსენალი მზადაა, მისი გაყიდვის ვარიანტი განიხილოს. 

ცნობილია, რომ გაბონის ნაკრების 30 წლის ფეხბურთელის დამატებით დაინტერესებულნი ბარსელონა და მილანის ინტერი არიან. 

პიერ-ემერიკ ობამეიანგს კლუბთან კონტრაქტი 2021 წლის ზაფხულში ეწურება, ლონდონელებს კი მისი უფასოდ დათმობა არ სურთ. ცნობილია, რომ თავად ფეხბურთელს, რომელსაც ჩემპიონატებსა თუ ევროტურნირებზე ტიტული არასდროს მოუგია, ჩემპიონთა ლიგაში თამაში ძალიან სურს. 

30 წლის თავდამსხმელი არსენალს შესაძლოა ზაფხულში დაემშვიდობოს

იუწყებიან, რომ თუკი პიერ-ემერიკ ობამეიანგი არსენალში დარჩენას მაინც დააპირებს, ისეთივე ხელფასს მოითხოვს, როგორიც გუნდის ნახევარმცველ მესუთ იოზილს აქვს - კვირაში 350 ათას ევროზე მეტს. ამ იდეას კი კლუბში სკეპტიკურად უყურებენ, რამდენადაც ასეთი თანხის გადახდას ისეთი ფეხბურთელისთვის, რომლის კარიერა მალე დასრულებისკენ წავა, არ აპირებენ. 

პიერ-ემერიკ ობამეიანგი ლონდონის არსენალში 2018 წელს, დორტმუნდის ბორუსიიდან გადავიდა. "მეთოფეების" კაპიტანმა მიმდინარე სეზონში პრემიერლიგის 25 მატჩში 17 გოლი და ერთი შედეგიანი პასი მიითვალა. 

ლონდონის არსენალი პრემიერლიგაში გასული 27 ტურის შემდეგ, სატურნირო ცხრილში 37 ქულით მე-9 პოზიციას იკავებს. ევროპალიგის მიმდინარე გათამაშებაში მიკელ არტეტას გუნდს 1/16-ფინალში მეტოქედ ბერძნული ოლიმპიაკოსი ჰყავს, რომელსაც პირველი მატჩი სტუმრად მოუგო - 1:0. 

კომენტარები

ბოლო ამბები