Thumbnail
  • დუბლინში 5 ათას იტალიელს ელიან, რაც შემაშფოთებელია
  • ვირუსის გამო, რამდენიმე სარაგბო მატჩი უკვე გადაიდო

კორონავირუსი, რომელიც მოკლე ხანში მთელი მსოფლიოს თავისტკივილად იქცა, სარაგბო სამყაროსაც უტევს. ბოლო ინფორმაციით, შესაძლოა, ჩაიშალოს ირლანდიისა და იტალიის ნაკრებთა მატჩი, რომელიც 6 ერის ეგიდით 7 მარტს უნდა შედგეს.

მე-4 ტურის შეხვედრა დუბლინის ავივა სთედიუმზეა დაგეგმილი, თუმცა, მასზე დასწრებას 5 ათასამდე იტალიელი ქომაგი აპირებს, რაც ირლანდიაში ძალიან აშფოთებთ.

მოგეხსენებათ, ამჟამად, ვირუსი იტალიის ერთბაშად სამ რეგიონში – ვენეტოში, ლომბარდიასა და ემილია-რომანოში მძვინვარებს, ოფიციალური ინფორმაციით, უკვე 280 ადამიანია დაავადებული, 11 კი გარდაიცვალა.

ამ ფონზე ირლანდიელების წუხილი სრულიად გასაგებია, რაზეც ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრმა საიმონ ჰარისმა ისაუბრა.

“შემიძლია გითხრათ, რომ ირლანდია-იტალიის მატჩზე კონკრეტული რეკომენდაცია უკვე შევიმუშავეთ. სპეციალურ სხდომაზე სრული კონსენსუსი გვქონდა. ეს თამაში არ უნდა ჩატარდეს, რადგანაც ინფიცირებული რეგიონიდან დიდი რაოდენობით ადამიანების მიღება მაღალი რისკის შემცველია. აღნიშნულის თაობაზე ირლანდიის რაგბის კავშირთან საუბარს ვაპირებთ”.

ცნობისთვის, კორონავირუსის ეპიდემიის გამო, უკვე ჩაიშალა იტალიისა და ირლანდიის ქალთა ნაკრებების დაპირისპირება ასევე ექვს ერზე და პრო 14-ს მატჩები: ძებრე-ოსპრისი და ბენეტონი-ოლსტერი.

კომენტარები

ბოლო ამბები