Thumbnail
  • 📅 6-7 მარტი | ⌚ 20:00 | 🎾 საქართველო V ესტონეთი | 📺 პირველი არხი
  • ქართველი ჩოგბურთელები მსოფლიო ჯგუფი II-ს პლეი ოფში ითამაშებენ

საქართველოს ვაჟ ჩოგბურთელთა ნაკრები მზადებას იწყებს დევისის თასის მსოფლიო ჯგუფი II-ს პლეი ოფისთვის, სადაც მეტოქედ ესტონეთი ეყოლება.

მომავალ დაპირისპირებას თბილისი, კერძოდ კი, ალექსანდრე მეტრეველის სახელობის საჩოგბურთო კომპლექსი “მზიური” უმასპინძლებს.

შემადგენლობების მიხედვით, საქართველოს ნაკრები მოახლოებული შეხვედრის აშკარა ფავორიტად უნდა მივიჩნიოთ.

ჩვენი გუნდის ლიდერი ნიკოლოზ ბასილაშვილი იქნება, რომელსაც ATP-ს მიმდინარე რეიტინგში 29-ე ადგილი უკავია.

მის გარდა, ქვეყნის ღირსებას ალექსანდრე მეტრეველი (558-ე), ალექსანდრე ბაკში (850-ე), გიორგი ცივაძე (861-ე) და ზურა ტყემალაძე (ურეიტინგო) დაიცავენ.

გუნდის კაპიტანი ტრადიციულად დავით კვერნაძე იქნება.

საქართველოს ნაკრები ესტონეთს თბილისში ეთამაშება

ესტონელთა პირველი ჩოგანი კრისტიან ტამი კლასიფიკაციაში მხოლოდ 726-ეა და სიძლიერით ვერც სხვა ჩოგბურთელები გამორჩევიან.

ვლადიმირ ივანოვი 761-ეა, დანიილ გლინკა – 1027-ე, მატიას სიიმარი და ოლივერ ოიაკაარი კი რეიტინგში არ ფიგურირებენ.

ესტონელთა კაპიტანი ეკკე ტიიდემანი გახლავთ.

ცნობისთვის, ქართველ და ესტონელ ჩოგბურთელებს ერთხელ უკვე უთამაშიათ და შეხვედრაში, რომელიც მე-III ჯგუფის ეგიდით შედგა, ჩვენმა ნაკრებმა 2:0 იმარჯვა.

ალექსანდრე მეტრეველმა ვლადიმირ ივანოვს 6:3, 7:6 (7:5) სძლია, ნიკოლოზ ბასილაშვილმა კი იურგენ ზოპს 3:6, 6:2, 6:4 სძლია.

საქართველოსა და ესტონეთის მატჩის წილისყრა 5 მარტს 11:30 საათზე ჩატარდება, თამაშები კი 6-ში 10:45 საათიდან დაიწყება, ხოლო 7-ში – 10:00-დან.

თუკი ქართველმა ჩოგბურთელებმა გამარჯვება იზეიმეს, მსოფლიო ჯგუფი I-ში გადასასვლელ პლეი ოფში თამაშის უფლებას მიიღებენ, რომელიც წლეულს სექტემბერშია დაგეგმილი.

კომენტარები

ბოლო ამბები