Thumbnail

მოგებული მარათონი ლიეტუველთან - ბასილაშვილი დუბაის ტურნირის მერვედფინალშია

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • ნიკოლოზ ბასილაშვილი 5:7, 7:6, 6:3 რიკარდას ბერანკისი
  • ქართველი ჩოგბურთელის მომდევნო მეტოქე ჯერ ცნობილი არ არის

28 წლის ნიკოლოზ ბასილაშვილი (29) დუბაის საერთაშორისო ტურნირში ჩაერთო, სადაც პირველ წრეში ლიეტუველ რიკარდას ბერანკისს (62) შეხვდა - 5:7, 7:6 (7:2), 6:3. შეხვედრა 2 საათსა და 40 წუთს გაგრძელდა.

პირველ სეტში 3:2-ზე ნიკამ ბერანკისის მოწოდება აიღო და 4:2 დაწინაურდა, მაგრამ იქვე დაკარგა საკუთარი მოწოდება, 4:4-ზე კი კიდევ ერთხელ დათმო მოწოდება. ლიეტუველი სეტზე აწოდებდა, თუმცა ნიკამ მეორე ცდით შეძლო ბრეიქ პოინტის მოპოვება, ანგარიში გათანაბრდა - 5:5.  ნიკამ საკუთარი მოწოდება ვერა და ვერ მოიგო, ბერანკისმა მესამე ცდაზე შეასრულა ბრეიქი. ბოლო გეიმიც ძალზე დაძაბული გამოდგა - ლიეტუველმა მხოლოდ მეხუთე სეტ პოინტით მოიგო - 5:7. პირველი სეტი 48 წუთს გაგრძელდა.

მეორე სეტში ჩოგბურთელები გაჭირვებით, მაგრამ თავიანთ მოწოდებებს იგებდნენ. საქმე ტაი ბრეიკამდე მივიდა. ტაი ბრეიკი ქართველმა ჩოგბურთელმა ბრწყინვალედ ითამაშა და 7:2 მოიგო.

გადამწყვეტი სეტი ბასილაშვილის ბრეიქით დაიწყო. ნიკამ შეძლო სეტის ბოლომდე მიყვანა და გამარჯვება, როგორც სეტში ისე დუელში. 

1/8 ფინალში ბასილაშვილის მეტოქის ვინაობა ამ წუთებში ირკვევა მე-5 ნომრად განთესილი ესპანელი ბაუტისტა-აგუტისა და გერმანელი შტრუფის მატჩში.

LIVE რეიტინგში ნიკას 1 395 ქულა აქვს და ის 26-ე პოზიციაზეა. ამ ტურნირის მოგების შემთხვევაში, ბასილაშვილი ტოპ-20-ეულში შევა. 

დუბაის ტურნირის საპრიზო ფონდი 2 950 420 ევროა. ცნობისთვის, ბასილაშვილმა დუბაის ტურნირზე შარშანაც ითამაშა და საკმაოდ წარმატებითაც, რადგანაც მეოთხედფინალამდე მისვლა და 90 სარეიტინგო ქულის გამომუშავება მოახერხა.

ჩოგბურთელმა პირველ წრეში მე-4 ნომრად განთესილ რუს კარენ ხაჩანოვს 6:4, 6:1 მოუგო, მერვედფინალში სწორედ ხსენებულ ბაუტისტა აგუტს 6:7 (2:7), 6:4, 6:3 სძლია, შემდეგ კი მე-6 განთესვის მქონე ხორვატ ბორნა ჩორიჩთან 6:4, 2:6, 6:7 (1:7) დამარცხდა.

კომენტარები

ბოლო ამბები