Thumbnail

მიხეილ ჩხენკელმა ქართველ კალათბურთელებს უმასპინძლა

  • მინისტრმა საქართველოს ნაკრებს შესარჩევი ეტაპის წარმატებულად დაწყება მიულოცა
  • მიხეილ ჩხენკელმა 2021 წლის ევრობასკეტის მასპინძლობაზეც ილაპარაკა

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ჩხენკელი საქართველოს საკალათბურთო ნაკრებს შეხვდა და 2021 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის წარმატებულად დაწყება მიულოცა. შეხვედრას მინისტრის მოადგილე შალვა გოგოლაძე, კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი პაატა გურასპაული, ეროვნული ნაკრების მოთამაშეები, მწვრთნელები და ფედერაციის ხელმძღვანელები ესწრებოდნენ. 

საქართველოს ნაკრებმა თბილისში შვეიცარია, ხოლო ბელგრადში მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო გუნდი, სერბეთის ნაკრები დაამარცხა და საკვალიფიკაციო ეტაპის ჯგუფს სათავეში ჩაუდგა.

კალათბურთელებთან შეხვედრაზე, მინისტრმა 2021 წლის ევრობასკეტის მასპინძლობასა და ახალი სპორტის სასახლის მშენებლობის საკითხზე ისაუბრა. მიხეილ ჩხენკელმა აღნიშნა, რომ სპორტული კომპლექსის გახსნის შემდეგ, დედაქალაქში შეიქმნება ახალი საკალათბურთო კერა, რომლის მთავარი ნაწილი 10 000 გულშემატკივარზე გათვლილი, მულტიფუნქციური სპორტული დარბაზი იქნება.

“პირველ რიგში, გილოცავთ ევრობასკეტის შესარჩევი ეტაპის წარმატებულად დაწყებას! შვეიცარიის ნაკრების დამარცხებითა და მსოფლიო კალათბურთის გრანდთან - სერბეთთან გამარჯვებით ქართველ გულშემატკივრებს უდიდესი სიხარული მოგვანიჭეთ. მოუთმენლად ველით ევროპის ჩემპიონატის დაწყებას, რომელსაც თბილისი უმასპინძლებს. სპორტის სასახლე, რომლის მშენებლობაც აქტიურ ფაზაშია, გააჩენს ახალ საკალათბურთო კერას. ბუნებრივია, ევრობასკეტის შემდეგ, ეს კერა სპორტული თვალსაზრისით დატვირთული უნდა იყოს. სპორტული კომპლექსის მომავალს მასობრივი სპორტის განვითარებას ვუკავშირებთ. ამ კუთხით, განსაკუთრებით მნიშნელოვანია სპორტსმენების ჩართულობა, რათა ახალგაზრდა თაობას შევაყვაროთ სპორტი და აქტიურად დავნერგოთ ჯანსაღი ცხოვრების წესი.“ - განაცხადა კალათბურთელებთან შეხვედრის დროს მიხეილ ჩხენკელმა.

კომენტარები

ბოლო ამბები