Thumbnail

თუ კორონავირუსი ხელს არ შეუშლის - სუმოს ახალი ბანძუკე, ტოჩინოშინი დაქვეითდა

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • სუმოს ასოციაციამ ახალი ბანძუკე გამოაქვეყნა
  • მარტის ბაშო ოსაკაში გაიმართება
სუმოისტები ოსაკაში ჩავიდნენ

იაპონიის სუმოს ასოციაციამ ახალი რეიტინგ-ლისტი (ბანძუკე) გამოაქვეყნა, რომელშიც ქართველ სუმოისტებს მორიგი რეგრესი აქვთ.

ყოფილი ოძეკი ტოჩინოშინი (ლევან გორგაძე) დასავლეთის მე-9 მაეგაშირა გახდა. იანვარში ტოჩინოშინი მე-6 მაეგაშირა იყო, მაგრამ ბაშო 5-10 ბალანსით დაასრულა. ასე დაბლა რეიტინშგი ტოჩინოშინი 2017 წლის მაისის შემდეგ არ ყოფილა - მაშინ ის მე-10 მაეგაშირას სტატუსით ჭიდაობდა. 

ძალზე რთულად აქვს საქმე გაგამარუს (თეიმურაზ ჯუღელი) ის მესამე დივიზიონ მაკუშიტაში 44-ე ნომრამდე დაქვეითდა. 

21-ე საუკუნეში პირველად მოხდა, რომ ოძეკის რანგში მხოლოდ ერთი სუმოისტი იჭიდავებს - ტაკაკეიშო. დიდი ჩემპიონის რანგში ჰარუ ბაშოზე ჰაკუჰო და კაკურიო იჭიდავებენ. 

ტოჩინოშინ ცუიოში

კლუბი: კასუგანო

რანგი: მე-9 მაეგაშირა

ასაკი: 32 წლის

სიმაღლე/წონა: 191 სმ, 177 კგ

სტატისტიკა: 83 ბაშო (63 უმაღლესში), 563 გამარჯვება (444)

ტიტულები: იმპერატორის თასი (2018 წ), 4 ვიცე-ჩემპიონობა, 3 გინო-შო, 2 შუკუნ-შო, 6 კანტო-შო, 2 კინბოში

სეკივაკეს რანგში ასანოიამა და შოდაი იჭიდავებენ, ხოლო კომუსუბის რანგში - ჰოკუტოფუჯი და ენდო. იანვრის ბაშოს გამარჯვებული ტოკუშორიო მე-2 მაეგაშირა გახდა.

ჰარუ ბაშო ქალაქ ოსაკაში 8-22 მარტს გაიმართება... თუ კორონავირუსი ხელს არ შეუშლის. ეპიდემიის შემთხვევაში, სუმოს ასოციაცია ჰარუ ბაშოს გაუქმებაზე დაფიქრდება.

კომენტარები

ბოლო ამბები