Thumbnail

აქედან გამაღწევინა... რეალში | ედენ აზარს ჩელსი ალბათ ვეღარ დააკავებს

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • სიტი-ჩელსის მატჩის შემდეგ ედენ აზარის მოთმინების ფიალა აივსო.
  • 27 წლის ბელგიელს ანტონიო კონტეს სტრატეგია არ მოსწონს.
  • ნახევარმცველის მომავალს მადრიდის რეალს უკავშირებენ.

შეიძლება ითქვას, ლონდონის ჩელსის ნახევარმცველი ედენ აზარი მზადაა, სეზონის ბოლოს მადრიდის რეალში გადაბარგდეს. The Telegraph-ის ცნობით, ბელგიელი ფეხბურთელი უკმაყოფილოა ჩელსის მთავარი მწვრთნელის ანტონიო კონტს მუშაობის მეთოდებით, კარიერის გაგრძელების საუკეთესო ვარიანტად კი სწორედ "სამეფო კლუბში" გადაბარგებას მიიჩნევს.

როგორც ჩანს, ედენის მოთმინების ფიალა პრემიერლიგის 29-ე ტურში, სიტისთან ანგარიშით 0:1 წაგებული შეხვედრის შემდეგ აივსო. აზარმა, რომელმაც 90 წუთის განმავლობაში უფრო ცოტა პასი გააკეთა, ვიდრე სიტის მეკარე ედერსონმა, პირდაპირ თქვა: 

"ალბათ, ბურთს მაინც ვერ შევეხებოდი, სამი საათიც რომ გვეთამაშა. პირადად მე მიჭირს თამაში, როდესაც მატჩში ბურთს სულ სამჯერ ვიღებ..."

აზარისგან განსხვავებით, ღიად საუბარსა და ვარაუდების გამოთქმას არ ერიდება ლივერპულის ყოფილი ფეხბურთელი ჯეიმი კარაგერი, რომელიც ამჟამად ტელევიზიაში ექსპერტად მუშაობს.  

"100%-ით დარწმუნებული ვარ, სიტისთან თამაშის შემდეგ აზარი ტელეფონით აგენტს დაუკავშირდა და უთხრა: "გამაღწევინე აქედან". ის მოედანზე თავისთვის დარბოდა, არ ეხებოდა ბურთს. მგონია, რომ ამ თამაშის შემდეგ ჩელსის ძალიან გაუჭირდება მისი შენარჩუნება", - თქვა კარაგერმა Sky Sports-ის ეთერში. 

ამასთან, The Times-ისთვის ცნობილი გახდა, რომ ბელგიელი ჩელსისთან ახალ კონტრაქტზე მოლაპარაკებებს გადადებს, რათა სხვა ვარიანტები განიხილოს. ამჟამინდელი ხელშეკრულება კი 2020 წლამდეა გათვლილი.

მიმდინარე სეზონში 27 წლის ნახევარმცველმა პრემიერლიგის 25 მატჩში ითამაშა და 11 გოლი გაიტანა. 

ჩელსიმ ჩემპიონატის ბოლო ხუთი მატჩიდან ოთხი წააგო და სატურნირო ცხრილში მეხუთე ადგილზეა. 

კომენტარები

ბოლო ამბები