Thumbnail
  • არსენალისა და საფრანგეთის ნაკრების ექს-ფორვარდმა თავის ოცნებებზე ისაუბრა
  • 42 წლის სპეციალისტს ლონდონური გუნდის მთავარი მწრთნელობა ძალიან სურს
  • ტიერი ანრის კიდევ ერთი ოცნება კალათბურთს უკავშირდება

ლონდონის არსენალისა და საფრანგეთის ნაკრების ყოფილი ფორვარდი ტიერი ანრი, რომელიც ამჟამად MLS-ის კლუბ მონრეალში მთავარი მწვრთნელის თანამდებობას იკავებს, ერთ დღეს "მეთოფეების" გაწვრთნაზე ოცნებობს.

ტიერი ანრი ინგლისის პრემიერლიგის საუკეთესო ბომბარდირი 4-ჯერ გახდა

"მართლა ვოცნებობ არსენალის მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე, მაგრამ ასევე ვოცნებობ, გავირბინო კალათბურთის მოედანზე და სლემ-დანქი შევასრულო. ეს არ ნიშნავს, რომ ეს ყველაფერი ახდება, მაგრამ სანამ ცოცხალი ვარ, მართლა მსურს ამ კლუბში მთავარ მწვრთნელად მუშაობა. ამის განხორციელება რთული ჯერ კიდევ გუნდიდან არსენ ვენგერის წასვლამდე იყო", - ამბობს 42 წლის ფრანგი.

ტიერი ანრი ლონდონის არსენალის ღირსებას 1999-2007 წლების პერიოდში იცავდა. საფრანგეთის ნაკრების თავდამსხმელმა ლონდონური კლუბის მაისურით 250-ზე მეტი გოლი გაიტანა და 7 ტიტული, მათ შორის 2-ჯერ პრემიერლიგის ჩემპიონობა მოიგო. ანრი ლონდონურ კლუბში 2012 წელს, ხანმოკლე იჯარით დაბრუნდა და რამდენიმე მატჩში ითამაშა. 

ფეხბურთელის კარიერის დასრულების შემდეგ, ტიერი ანრი ჯერ არსენალის ასაკობრივ გუნდში, შემდეგ კი ბელგიის ეროვნული ნაკრების სამწვრთნელო შტაბში ასისტენტად მუშაობდა. ფრანგი სპეციალისტი, როგორც მთავარი მწვრთნელი, ცოტა ხნით მონაკოს წვრთნიდა, 2019 წლის ნოემბრიდან კი ის ამერიკული მონრეალის მთავარი მწვრთნელი გახდა. 

ლონდონის არსენალს ამჟამად მიკელ არტეტა წვრთნის. ინგლისის პრემიერლიგაში გასული 27 ტურის შემდეგ, "მეთოფეებს" 37 ქულა აქვთ და სატურნირო ცხრილში მე-9 პოზიციას იკავებენ. 

კომენტარები

ბოლო ამბები